ზაალ ელიავა: ესპანური შეკრების ბოლოს "ზესტაფონში" ყველაფერი რიგზე იქნება

AutoSharing Option
"მარბელას თასის" მეოთხედფინალში "რუბინთან" განცდილი 1:5-ის შემდეგ "ზესტაფონი" ტურნირის მე-5 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს და დღეს რუმინულ "ტიმიშოარას" დაუპირისპირდება.

ორიოდე სიტყვა დღევანდელი მეტოქის შესახებ: "ტიმიშოარა" 1921 წელს დაარსდა, მაგრამ გამოსარჩევ წარმატებებს XXI საუკუნეში მიაღწია - 2009 და 2011 წლებში რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა. თუმცა გასულ ზაფხულს კლუბს მძიმე ისტორია გადახდა და ფინანსური მაქინაციების გამო რანგით მეორე ლიგაში დააქვეითეს.

დღეისთვის "ტიმიშოარა" იქ მეორე ადგილზეა და ელიტაში დაბრუნების ჩინებული შანსი აქვს. ჩვენთვის ნაცნობი ფეხბურთელები იქ არ თამაშობენ და ამიტომ მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ.

რაც შეეხება "მარბელას თასის" მეოთხედფინალს, "ტიმიშოარა" იქ პოლონურ "ლეხთან" 0:5 განადგურდა, არადა, პირველი გოლი 56-ე წუთზე მიიღო.

"ზესტაფონის" ბანაკში კი განსაკუთრებული სიახლეები არ არის. სავარაუდოდ, საქართველოს ჩემპიონთა კარს დღეს ძირითადი მეკარე როინ კვასხვაძე დაუბრუნდება, რომელსაც ხელი აწუხებდა. მიკროტრავმა მოიშუშა გიორგი ხიდეშელმა, ზურაბ მენთეშაშვილისა და გოგა ბერაიას თამაში კი საეჭვოა.

განვლილი მატჩებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებსა და მოახლოებული შეხვედრების შესახებ "ზესტაფონის" 27 წლის მცველ ზაალ ელიავას ვესაუბრეთ. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ იგი იმერელთა ღირსებას წლებია, იცავს და მთელი ამ დროის განმავლობაში დაცვის მარცხენა ფლანგზე ფეხი მყარად აქვს მოკიდებული.

- რა იყო ესპანეთში ჩატარებულ საწყის ორ მატჩში განცდილი მარცხის მთავარი მიზეზები?
- "დნიპროსთან" გადახალისებული შემადგენლობით ვითამაშეთ, თორემ ამხელა ანგარიშით ნამდვილად არ წავაგებდით. ანგარიში არც ჩვენსა და "რუბინს" შორის ძალთა თანაფარდობას ასახავს. ამ შეხვედრაში "ზესტაფონმა" მხოლოდ ოთხი შეცვლა გამოიყენა, მაშინ როცა "რუბინმა" მეორე ტაიმში სხვა გუნდი გამოიყვანა.

ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებამდე ჯერ არ მივსულვართ და ეს წაგება, უპირველესად, სწორედ გადაღლილობამ განაპირობა. ვინც პირველი ტაიმი ნახა, დამეთანხმება, რომ მეტოქეს ტოლი არაფერში დავუდეთ. საგანგაშო არაფერია, შეკრება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და საქართველოში კარგად მომზადებულები დავბრუნდებით.

- წინ კიდევ ორი მატჩი გელოდებათ.
- ყველანაირად ვეცდებით, რომ ესპანეთში მეტი თამაში აღარ წავაგოთ. დღითიდღე ვუმატებთ და იმის მიუხედავად, რომ ხელწამოსაკრავი მეტოქეები არც დარჩენილ ორ შეხვედრაში გვეყოლება, მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი ქომაგები გამარჯვებითა და ხარისხიანი ფეხბურთით გავახაროთ.

- როგორ შეაფასა "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა განვლილი მატჩები და რა დავალებები მოგცათ დარჩენილი თამაშებისთვის?
- თეორიაზე ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი დეტალურად ირჩევა, მთავარი, რაც გვჭირდება, უფრო მეტად დისციპლინირებული თამაშია და უახლოეს პერიოდში ამას აუცილებლად მივაღწევთ.

- "ზესტაფონი" სეზონის განახლებას ოპტიმალურ ფორმაში მყოფი შეხვდება თუ საამისოდ გარკვეული დრო ამის შემდეგაც დასჭირდება?
- ვფიქრობ, ესპანური შეკრების ბოლოსთვის ყველაფერი რიგზე გვექნება და ჩემპიონატის განახლებას საუკეთესო კონდიციებით შევხვდებით. ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს არ აქვს იმის უფლება, რომ ოფიციალურ მატჩებში თავისი საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინოს.

- საკუთარ ფორმას როგორ შეაფასებ?
- "ზესტაფონში" ყველა ფეხბურთელი პროგრესირებს და გამონაკლისი არც მე გახლავართ. საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული