"ლელოს" ინფორმაციით, სანაია საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივში" დაბრუნდა, სადაც პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად ორი წლის წინაც მუშაობდა.
- "ლოკომოტივში" სპორტული დირექტორი ვიქნები და ამ ეტაპზე ბავშვთა მიმართულებას ვუხელმძღვანელებ. ეს ძალიან საინტერესო სამუშაოა და მინდა, მადლობა გადავუხადო "ლოკომოტივის" პრეზიდენტ ლექსო თოფურიას ამ შემოთავაზებისთვის.
- სპორტული დირექტორობა ითვალისწინებს პირველი გუნდის სამწვრთნელო საქმიანობაში ჩარევას?
- სამუშაო ბევრი
- როდესაც "ლოკომოტივიდან" წახვედით, გუნდი მძიმე ფინანსურ კრიზისში იყო. ახლა რა მდგომარეობაა?
- ახლა ფინანსური კრიზისი არ არის და მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით. უმთავრესი მიზანი "ლოკომოტივის " უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა, რაც წლეულს აღარ გამოვა, მაგრამ მომავალი სეზონიდან ვეცდებით. კლუბს ყოველთვის სჭირდება სიახლეები, მით უმეტეს, რომ ახლა გუნდში კარგი თაობაა.
ერთი სიტყვით, "ლოკომოტივი" კარგ გზაზეა და ასე უნდა გავაგრძელოთ ახალგაზრდებზე დაყრდნობით.
- ფოთის "კოლხეთთან" საქმე გაარკვიეთ თუ დავობთ?
- სამწუხაროდ, ფოთიდან ჩემს მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი არ წამომიღია, ამიტომ დავის იურიდიული საფუძველი არ მაქვს. სიმართლე გითხრათ აღარც მინდა მათ რაიმეზე ვედავო, არც თანხაზე და არც სხვაზე. ფულს რა მნიშვნელობა აქვს, როცა მათი საქციელი არაეთიკური, არაადამიანური და არაპროფესიონალური იყო, იმედი მაქვს, "ლოკომოტივში" მსგავსი არ განმეორდება, ვიცი, აქ რა ხალხი მუშაობს და ლექსოსაც კარგად ვიცნობ.
- ყველა ქართველ მწვრთნელს არ აქვს პროლიცენზია, გული ხომ არ გწყდებათ, რომ უმაღლესი ლიგის გუნდმა არ მიგიწვიათ?
- წყენამ უკვე გადამიარა. ეტყობა, ბევრს არ აინტერესებს ის, რაც მე ვიცი. სამსახური, რომელიც "ლოკომოტივმა" შემომთავაზა, ჩემთვის საინტერესოა და ჩემს ცოდნას დაუზარებლად მოვახმარ "ლოკომოტივს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"