სკანდალური ცნობა: თურქეთმა მიშელ პლატინისგან ევრო 2020-ის გარანტია მიიღო?!

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების სურვილი განაცხადა. ცხადია, თემის მიმართ ქართული საზოგადოების ინტერესი დიდია.

სწორედ ამიტომ დაგვაინტერესა თურქულ მედიაში გავრცელებულმა სკანდალურმა ცნობამ: შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის მასპინძლობის სულ შვიდი კანდიდატია, მათ შორის, თურქეთიც.

ჩვენს მეზობელ ქვეყანაში პოპულარული გაზეთი "ჰურიეთი", ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჩინოვნიკის სიტყვებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თურქეთს ევროპის 2020 ჩემპიონატის ჩატარებაზე არაოფიციალური თანხმობა და თანადგომა განუცხადა.

თურქეთმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ბრძოლა წააგო. თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ტიურკერ არსლანი ამბობს, რომ
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეხმედ ალი აიდინლარმა სწორედ ამის შემდეგ მიიღო პლატინისგან ევრო 2020-ის ჩატარების არაოფიციალური გარანტია.

ცნობილია, რომ თურქეთი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენდენტიც არის. თურქეთის ოლიმპიური განაცხადის მოსამზადებელი კომიტეტის წევრი იალჩინ აკსოი კი გამორიცხავს, რომ მის ქვეყანას ერთდროულად ორი დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება მისცენ:

"თუკი თურქეთი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი გახდება, ოლიმპიადა ჩვენთვის მიუწვდომელ ოცნებად იქცევა. ორივე ღონისძიება კოლოსალურ ინვესტიციებს საჭიროებს.

თუ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ პლატინისგან მართლაც მიიღო ასეთი დაპირება, მაშინ ოლიმპიადისთვის ბრძოლას აუცილებლად წავაგებთ".

საიდან იცის აკსოიმ, ორივეს ერთად უმასპინძლებენ თუ ვერცერთს?

ცხადია, უეფა, ფიფა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებთან კავშირში არიან და ყველაფერს გარკვეული გათვლებით აკეთებენ, მაგრამ ამ გათვლებში ჯდება კი საქართველო?

სხვათა შორის, ერთი მხრივ უტაქტო, მეორე მხრივ კი სასაცილო განცხადება გააკეთა "Vesti.az"-თან აზებაიჯანული ფეხბურთის ლეგენდამ, თბილისში გაზრდილმა ყაზბეგ ტუაევმა:

"რა ქვეყანაა საქართველო, მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატს რომ ვუმასპინძლოთ? ჩვენ ეს მარტო, მათი დახმარების გარეშეც შეგვიძლია. საამისოდ გაგვაჩნია შესაძლებლობები და რაც ყველაზე მთავარია, ჭკუა და სიმდიდრე. აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველო სუსტი და ღარიბია. ისინი ცდილობენ, მოგვიცუცქდნენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება".

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ ჩვენს პოლიტიკურ წრეებშიც რეზონანსი გამოიწვია. ბევრს სჯერა, ბევრიც სკეპტიკურად ეკიდება ინიციატივას, სად საქართველო და სად ევროპის ჩემპიონატიო. მაგრამ ორი აზრი არ არის, სანამ ასეთი იმედი არსებობს, საფეხბურთო სამყაროს შეუძლია პრაგმატულად იმოქმედოს და მთავრობისგან მრავალი სიკეთე მიიღოს; რომ მალე საქართველოში იყოს ოდნავ მეტი სტადიონი, ბაზა და სპორტული ინფრასტრუქტურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინმე ყაზბეგის კომენტარში (აზერბაიჯანულ ფეხბურთს და მით უმეტეს მის ლეგენდებს სამწუხაროდ ვერ ვცნობ) არის რაღაცა სიმართლის მარცვალი :) აზერბაიჯანთან შესატენად რომ გაგვიხდა საქმე კიდევ სადღა უნდა დავეშვათ?

ისე სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ 1 კითხვა მაქვს, როგორ წარმოგიდგენიათ უეფამ ევროპიას ჩემპიონატი იმ ქვეყანაში ჩაატაროს, რომლის ფეხბურთის ისტორია ისეთი მდოდარია, რომ მისი ლეგენდა არც მეტი არც ნაკლები ვინმე ყაზბეგ ტუაევია?
გახსნის ცერემონიაში ხომ უნდა მონაწილეობდნენ მასპინძელი ქვეყნის გამორჩეული ფეხბურთელები. ვიიიშ რა მაგარი იქნება.
buxuti
13:58 14-03-2012
0
მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რა თქმა უნდა, იმის შანსები, რომ 2020-ში ჩავატარებთ ჩემპიონატს ძალიან მცირეა (უკვე ჩვენამდე დადგა გრძელი რიგი). თუმცა ეხლავე რომ შემოგვაქვს განაცხადი, კარგია - თუ 2024-ში არა, 2028-ში კარგი შანსი იქნება, უკვე რეალური. მანამდე ხომ ინფრასტრუქტურის საკითხებიც მოგვარდება ბოლოსდაბოლოს. არიან ქვეყნები, ჩვენზე გაცილებით მდიდარი, რომ ათწლეულები ელოდებიან მსგავსი შეჯიბრეების ჩატარებას, თუმცა განაცხადები სულ შეაქვთ.
Tornike
15:36 14-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული