ქართველი მსაჯების საერთაშორისო გამოცდილება

AutoSharing Option
ქართული სამსაჯო კორპუსის შესახებ ინფორმაციებს სისტემატურად გაწვდით, სეზონის განახლებასთან ერთად კი ეს საკითხი უფრო აქტუალური ხდება.

ამაღლდა თუ არა საქართველოში მსაჯობის დონე, ამაზე კამათი ნამდვილად შეიძლება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ არცთუ იშვიათად ქართველ მსაჯებს საერთაშორისო მატჩების განსასჯელად იწვევენ.

თქვენს ყურადღებას ახლა სწორედ ამ თემაზე შევაჩერებთ და გეტყვით, მიმდინარე სეზონში რომელი ქართველი არბიტრი სად იყო მიწვეული.

სანამ არბიტრებზე გადავიდოდეთ, ერთ მნიშვნელოვან ამბავს გაგახსენებთ - შარშან ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ მატჩს მოემსახურა ფიფას ასისტენტი გიორგი ყრუაშვილი, რაც, დაგვეთანხმებით, სულაც არ არის უმნიშვნელო
ამბავი.

გადავიდეთ ფიფას არბიტრებზე, ასეთი კი, შეგახსენებთ, ოთხი გვყავს - გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა, ლევან კვარაცხელია და დავით ხარიტონაშვილი.

34 წლის ვადაჭკორია ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში სლოვენიური "კოპერისა" და ყაზახური "შახტიორის" მატჩს გაუძღვა, რომელიც 1:1 დასრულდა, აგრეთვე მოემსახურა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას, რომელშიც ანდორამ ჩერნოგორიას უმასპინძლა და 0:5 განადგურდა. ვადაჭკორიამ მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატის 19 და თასის 2 მატჩი განსაჯა, სადაც წითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ გამოიყენა.

35 წლის სილაგავა 3 საერთაშორისო მატჩზე მიიწვიეს - ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ხორვატულმა "ვარაძინმა" ანდორული "ლუზიტანსი" 5:1 გაანადგურა, და 21-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრაზე - კვიპროსი-სან მარინო (6:0) და სლოვენია-ლიტვა (2:0). საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში სილაგავამ 17, ხოლო თასზე 4 მატჩი განსაჯა და მანაც ერთი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან.

32 წლის კვარაცხელია ამ სეზონში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გაუძღვა, სადაც დანიურმა "მიდტიულანდმა" უელსურ "ნიუ საინტსს" 5:2 სძლია.
ასევე მიიწვიეს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე, რომელშიც ბულგარეთმა ლუქსემბურგს 3:2 აჯობა, და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ეტაპის ორ მატჩზე - ჩეხეთი-ლიხტენშტაინი (6:0) და ყაზახეთი-ლიხტენშტაინი (8:0). 10 შეხვედრა ჩემპიონატში და 2 თასზე - ასეთია კვარაცხელიას ქართული მონაგარი მიმდინარე სეზონში.

31 წლის ხარიტონაშვილი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გაუძღვა, რომელშიც ფინურმა ჰიკ-მა უელსურ "ბანგორ სიტის" უმასპინძლა და 10:0 გაანადგურა. გარდა ამისა, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის ორ მატჩს მოემსახურა - ალბანეთი-გერმანია (0:1) და ესტონეთი-ალბანეთი (1:1). ხარიტონაშვილი საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში 13, ხოლო თასის გათამაშებაზე 4 შეხვედრას გაუძღვა. მან მოედნიდან ორი ფეხბურთელი გააძევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული