"ზესტაფონის" გამოცდილ ფეხბურთელს კლუბის პერსპექტივებზე, განვლილ ბატალიებსა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.
- ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ზესტაფონის" შემადგენლობაში ცვლილებები მრავლად მოხდა. სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების პროცესი საინტერესო უნდა იყოს როგორც ახალწვეულებისთვის, ისე გუნდის ძველი წევრებისთვის.
- ეს მართლაც ასეა და ყველას კარგად გვესმის, რომ "ზესტაფონის" ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. თითოეულ ჩვენგანს გვსურს, ამ
- როგორ ფიქრობ, რა პერიოდი დასჭირდებათ ახალწვეულებს ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის?
- სამწვრთნელო შტაბიც და ძველი ფეხბურთელებიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადაპტაციის პერიოდმა მცირე ხანს გასტანოს და სეზონის განახლებისთვის ახლებმა საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეძლონ.
- ახალწვეულებს როგორ დაახასიათებ?
- თითოეულ მათგანს შეუძლია, "ზესტაფონისთვის" მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდეს. მიხარია, რომ დავით მუჯირმა არჩევანი ჩვენი კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. ჩემი თაობის ფეხბურთელია, მაგრამ აქამდე ერთად არასოდეს გვითამაშია და მოხარული ვარ, რომ ეს შესანიშნავი შემსრულებელი ჩემი თანაგუნდელი გახდა.
გამოვყოფდი გურამ სამუშიასაც, რომელსაც განსაკუთრებული მონაცემები აქვს. ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და უკვე კოჭებში ეტყობა, რომ, თუ იშრომა, დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
- "ზესტაფონში" აქამდე არსებული ისედაც დიდი კონკურენცია კიდევ უფრო იზრდება.
- ამას მხოლოდ მივესალმები. ყველა ფეხბურთელს უნდა ესმოდეს, რომ უკონკურენციოდ ვერც თვითონ იქნება წარმატებული და ვერც მისი კლუბი.
- რამდენიმე დღეში ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრებით...
- კარგია, რომ ესპანური შეკრება და "მარბელას თასზე" მონაწილეობა ტრადიციად გვექცა. შარშან იქ კიევის "დინამოს", პრაღის "სპარტას" და სხვა ძლიერ კლუბებს ვეთამაშეთ, ახლა კი ჩვენი პირველი მეტოქე მოსკოვის ცსკა იქნება. ასეთ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა თავდაჯერებას გვმატებს და ძლიერი მეტოქის მიმართ ყოველგვარ შიშსა და მოკრძალებას გვიქრობს. ეს კი ევროთასებზე აუცილებლად გამოგვადგება.
- რა დააკლდა შარშან, ზაფხულში "ზესტაფონს" რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად?
- ამას ღრმა ანალიზი სჭირდება, რასაც "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბი გააკეთებს. რაც მოხდა, ალბათ კანონზომიერი იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მიზნამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა.
მე ის ვიცი, რომ, რასაც მიმდინარე სეზონში ვაკეთებთ, ზუსტად იმ ერთი ნაბიჯის გადადგმას ემსახურება. ახლა "ზესტაფონი" უფრო ძლიერია ბევრი ასპექტით - ჩვენმა გუნდმა შეინარჩუნა სანახაობრივი სტილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გახდა უფრო პრაგმატული და ცივსისხლიანი.
- შიდა ასპარეზზე ჩატარებული მატჩებიდან რომლებს გამოარჩევ?
- დაუვიწყარია "დინამოს" 5:1 განადგურება. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო "ტორპედოს" დამარცხება თასის მეოთხედფინალში, სადაც ჩვენმა გუნდმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. სეზონის პირველმა ნახევარმა ყველას დაანახა, რომ "ზესტაფონი" სხვა ქართულ კლუბებს აღემატება, მაგრამ ფავორიტის სტატუსს განმტკიცება სჭირდება და კარგად გვესმის, რომ მთავარი ბრძოლები წინაა.
ჩვენი მიზანი სამივე ქართული ტიტულის მოპოვებაა, თუმცა უმთავრესი ამოცანა, რაღა თქმა უნდა, ჩემპიონობაა. ზაფხულში კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასული პირველი ქართული კლუბი გახდეს.
- გიორგი ჭიაბრიშვილის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ რაიმე თუ შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში?
- მოედნის მიღმა ჩვენ კვლავ მეგობრები ვართ და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. საქმეს კი ორივე პროფესიონალურად ვუდგებით და ისე ვურთიერთობთ, როგორც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შეეფერება. ჭიაბრიშვილი და გიორგი ყიფიანი საქმეში ძლიერები არიან და ახალგაზრდული ასაკი საკუთარი იდეების განხორციელებაში ხელს ოდნავადაც არ უშლით.
- რა შეგძინა "ზესტაფონში" გატარებულმა წლებმა?
- აქ საკუთარი თავი ვიპოვე და მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მერწმუნეთ, საქართველოში ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ "ზესტაფონის" დამსახურებაა, რომ დღეს თავს შემდგარ ფეხბურთელად მივიჩნევ.
- უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ რამდენ ხანს ვარაუდობ?
- თანამედროვე მოთხოვნებსა და დატვირთვებს უპრობლემოდ ვეგუები, ჯანმრთელობაც ხელს მიწყობს და უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში კარიერის დასრულებას ნამდვილად არ ვაპირებ.
- დავით მუჯირმა გვითხრა, რომ "ზესტაფონი" მის კარიერაში უკანასკნელი კლუბი იქნება. შენც თუ შეგიძლია ამავეს თქმა?
- ამას დიდი სიამოვნებით ვიტყოდი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. თუ ჩემი და "ზესტაფონის" აზრები ერთმანეთს დაემთხვა, უბედნიერესი ვიქნები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"