ჩისამბა ლუნგუს ნიჭიერებაში ეჭვი არასდროს გვეპარებოდა და ისიც ლოგიკურია, რომ თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა, აი, თანამემამულეებთან ერთად ამდენს თუ მიაღწევდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. ახლა უკვე ნათელია, რომ 21 წლის უნივერსალს რუსეთის რანგით მეორე ლიგაში აღარავინ გააჩერებს და დიდი ალბათობით, ჩისამბა ძალიან მალე კარიერას ან რუსულ პრემიერლიგაში, ანაც
იმედია, ეს მაგალითი სკეპტიკოსებს საბოლოოდ დაარწმუნებს იმაში, რომ ქართულმა კლუბებმა აფრიკულ სატრანსფერო ბაზარზე უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ამით ბიუჯეტსაც შეივსებენ და ქართულ ფეხბურთსაც არგებენ.
ვფიქრობთ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მაღალი კლასის უცხოელთა ნატურალიზაციაზე და საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი ვთქვათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ნაკრები რაიმე საზომით შეედრება ზამბიის ნაკრებს, სადაც ჩისამბა ერთ-ერთი გამორჩეულია, მას ნამდვილად არ უნახავს აფრიკის თასი, სადაც ზამბიელებმა კოტდიუვარს, განასა და სხვა ძლიერ გუნდებს ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთით დამსახურებულად აჯობეს.
ჩისამბას ქართული ისტორიის გახსენება "ბაიას" მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს ვთხოვეთ:
"2009 წელს "ბაიაში" გასასინჯად ათამდე ზამბიელი ფეხბურთელი ჩამოიყვანეს და მათ შორის ჩისამბა აშკარად გამორჩეული იყო. თბილად მივიღეთ, ზუგდიდსა და საქართველოს უცებ გაუშინაურდა და მეგრულ-ქართული ლაპარაკიც ისწავლა. როცა მიდიოდა, თბილი და ცრემლიანი გაცილება მოვუწყვეთ. სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენთან ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს. მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ზუგდიდის მოსახლეობას ძალიან გვიყვარდა და ისიც იგივე გრძნობით გვპასუხობდა.
აფრიკის თასის ფინალს კი თითქმის მთელმა ზუგდიდმა უყურა და მატჩის შემდეგ სახელდახელო ზეიმიც მოვაწყვეთ. ჩისამბა შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია და კარიერასა და ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
მერწმუნეთ, ეს მისი აღიარების მხოლოდ დასაწყისია, მთავარი მიღწევები მას წინ აქვს. ასეთი უნივერსალური ფეხბურთელი თითქმის არ შემხვედრია. მეკარის გარდა, მას აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში".
ქომეთიანისგან ერთი საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ - მცველი სტოფირა სუნზუ, რომელმაც ფინალში გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, 2009 წელს "ბაიაში" ვარჯიშობდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ზუგდიდში ვეღარ დარჩა.
თუკი საქართველოში ჩისამბას ნიჭი არ გამოჰპარვიათ და "ბაიამ" მის გაზრდაში გარკვეული წვლილი შეიტანა, მას ძალიან ცუდი ამბები გადახდა მეზობელ სომხეთში, სადაც დამკვიდრებას აქ ჩამოსვლამდე ცდილობდა.
მან სინჯებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა "პიუნიკის" სამწვრთნელო შტაბზე და თითქოს მისი დედაქალაქურ კლუბში ჩარიცხვა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევისას საკუთარ თავზე საინტერესო ამბები გაიგო - ერევნის ერთ-ერთი კლინიკის ექიმებმა უთხრეს, რომ გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ფეხბურთს ვერ ითამაშებდა. "პიუნიკმა" აფრიკელზე უარი თქვა. ჩისამბას მოსკოვში ურჩიეს გამოკვლევებზე წასვლა.
ლუნგუ მოსკოვიდან ერევანში ორ კვირაში დაბრუნდა, ხელთ კი მოსკოვის კარდიოლოგიური კლინიკის მიერ გაცემული ცნობა ეპყრა, რომლის მიხედვითაც პროფესიული ფეხბურთის თამაშში ხელს არაფერი უშლიდა. მაგრამ "პიუნიკში" ეს არ დაიჯერეს და მის აყვანაზე კვლავ უარი თქვეს. ჩისამბამ ერევნის მეორე კლუბში, "ბანანცში" სცადა დამკვიდრება, მაგრამ ერთკვირიანი სინჯების შემდეგ იქიდანაც გაუშვეს.
ამის შემდეგ ზამბიელმა კაპანს მიაშურა, მაგრამ არც იქაურ "განძასარში" მიიღეს, რადგან "ავტორიტეტული" სომეხი ექიმების მცდარი დასკვნა მტკიცედ დაიჯერეს. ჩისამბას "ავადმყოფობის" ამბავი მთელ სომხეთში გავარდა და დედაქალაქურმა "მიკამ" და "ულისმა" საერთოდ სინჯების გარეშე თქვეს მის სამსახურზე უარი.
საბრალო ლუნგუს "პიუნიკმა" მხოლოდ ერთი თვის გასამრჯელო მისცა, რაც მას გზისა და კვების ფულადაც არ ჰყოფნიდა. მან ფორმის შესანარჩუნებლად რამდენიმეჯერ ივარჯიშა ქვედალიგელ "იმპულსსა" და ფუტზალის კლუბ "ტალ გრიგთან" ერთად. გაწამებულ ჩისამბას ღატაკ ზამბიაში დაბრუნებაც სანატრელი გაუხდა, როცა მშველელად "ბაია" გამოუჩნდა.
ბუნებრივია, ლუნგუს განვითარებაში წვლილი "ურალმაც" შეიტანა, მაგრამ რომ არა ზუგდიდელთა ნდობა, ჩისამბას საფეხბურთო კარიერა შეიძლება საერთოდ შეწყვეტილიყო.
მისი წარმატება გვიხარია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბიჭს საქართველოსთან პასპორტისა და ტკბილი მოგონებების გარდა აღარაფერი აკავშირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"