ღონისძიებას კი უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია, "დინამოს" უსაფრთხოების ოფიცერი გია ისიანი, ეროვნული სტადიონის დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ჯღარკავა და ეროვნული სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შალვა ადუაშვილი უძღვებოდნენ.
მამუკა კვარაცხელია:
"ნებისმიერი დიდი საფეხბურთო ღონისძიება უმთავრეს შემოსავალს ტელერეპორტაჟებიდან იღებს. ამიტომაც მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში იმისთვის ზრუნავენ, რომ სტადიონზე მასმედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური
თქვენს წინაშე არიან ჩვენი სტიუარდები, რომლებიც "დინამოს" საშინაო მატჩებს მოემსახურებიან. მათი რაოდენობა ოცდაათამდეა, თუმცა ჩვენ საერთაშორისო შეხვედრებისთვის ასიდან ორასამდე სტიუარდი დაგვჭირდება.
მსოფლიოში საფეხბურთო ტრაგედიები არცთუ იშვიათად ხდება. ორიოდე დღის წინ ეგვიპტეში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მადლობა ღმერთს, "დინამოს" სტადიონზე არასდროს არავინ დაღუპულა, რაც უსაფრთხოების თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციის დამსახურებაა."
კვარაცხელიასგან ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც შევიტყვეთ ინფორმაცია.
"კლუბის პრეზიდენტმა ბატონმა რომან ფიფიამ სტადიონზე მიმიჩინა ადგილი და დამავალა მედიასივრცის ევროპულად მოწყობა. გადაკეთდება მედიატრიბუნა, რომელიც მე-5 და მე-6 ტრიბუნებზე განთავსდება.
დღეისთვის ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი მაგიდები ერთ რიგად, საკმაოდ მოუხერხებლადაა განლაგებული. ამის ნაცვლად ამ ორ ტრიბუნაზე მოეწყობა სამ-სამი რიგი, სადაც ორასამდე ჟურნალისტი განთავსდება. აღარ იქნება უკაბელო ინტერნეტის პრობლემაც, უეფას დავალებით ევროთასებზე ჟურნალისტებისთვის ბუფეტი უფასოა, ჩვენ ეს უკვე დავნერგეთ ეროვნულ ჩემპიონატზეც, ჟურნალისტებისთვის გაკეთდება ცალკე სამუშაო ოთახი, სადაც მათ ყველა პირობა ექნებათ შექმნილი. უფრო კომფორტულად მოეწყობა ე. წ. შერეული-ზონა. მხოლოდ ჟურნალისტებზე რამდენიმე სტიუარდი იქნება "მიმაგრებული", რომლებიც მათ კომფორტზე იზრუნებენ.
წესით, უახლოეს პერიოდში უნდა გაიხსნას "დინამოს" "ფან-შოპი", ასევე კლუბის მუზეუმი, რომელთაც მისი სტაჟიანი ქომაგებიც კი უკვე ძალიან დიდი ხანია, ელიან.
ყველაზე მთავარი კი ის იქნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნება ერთმანეთს ჟურნალისტთა და საპატიო სტუმართა სივრცეები, როგორც ეს ევროპის ყველა წამყვან სტადიონზეა და ჟურნალისტი კომფორტულად იმუშავებს და მაქსიმალურ ინფორმაციას მოიპოვებს, საპატიო სტუმარი კი მისთვის ღირსეულად მინიჭებულ ადგილს დაიკავებს და ღირსეულადვე უყურებს თამაშს.
ზემოთ ნახსენები სამუშაოები კი სტადიონის რეკონსტრუქციასთან ერთად, ევროტურნირებამდე განხორციელდება".
გია ისიანი:
"ყოველთვის მთელი ენერგიით ვცდილობდით, რომ "დინამოს" სტადიონზე უსაფრთხო გარემო ყოფილიყო, მაგრამ ბერძნულ აეკ-თან მატჩმა დაგვანახა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.
მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებზე დავიქირავებთ დაცვის კერძო სამსახურებს, მაგრამ უსაფრთხოების დამყარებაში მთავარი როლი ჩვენმა სტიუარდებმა უნდა ითამაშონ. ბუნებრივია, სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ეროვნული ჩემპიონატის მატჩებსაც.
მზად ვართ იმისთვისაც, რომ "დინამოს" მატჩების გარდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ჩვენს სტადიონზე გამართულ სანაკრებო თუ სხვა კლუბების შეხვედრებზეც ვიტვირთოთ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვ, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს მოუწოდოს, რომ ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხოების საკითხებზე, თუნდაც იმაზე, რომ მასპინძელი კლუბის წარმომადგენელმა სტუმართა გულშემატკივრებს მიუთითოს, კონკრეტულად სად უნდა განთავსდნენ ისინი და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე.
ყოფილა შემთხვევა, რომ "დინამოს" ერთ-ერთი მეტოქის ქომაგები ჩვენს მიერ მითითებულ სექტორში არ სხდებოდნენ და ამან მატჩის დაწყება შეაფერხა. დროა, გადავიდეთ თანამედროვე რელსებზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლეტალური შედეგები ავიცილოთ, დიდი ტრაგედიები ხომ უმეტესად ერთი მცირე შელაპარაკებით იწყება.
აქვე სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ სტიუარდებთან ერთად მალე "დინამოს" საშინაო მატჩებს ვალანტიორებიც მოემსახურებიან. ამის სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოთქვა. სტიუარდებს კი იდეალურ სამუშაო პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ვპირდებით.
ჩემი დიდი სურვილია, საქართველოში შეიქმნას სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების კომიტეტი, რაც ვაიგულშემატკივრებთან ეფექტური ბრძოლის საშუალებას მოგვცემს. დღეს, მაგალითად, ხულიგნობის მუხლსაც კი ვერ წაუყენებენ იმ ადამიანს, რომელიც თამაშის დროს მოედანზე გადახტება. ამან კი ჩვენი კლუბებისა და ნაკრებების დისკვალიფიკაცია შეიძლება გამოიწვიოს.
უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რაც სტადიონებზე ხულიგნების მოხვედრას მაქსიმალურად გაართულებს".
ნიკოლოზ ჯღარკავა:
"სტიუარდებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ისინი არიან სპორტული ღონისძიების თანაორგანიზატორები და მათი ქმედებები გარკვეულწილად განაპირობებს სპორტული ღონისძიების წარმატებით მიმდინარეობას. სტიუარდები უნდა იყვნენ მაყურებლების დამხმარენი და არა ხელისშემშლელნი. ისინი უნდა იყვნენ თავაზიანნი, მომთმენნი და ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, ეცადონ თავი შეიკავონ ფიზიკური კონტაქტისგან".
შალვა ადუაშვილი:
"ჩვენ სამსახურში ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენმა ერთმა შეცდომამ შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი უფლება-მოვალეობანი მაქსიმალურად ეფექტურად განვახორციელოთ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიმდინარეობს სტადიონიდან ევაკუაციის ახალი გეგმის დამუშავება, რაც უსაფრთხოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"