ქართველი მსაჯების ანთალიური შეკრება ჩაიშალა

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის კლუბების მსგავსად, შეკრებაზე, წესით, ქართველი მსაჯებიც უნდა წასულიყვნენ. გეგმის მიხედვით, ისინი ანთალიაში უნდა გამგზავრებულიყვნენ, სადაც თეორიულ-პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად, საკონტროლო მატჩების განსჯითაც კარგი პრაქტიკა უნდა მიეღოთ. თუმცა შევიტყვეთ, რომ მიზეზთა გამო ეს შეკრება ჩაიშალა.

დიდთოვლობის გამო შეკრება თბილისშიც არ დაწყებულა და სავარაუდოდ, მსაჯთა კორპუსი მხოლოდ სემინარით შემოიფარგლება. თოვლმა ნორმატივების ჩაბარების ვადაც გადასწია, თუმცა 14 თებერვლამდე, ანუ სეზონის განახლებამდე მსაჯები ტესტირებას აუცილებლად გაივლიან.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ფიფამ საბოლოოდ დაგვიმტკიცა იმ მსაჯების სია, რომლებსაც 2012 წელს ფიფას არბიტრებისა და ასისტენტების
სტატუსი ექნებათ. ფიფას არბიტრი საქართველოს კვლავ ოთხი ეყოლება - გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა, ლევან კვარაცხელია და დავით ხარიტონაშვილი. სამაგიეროდ, გვყავს ფიფას სამი ახალი ასისტენტი - ირაკლი უკლება, ზაალ ბერულავა და ლევან ვარამიშვილი.

უახლოეს პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილება ქართველი მსაჯების საერთაშორისო მატჩებზე დანიშვნის შესახებ ინფორმაციებს მიიღებს, თუმცა პირველი ცნობა უკვე მოსულია - 29 თებერვალს, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ერთ-ერთ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილის ბრიგადა განსჯის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული