ლაშა ჩაფიძე: ამ სეზონში ათზე მეტი გოლის გატანა უნდა მოვასწრო

AutoSharing Option
მას უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი აქვს და 5 მატჩში უკვე 3 გოლიც გაიტანა. ცხინვალის "სპარტაკის" მიერ ქუთაისის "ტორპედოს" ძლევას სწორედ მან დაუდო სათავე, მისი დუბლით ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ეროვნული ნაკრების ყოფილი და ახლანდელი წევრებთ გაძლიერებულ "დილას" 80 წუთის განმავლობაში უგებდა, იგი ორივე ფეხით და ორივე ფლანგზე თავისუფლად თამაშობს.

ეს "სპარტაკის" 19 წლის შემტევი ნახევარმცველი ლაშა ჩაფიძეა.

მოდით, ახლოს გავიცნოთ ეს უდავოდ პერსპექტიული ფეხბურთელი.

- მეორე წრის დასკვნითი ტური "სპარტაკისთვის" გადამწყვეტი იყო. მართალია, შენი დუბლის წყალობით "დილას" 2:0-ს უგებდით, მაგრამ, საბოლოოდ
თამაში ფრედ, 2:2 დასრულდა და პლეი ოფის ნაცვლად პლეი აუტში გიწევთ ასპარეზობა...

- გაორებული გრძნობა მაქვს. რომ მოგვეგო, რა თქმა უნდა, ეს მატჩი ძალიან ტკბილად მემახსოვრებოდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ჩემი სიხარული წყენამ შეცვალა.

ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში იყო, საქართველოს კი არა, ნებისმიერი საშუალო ევროპული დონის პირველობას რომ დაამშვენებდა, ისეთი.

მოედანზე მობილიზებულები გავედით და ყველა მონაკვეთში ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ, მაგრამ ბოლო 10 წუთში 2 ბურთი მივიღეთ და ფრეს დავჯერდით.

რა გაეწყობა, მჯერა, პლეი აუტში წარმატებით ვიასპარეზებთ და უმაღლეს ლიგაში მაინც დავრჩებით.

- "დილასთან" გატანილი გოლებიც გავიხსენოთ...
- პირველი გოლისას შონიამ ბოლო მომენტში დაასწრო მცველს, მეკარესთან პირისპირ დამტოვა და დაბალ კუთხეში გავიტანე. მერე შარაშენიძემ საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩააწოდა, მეკარემ ცუდად მოიგერია ბურთი, მცველებს დავასწარი და "დილას" მეორე გოლი გავუტანე.

- "დილასთან" მატჩამდე "ტორპედოსთანაც" გამოიჩინე თავი.
- "ტორპედოსთან" მატჩი ჩემთვის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო იყო. ძალიან ვიყავი მონდომებული და გამიმართლა, რომ 2012 წელს "სპარტაკის" პირველი ოფიციალური გოლი მე გავიტანე. თუმცა ამ გოლზე უფრო მეტად ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან გამარჯვება გამეხარდა.

- ორშაბათს კი "სპარტაკმა" ლანჩხუთის "გურიასთან" ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
- სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ზედიზედ ორი მატჩია, 2:0-ს ვიგებთ და საქმე გამარჯვებამდე ვერ მიგვყავს. "დილასთან" რაც მოხდა, ყველამ ნახეთ. ალბათ, იმ თამაშმა ჩვენზე გარკვეული ფსიქოლოგიური კვალი დატოვა.

ძალიან გვინდოდა, პლეი აუტი მოგებით დაგვეწყო, მაგრამ ვერ შევძელით. პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში არ წაგვივიდა. სათამაშო დისციპლინა ვერ შევინარჩუნეთ, მეტოქეს კი დასაკარგი არაფერი ჰქონდა, თამაშს უმატა და ანგარიში გაათანაბრა. კიდევ გვქონდა ორი საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ, ფრეს დავჯერდით. ეს თამაში გაკვეთილად უნდა გამოგვადგეს.

- თუ წარმოიდგენდი, რომ უმაღლეს ლიგაში ასეთი ეფექტური დებიუტი გამოგივიდოდა?
- საკუთარი თავის იმედი ნამდვილად მქონდა, მაგრამ ამდენს მართლა არ ველოდი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს ამ შედეგში თანაგუნდელების წვლილი უდიდესია.

- ეს სეზონი თბილისის "დინამოს" დუბლებში დაიწყე და შედეგიანადაც...
- "დინამოს" დუბლებში სტაბილურად ვთამაშობდი და 11 მატჩში 10 გოლი გავიტანე. მინდა, ამ სეზონში "სპარტაკის" მაისურით ათზე მეტი გოლის გატანა მოვასწრო.

- "სპარტაკში" "დინამოდან" ამ სეზონის ბოლომდე ხარ განათხოვრებული. ზაფხულში რას აპირებ?
- ასეთი ნდობისთვის "სპარტაკის" ხელმძღვანელობის მიმართ ძალიან მადლიერი ვარ. ყველანაირად ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო და გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დავეხმარო. "სპარტაკში" ყველაფერი მომწონს, კარგი მწვრთნელი გვყავს, კლუბის პრეზიდენტს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ყველა პირობას გვიქმნის. ერთი სიტყვით, მჯერა, რომ "სპარტაკი" ჩემთვის მშვენიერი ტრამპლინი იქნება.

რაც შეეხება შეკითხვას, სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად გადავწყვეტ, "სპარტაკში" დავრჩები თუ "დინამოში" დავბრუნდები.

- "სპარტაკში" ხან მარცხენა ფრთაზე გიწევს თამაში და ხანაც მარჯვენაზე. სად უფრო შედეგიანი ხარ?
- ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფრთაზე დამაყენებს მწვრთნელი, რადგან ორივე ფეხით ნორმალურად ვთამაშობ. ბავშვობიდან ჩემი კერპი კრიშტიანო რონალდოა და ძალიან მინდა, რომელ გუნდშიც არ უნდა ვითამაშო, მასსავით წამყვანი ფიგურა ვიყო.

- როგორც ცნობილია, "დინამომდე" რუსეთში იზრდებოდი და ფეხბურთს მოსკოვურ კლუბებში ეზიარე. იქნებ, ეს პერიოდიც გაიხსენო...
- ერთი წლის ასაკიდან მოსკოვში ვცხოვრობდი და ფეხბურთზე სიარულიც იქ დავიწყე... ჯერ ცსკა-ში ვიყავი, შემდეგ კი მოსკოვის "ლოკომოტივის" - ჯერ ჭაბუკთა გუნდში ვთამაშობდი, მერე დუბლებში გადამიყვანეს.

საქართველოში დაბრუნებამდე სამარის "კრილია სოვეტოვის" მთავარმა გუნდმა ტესტირებაზე მიმიწვია. კვიპროსულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში პოლონურ "ლეგიას" გოლიც გავუტანე. "კრილიას" ხელმძღვანელები ჩემს აგენტს ესაუბრნენ, კარგი ბიჭია, ტალანტია, მაგრამ პრემიერლიგაში სათამაშოდ დრო სჭირდება, ჩვენ კი ლიგაში დარჩენისთვის ვიბრძვით და მზა, მაღალი კლასის ფეხბურთელი გვინდაო.

ამას ისიც დაემატა, რომ კვიპროსულ შეკრებაზე ტრავმა მივიღე და გარკვეული პერიოდი გამიცდა.

საქართველოში დავბრუნდი, "დინამოსთან" გავაფორმე კონტრაქტი და არც მინანია. პირიქით, გიორგი დევდარიანის გუნდში საგრძნობლად მოვუმატე. მასთან მუშაობისას ბევრი რამ ვისწავლე და უმაღლეს ლიგაში ასე რომ ვთამაშობ, მისი დიდი დამსახურებაა.

- ისევ "სპარტაკს" დავუბრუნდეთ. პლეი აუტში მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევ?
- მართალია, პლეი აუტში ოთხი გუნდი პირველი ლიგიდანაა, მაგრამ დიდ ბრძოლას ველი და მგონია, რომ სიურპრიზებიც იქნება. "გურიასთან" დაკარგული ქულების მიუხედავად, ჩვენ პლეი აუტში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ყველა კონკურენტი ძლიერი გვყავს და მათგან არავის გამოვყოფ.

- "ტორპედოსთან" და "დილასთან" "სპარტაკის" მატჩებს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძეც დაესწრო. სამი გოლი სწორედ ამ ორ შეხვედრაში გაიტანე და ალბათ, ახალგაზრდული ნაკრებში მოხვედრის იმედიც გაგიჩნდა...
- ყველაფერი ჩემზე, შედეგიან თამაშზეა დამოკიდებული. ალექსანდრე ჩივაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ სამართლიანი ადამიანია და თუ სტაბილურად და შედეგიანად ვითამაშებ, შრომა და მონდომება არ დამეკარგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული