გივი დიდავა: სანანებელი არაფერი მაქვს

AutoSharing Option
თბილისის ”დინამო", ქუთაისის ”ტორპედო", თბილისის ”ამერი", ცხინვალის ”სპარტაკი", ბოლნისის ”სიონი", ბელგიური ”მეხელენი", ებრაული ”მაქაბი", თურქული ”ქოჯაელისფორი" - ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, სადაც გივი დიდავას თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უთამაშია.

იგი წლების განმავლობაში იყო ”დინამოს" კაპიტანი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 21 მატჩი ჩაატარა.

დღეს 35 წლის ნახევარმცველი მარტვილის ”მერანის" ღირსებას იცავს და მისი ერთ-ერთი ლიდერიცაა. დიდავა საკუთარ და გუნდის პერსპექტივებს ოპტიმისტურად უყურებს და კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.

- როგორ შეაფასებ კარიერაში რიგით მეცხრე კლუბში გატარებულ პერიოდს?
- სეზონი ახალი დაწყებული
იყო, ”მერანში" რომ გადავედი და ეს გადაწყვეტილება ერთი წამითაც არ მინანია. ერთ მუშტად შეკრულ, მეგობრულ და ბრძოლისუნარიან გუნდში მოვხვდი, რაც მოტივაციას მმატებს და იმის ძალას მაძლევს, რომ თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯო და გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო.

მოხარული ვარ, რომ არჩევანი ”მერანის" სასარგებლოდ გავაკეთე.

- სეზონის დასაწყისში თუ წარმოიდგენდი, რომ ”მერანი" ასე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა?
- როგორც კი გუნდის პირველი თამაში ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ ასეთი მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით ბევრის მიღწევა შეგვეძლო.

- ”მერანის" პროგრამა-მინიმუმი ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში დამკვიდრებაა. უფრო მეტის მიღწევაზეც ხომ არ ფიქრობთ?
- პროგრამა-მინიმუმი, ფაქტობრივად, უკვე შესრულებული გვაქვს, თუმცა მეტზეც ვფიქრობთ. ბუნებრივია, ამას კატეგორიულად არავინ გვთხოვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ევროტურნირებზე გასვლის ძალაც შეგვწევს და ვნახოთ, როგორ გამოგვივა ამ მიზნისთვის ბრძოლა.

- სეზონის პირველ ნახევარში ჩატარებული მატჩებიდან რომელს გამოარჩევ?
- არაერთი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ ყველაზე გამოსარჩევი თბილისის ”დინამოს" დამარცხება იყო. თანაც, ამ მატჩს ვაგებდით, მერე მე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოვიყენე, მაგრამ მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ და ჩვენი ქომაგები ლამაზი გამარჯვებით გავახარეთ.

ერთადერთი, რამაც ამ სეზონში ძალიან დამწყვიტა გული, თასის გათამაშებიდან გამოვარდნა იყო.

გულშემატკივრები ვახსენე და აქვე მათ ერთგული მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას გადავუხდი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მარტვილში ნებისმიერი მეტოქე დიდი სიფრთხილით ჩამოდის. ამ სეზონში შინ მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით.

- ერთი შეხედვით, ასაკის მიუხედავად, 90 წუთის თამაში ოდნავადაც არ გიჭირს.
- ასეა, ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული და ჩემი ორგანიზმი ამ დატვირთვებს უპრობლემოდ უძლებს. როგორც კი საკუთარ თავს შევატყობ, რომ თამაში მიჭირს, ბუცებს ლურსმანზე მაშინვე ჩამოვკიდებ, მაგრამ ეს დრი ჯერ არ დამდგარა.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სეზონი შენს კარიერაში ბოლო არ იქნება.
- თუ ”მერანში" ყველაფერი კარგად იქნება და გუნდმა ამ სახით არსებობა განაგრძო, აქ მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს დიდი სიამოვნებით გავატარებ.

- ალბათ, გუნდის ლიდერის ტვირთის ზიდვა არ გიჭირს.
- ”მერანი" ახალგაზრდული გუნდია, თუმცა ჩემს გარდა, სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავს - გიორგი მანწკავა, გიგა ჟვანია. საკუთარ თავს გამოკვეთილ ლიდერად ნამდვილად არ მივიჩნევ, მაგრამ მიხარია, რომ ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ვთამაშობ და ახალგაზრდებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ.

- საქართველოს უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი გაგიტარებია და საინტერესოა, ჩვენი ჩემპიონატი როდის უფრო ძლიერი იყო, ახლა თუ მაშინ, როცა კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდი?
- ბოლო ორ წელიწადში ჩვენი ჩემპიონატის დონე საგრძნობლად ამაღლდა, თუმცა გასული საუკუნის 90-იან წლებში დღევანდელზე ბევრად უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი გვქონდა.

- კარიერის საუკეთესო პერიოდი როდის გქონდა?
- როცა თბილისის ”დინამოში" თამაშისას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. მაშინ მართლა კარგი გუნდი გვყავდა, რომელსაც ბევრად მეტის მიღწევა შეეძლო.

გარდა ამისა, დიდი სიამოვნებით ვიხსენებ თურქულ ”ქოჯაელში" გატარებულ წლებს და თბილისის ”ამერში" თამაშს. ამ კლუბის დაშლით ქართულმა ფეხბურთმა ძალიან ბევრი რამ დაკარგა...

- კარიერაში მეტის მიღწევა თუ შეგეძლო?
- ყოველთვის მშრომელი ფეხბურთელი ვიყავი და სანანებელი და საკუთარი თავის მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს - ვფიქრობ, ვითამაშე ის ფეხბურთი, რისი საშუალებაც ჩემმა საფეხბურთო მონაცემებმა მომცა.

- ფეხბურთელობის შემდეგ რას აპირებ?
- ჯერ მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და არ ჩამოვყალიბებულვარ, რა საქმეს მოვკიდებ ხელს ფეხბურთელობის შემდეგ. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მოედნისგან შორს არ წავალ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალადეც გივია, ორჯერ რო კუტაისიდან ცეიგე ოქროს მედლები ის დრო ცუდად გახსოვს ? ნამახსოვრებხარ პატივისცემას
qutaisidan777
13:33 12-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული