შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ "სპარტაკში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა: გუნდიდან წავიდნენ რევაზ ჯიქია, კობა შალამბერიძე, ზვიად მეტრეველი, ბესიკ დეკანოიძე, ბოიომო ფრიდოლინი, გიორგი ციმაკურიძე, გაგა თიბილაშვილი, ნიკა დაუშვილი და სხვები.
რაც შეეხება ახალწვეულებს, "სპარტაკში" თავდაპირველად თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა: გიორგი
ამ სამეულის გარდა "სპარტაკის" მიერ ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში რამდენიმე პოტენციური ახალწვეულიც ისინჯებოდა და აი, გუშინ კიდევ სამ ფეხბურთელთან გაფორმდა სხვადასხვავადიანი ხელშეკრულება. ამათგან ორი, 19 წლის მიხეილ ჯიშკარიანი და 23 წლის ლევან ჭაფოძე "სპარტაკში" ადრეც თამაშობდნენ და გუნდს ხანმოკლე პაუზის მერე უბრუნდებიან.
აი, მესამე ახალწვეული კი ჩემპიონატის მეორე ეტაპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ უნდა მივიჩნიოთ: "სპარტაკთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი (6 თვე + 1 წელი) გააფორმა 32 წლის ლევან მელქაძემ.
გამოცდილი თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ქართულ რამდენიმე გუნდში (თსუ, "თბილისი", "დინამო", "ვიტ ჯორჯია", "ზესტაფონი", "სიონი") ასპარეზობდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იტალიურ "სიენაში",ნორვეგიულ "ვალერენგასა" და ყაზახურ "შახტიორშიც" თამაშობდა; ამას გარდა, 5 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ნაკრებშიც.
მელქაძე-ფეხბურთელის კარიერის პიკად კი, რაღა თქმა უნდა, 2004-05 წლების სეზონი უნდა მივიჩნიოთ, როცა 27 გოლით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და ქართველმა ჟურნალისტებმაც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სხვათა შორის, მელქაძეს ჩინებული შანსი აქვს, "რამაზ შენგელიას სახელობის ასიანთა კლუბში" რომ მოხვდეს: საქართველოს ჩემპიონატში დღესდღეობით 89 გოლი აქვს გატანილი და ვინ იცის, იქნებ სწორედ "სპარტაკის" შემადგენლობაში შეძლოს კიდეც იმ "დარჩენილი" 11 ბურთის გატანა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"