"ზესტაფონი" რუსული ფეხბურთის გრანდის წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს "ზესტაფონი" "მარბელას თასის" გათამაშებაში ჩაერთვება. საქართველოს ჩემპიონები მეოთხედფინალში ყაზანის "რუბინს" დაუპირისპირდებიან.

ტურნირის ორგანიზატორებმა სატურნირო ბადე არაერთგზის შეცვალეს და "ზესტაფონს" პირველ მეტოქედ ჯერ მოსკოვის ცსკა დაუდგინეს, ხან - ჩინეთის ჩემპიონი "გუანჯოუ". საბოლოოდ, ქართველთა პირველ მოწინააღმდეგედ "რუბინი" გაამწესეს.

ამ კლუბს დიდი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. "რუბინის" ყველა წარმატება ყურბან ბერდიევს უკავშირდება, რომელმაც გუნდი ჯერ რუსეთის ზედა ლიგაში გადაიყვანა, წლების შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი. "რუბინში" წლების განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა სალუქვაძე, ყაზანელებთან ერთად რუსეთის ჩემპიონები
გახდნენ დავით კვირკველია და ნუკრი რევიშვილიც.

დღეისთვის "რუბინის" მთავარ გუნდში ჩვენი ერთადერთი თანამემამულეა - 19 წლის მცველი საბა კვირკველია, რომელიც ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და გამორიცხული არ არის, სხვაგან გაანათხოვრონ.

გამორჩეული ფეხბურთელი კი "რუბინს" ბევრი ჰყავს - მეკარე სერგეი რიჟიკოვი, მცველი რომან შარონოვი, ნახევარმცველები - ალან კასაევი და პიოტრ ბისტრვი. თუმცა ამაზე უფრო შთამბეჭდავი ლეგიონერთა ჩამონათვალია: მცველები - სესარ ნავასი (ესპანეთი), კრისტიან ანსალდი (არგენტინა), სალვატორე ბოკეტი (იტალია), ნახევარმცველები - ბებრას ნათხო (ისრაელი), გიოქდენიზ ქარადენიზი (თურქეთი) და თავდამსხმელები - ნელსონ ჰაედო ვალდესი (პარაგვაი) და ობაფემი მარტინსი (ნიგერია).

რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში "რუბინს" საკუთარი ამბიციების შესაფერისი პოზიცია ნამდვილად არ უკავია - მეხუთე ადგილზეა და ლიდერ "ზენიტს" 10 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება "ზესტაფონის" სამზადისს, გუშინდელი დღეც ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმში წარიმართა. ფეროელთა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში შეკრებაზე მყოფი 25-ივე ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა, მეკარე როინ კვასხვაძე და აბაიომი ოვონიკოკო ისევ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.

ვარჯიშის დასაწყისში ფეხბურთელები ფიზიკურად დაიტვირთნენ, რასაც "ორკარა" მოჰყვა. თამაში უხვგოლიანი გამოდგა.

"ზესტაფონი"-"რუბინი" თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მისი ნახვა ინტერნეტის მეშვეობით შეგვეძლება. გამარჯვების შემთხვევაში, "ზესტაფონი" ნახევარფინალში პოლონური "ლეხისა" და რუმინული "ტიმიშოარას" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება, დამარცხების შემთხვევაში კი დამამშვიდებელ წრეში გადაერთვება და ამავე წყვილში წაგებულს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენი იმედი გვაქ მიდით ქართველებო დაუყენეთ კარგი დაცვა და მოვიგებთ
vasiko basiladze
12:59 03-02-2012
0
რა უბედურებაა...დნეპრთან 8:2, რუბინთან 5:1...არ გრცხვენიათ?
თემური
00:19 04-02-2012
0

სიახლეები პოპულარული