"ზესტაფონი" - ესპანეთისკენ კარგი განწყობით

AutoSharing Option
ზესტაფონი-მერანი 2:1
0:1 მანწკავა (40), 1:1 დვალი (59), 2:1 შ. გრიგალაშვილი (55)

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე (46. მამალაძე) - თ. ღონღაძე (46. თ. გრიგალაშვილი), გ. ონიანი, საჯაია (46. გაგოშიძე), ელიავა (46. ბენაშვილი) - გ. ბერაია (56. მენთეშაშვილი), შარიქაძე (46. გორგიაშვილი), ბაბუნაშვილი (40. დვალი), რაჟამაშვილი (46. აფციაური), სამუშია (46. შ. გრიგალაშვილი) - წინამძღვრიშვილი (46. მუჯირი).
მწვრთნელი: გ. ჭიაბრიშვილი
მერანი: შეროზია (62. შენგელია) - კაკუშაძე (62. გეგეჭკორი), იობაშვილი (62. კიკალიშვილი), გ. ჟვანია, სუხიაშვილი (62. მელიავა) - დიდავა
(62. წოწორია), მანწკავა (62. მამუდოვი), ე. გრიგალაშვილი (62. ფონიავა), ჩალაძე (46. ტორონჯაძე), ბოხუა (46. ტორაძე) - ამბროლაძე.
მწვრთნელი: მ. ჟვანია

გუშინ, ესპანურ შეკრებაზე გამგზავრების წინ, "ზესტაფონმა" ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა. საქართველოს ჩემპიონებმა საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე მარტვილის "მერანს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს.

პირველ ტაიმში ზესტაფონელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, რისთვისაც შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე დაისაჯნენ - გიორგი მანწკავამ ანზორ სუხიაშვილის გადაცემა მიიღო, მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა და "მერანი" დააწინაურა.

"ზესტაფონმა" ყველაზე მძლავრად მეორე ტაიმის დასაწყისი ჩაატარა და შედეგიც სწორედ ამ დროს მოიმკა. 49-ე წუთზე "მერანის" მცველები შეცდნენ და ჯაბა დვალმა დავით მუჯირის გადაცემით ანგარიში გაათანაბრა, 55-ეზე კი სტუმართა უკანა ხაზმა კვლავ არასაიმედოდ იმოქმედა და ძელიდან ასხლეტილი ბურთი ახალგამოჯანმრთელებულმა შოთა გრიგალაშვილმა მეტოქის კარში დაუბრკოლებლად გაახვია - 2:1.

ორივე გუნდმა ორი შემადგენლობით ითამაშა. "ზესტაფონში" შეუცვლელი მხოლოდ გიორგი ონიანი იყო. სხვადასხვა მიზეზით, მარგველთა პირველი გუნდის წევრთაგან გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ მამუკა კობახიძეს, გიორგი ხიდეშელს, ლუკა გუგუჩიას და აბაიომი ოვონიკოკოს.

საინტერესოა, რომ დავით მუჯირმა ეს მატჩი თავდამსხმელის პოზიციაზე ჩაატარა და უნდა ვივარაუდოთ, რომ მას "ზესტაფონის" ოფიციალურ შეხვედრებშიც ამ პოზიციაზე ვიხილავთ.

"ლელოს" გუშინდელ ნომერში ის შემადგენლობა გაგაცანით, რომელიც გიორგი ჭიაბრიშვილმა და მისმა ასისტენტებმა ესპანურ შეკრებაზე წასაყვანად შეარჩიეს.

"ზესტაფონი" თბილისიდან ზეგ გაფრინდება და ესტეპონაში სტამბოლისა და მალაგის გავლით ჩავა. 31 იანვარს ფეროელები ამხანაგურად "დნიპროს" შეხვდებიან, 3 თებერვალს კი ჩინურ "გუანჯოუსთან" მატჩით "მარბელას თასს", იგივე "კოსტა დელ სოლს" დაიწყებენ.

"ზესტაფონის" დაკომპლექტება კი, თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, შეგვიძლია, დასრულებულად მივიჩნიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული