გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება 8 იანვარს დაიწყო. ორი დღე სამედიცინო შემოწმებას დაეთმო, რის შემდეგაც საწვრთნელი პროცესი "ზესტაფონის" ბაზაზე დაიწყო.
უამინდობის შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელობა პირველი მოსამზადებელი ეტაპის გამართვას თურქეთში გეგმავდა, მაგრამ ეს საჭირო არ გახდა - იანვრის დამდეგს საქართველოში დარია და გუნდების მწვრთნელებს საშუალება აქვთ,
"ზესტაფონი" სრული შემადგენლობით ვარჯიშობს, ავადმყოფობის გამო პირველი დღეები მხოლოდ შოთა გრიგალაშვილს გაუცდა. გუნდთან ერთადაა ექვსივე ახალწვეულიც - დავით მუჯირი, აბაიომი ოვონიკოკო, ლევან შარიქაძე, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია და ლუკა გუგუჩია. ამათგან პრობლემები მხოლოდ ოვონიკოკოს აქვს, რომელსაც მძიმე ტრავმის ბოლომდე მოშუშებამდე მცირედიღა აკლია და ჯერ ინდივიდუალურად მუშაობს, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს კი ნიგერიელი მალე დაიწყებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სრულად გამოჯანმრთელდნენ და სხვების მსგავსად იტვირთებიან გიორგი ხიდეშელი და ზურაბ მენთეშაშვილი. შეგახსენებთ, ხიდეშელმა მუხლის ჯვარედინი მყესები ივლისში, მოლდოვურ "დაჩიასთან" საჩემპიონთალიგო მატჩისას გაიწყვიტა და მას შემდეგ მკურნალობდა, მენთეშაშვილი კი, შეგვიძლია, ახალწვეულების კატეგორიაში გავიყვანოთ - მართალია, გამოცდილი ნახევარმცველი უკვე ერთი წელიწადია, "ზესტაფონის" ფეხბურთელია, მაგრამ მისი სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან გაჯანჯლდა და ახალ გუნდში ჯერაც არ უთამაშია. გუნდს დაუბრუნდა რატი წინამძღვრიშვილიც, რომელსაც ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურები ტრავმის გამო გაუცდა.
შეკრების მეორე დღიდან ჭიაბრიშვილმა გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაიყვანა. საწვრთნელ პროცესში აქტიურადაა ჩართული "ზესტაფონის" ფიზმომზადების სერბი მწვრთნელი ივან ვუჩეტიჩი.
რაც შეეხება კლუბიდან წასულებს, შეგახსენებთ, რომ ირაკლი ძარიამ თავისუფალი აგენტის სტატუსით თბილისის "დინამოს" მიაშურა, ნიკა გელაშვილი ახალი კლუბის ძიებაშია, სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი კი "ზესტაფონმა" სათამაშო პრაქტიკის მიზნით გაანათხოვრა - მიხეილ სარდალიშვილი და ნოდარ კიკნაველიძე "გაგრაში", ხოლო საბა ლომია - ბოლნისის "სიონში".
რამდენიმე დღეში "ზესტაფონი" პრეზენტაციას მოაწყობს, საზოგადოებას ახალწვეულებს წარუდგენს და მათ ინდივიდუალურნომრიან მაისურებს გადასცემს.
მოსამზადებელი ეტაპი კი ესპანური შეკრებით დასრულდება, სადაც "ზესტაფონი" კარგ ტრადიციას გააგრძელებს და საკმაოდ ძლიერ "მარბელას თასზე" მოსინჯავს ძალებს.
ამ ტურნირამდე კი ესპანეთში, სავარაუდოდ, ერთ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"