ანზორ სუხიაშვილი: იმედია, ნაკრებში თამაშის შანსი მომეცემა

AutoSharing Option
მარტვილის "მერანის" წარმატებულ თამაშში უდავოდ დიდი წვლილი შეაქვს გუნდის 23 წლის მარცხენა მცველ ანზორ სუხიაშვილს, რომელიც დაცვაშიც საიმედოა და შეტევაშიც აქტიურად მონაწილეობს.

ფეხბურთის თამაში 7 წლისამ დაიწყო საფეხბურთო სკოლა "შევარდენში" გოგი იაშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგ "ნორჩი დინამოელის" (მწვრთნელი თამაზ კოსტავა) შემადგენლობაში რეგიონლიგასა და პირველ ლიგაში მოსინჯა ძალები.

ერთხანს ზესტაფონში, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ითამაშა ეროვნულ ჩემპიონატში. იყო თბილისის "ამერშიც".

- "მერანში" როგორ მოხვდით?
- "ამერის" დაშლის შემდეგ შემოთავაზება მივიღე მარტვილიდან, მაშინ "მერანი" პირველ ლიგაში ასპარეზობდა. მისაღები პირობები იყო და კონტრაქტიც გავაფორმეთ, რომელიც
წლეულს, გაზაფხულზე მიმთავრდება. სამეგრელოში ფეხბურთი ძალიან უყვართ, სპორტის ეს სახეობა მარტვილში ბატონმა ფრიდონ ინჯიამ გააცოცხლა.

- გუნდში როგორი ატმოსფეროა?
- "მერანი" ჩვენი მეორე ოჯახია, ურთიერთობითაც და თამაშითაც შეკრული გუნდია, რასაც მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას ვუმადლით.

- ჩემპიონატის რომელ მატჩებს გაიხსენებდით?
- კლუბის ხელმძღვანელებმა, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ ქომაგებისთვის დღესასწაული მოგვეწყო. ბედნიერი ვარ, რომ დავამარცხეთ ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც თბილისის "დინამოა". მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ ქუთაისის "ტორპედოსთან" და ზუგდიდის "ბაიასთან".

- ნაკრებში თამაშზე თუ გიფიქრიათ?
- როგორც ნებისმიერი ფეხბურთელის, ჩემი ოცნებაც საქართველოს ნაკრებში თამაშია. იმედია, შანსი მომეცემა.

- მალხაზ ჟვანიამ თავდასხმიდან დაცვაში გადაგიყვანათ. სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?
- "მერანში" გადმოსვლამდე თავდამსხმელი ვიყავი, მერე და მერე კი გამოჩნდა, რომ მცველის პოზიციაზე უფრო პროდუქტიული ვარ. ეს, რა თქმა უნდა, მალხაზ ჟვანიას დამსახურებაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედი გავამართლო.

- თქვენით ეროვნული ჩემპიონატის წამყვანი გუნდებიც იყვნენ დაინტერესებული...
- დიახ, შემოთავაზებები რამდენიმე ძლიერი კლუბისგან ნამდვილად მქონდა, თანაც, გაცილებით უკეთესი პირობებით, თუმცა ამ ეტაპზე მარტვილში დარჩენა ვამჯობინე. ვიმედოვნებ, რომ "მერანში" წარმატებას მივაღწევ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიაწექი. კაი ფეხბურთს თამაშობ წელს და თუ მოუმატებ კიდე, მაგრა გაასწორებს.
dudu
19:44 18-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული