მარტვილის "მერანის" სამი თბილისური სპარინგი და ერთი ახალწვეული

AutoSharing Option
უკვე ვწერდით, რომ ავდრის გამო "მერანს" ურეკული შეკრება ჩაეშალა და მალხაზ ჟვანიამ გუნდი თბილისში გამოამგზავრა.

მარტვილელები სასტუმრო "მესაზღვრეში" დაბინავდნენ, ვარჯიშებს კი ნაძალადევში, "ნორჩი დინამოს" აკადემიის, ყოფილი "შრომითი რეზერვების" ხელოვნურსაფრიან მოედანზე ატარებენ.

"მერანმა" სამი საკონტროლო მატჩიც დაგეგმა - ხვალ სამედიცინო ინსტიტუტთან მდებარე "ბენდელას" მოედანზე ცხინვალის "სპარტაკს" შეხვდება, 30 იანვარს კი 35-ე საფეხბურთო სკოლის "მარაკანაზე" ბოლნისის "სიონს" გაეჯიბრება. კიდევ ერთ შეხვედრას "მერანი" 3 თებერვალს გამართავს. მეტოქე მოგვიანებით დადგინდება.

შემადგენლობასთან დაკავშირებით მარტვილელებს განსაკუთრებული სიახლეები არ აქვთ. კვლავ ღიადაა გიორგი მეგრელაძის საკითხი, რომელიც უზბეკეთში
ისინჯებოდა. მამის გარდაცვალებამ მის გეგმებში, შესაძლოა, სერიოზული კორექტივები შეიტანოს. ბუნებრივია, გამოცდილ ფორვარდს უახლოეს დღეებში ფეხბურთისთვის არ ეცლება და რამდენიმე დღის შემდეგღა შევიტყობთ, გადავა თუ არა იგი "მერანში".

სამაგიეროდ, ფაქტობრივად გადაწყდა მამუკა ტორონჯაძის ტრანსფერის საკითხი. ფარერებმოვლილმა თავდამსხმელმა სინჯებისას "მერანის" სამწვრთნელო შტაბზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

კოტდივუარელი ფორვარდი მუნინი ტაპე კი, რომელსაც სამშობლოში ჩასვლა ოჯახური პრობლემების გამო მოუხდა, საქართველოში, ალბათ, აღარ დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული