"მერანი" გიორგი მეგრელაძეს ეპატიჟება

AutoSharing Option
2012 წლის პირველი საკონტროლო მატჩი "მერანმა" გუშინ "ტორპედოსთან" გამართა და 0:2 დამარცხდა, შეკრება კი მარტვილელებმა 8 იანვარს დაიწყეს. მალხაზ ჟვანიას გუნდი ჯერ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობდა, უახლოეს დღეებში კი ფეხბურთელები უკვე თამაშებისთვის მოემზადებიან.

"მერანმა" უახლოესი სამი სპარინგი უკვე დაგეგმა - 19 იანვარს ბათუმის "დინამოს" შეხვდება, 22-ში - ოზურგეთის "მერცხალს", 24-ში - "ზესტაფონს". ამ მატჩებიდან ბოლო ზესტაფონში გაიმართება, დანარჩენები - ურეკულ შეკრებაზე.

ისევე, როგორც სხვა გუნდებში, სინჯები "მერანშიც" მიმდინარეობს, მაგრამ ნაკლებად მასშტაბური, რადგან მარტვილელებს განსაკუთრებული საკადრო პრობლემები არ აქვთ.

თუმცა ჟვანიასა
და მის ასისტენტებს ერთი სერიოზული საფიქრალი მაინც გაუჩნდათ - ძლიერი თავდამსხმელი ჰყავთ მოსაძებნი. საქმე ის არის, რომ "მერანის" შეტევის ლიდერი, კოტდივუარელი მუნინი ტაპე ოჯახური პრობლემების გამო იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და დიდი ალბათობით, საქართველოში აღარ ჩამოვა.

არადა, იგი გუნდისთვის დიდი ძალა იყო - 21 წლის აფრიკელმა ამ ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

"მერანი" აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ქუთაისის "ტორპედოდან" წასულ 33 წლის გიორგი მეგრელაძესთან. მარტვილელები გამოცდილ ფორვარდს კონტრაქტს ყოველგვარი სინჯების გარეშე სთავაზობენ და უახლოეს დღეებში გაირკვევა, მიაღწევენ თუ ვერა მხარეები შეთანხმებას.

ისინჯება თავდამსხმელი გიორგი ტორონჯაძე, რომელსაც ფარერის კუნძულებზე თამაშის გამოცდილება აქვს.

"მერანის" ორი ახალწვეული კი უკვე ცნობილია - თავდამსხმელი გოგა ბოხუა, რომელმაც მარტვილურ კლუბს ხარაგაულის "ჩხერიმელადან" მიაშურა, და ნახევარმცველი დავით მამუდოვი, რომელიც ბოლოს თურქეთში თამაშობდა. რომან კიკალიშვილი კი ძირითად გუნდში დუბლშემადგენლობიდან დააწინაურეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოო! ფარერის კუნძულებზე თუ აქვს გამოცდილება, ეგ იქნება უნივერსალი ფორვარდი! DDD
დევიდ აირონს
21:05 16-01-2012
0

სიახლეები პოპულარული