"ზესტაფონმა" ლაზარეთი დახურა

AutoSharing Option
იმერეთში დიდთოვლობის გამო "ზესტაფონი" საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვერ ვარჯიშობს და საწვრთნელ პროცესს ამ დღეებში თბილისში ატარებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში რამდენიმე სიახლეა და ამის შესახებ მოკლედ გიამბობთ.

ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს შეუდგნენ შოთა ბაბუნაშვილი და ალექსი ბენაშვილი, რომლებსაც წელს ჯერ ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებიათ. თუკი ბენაშვილის მდგომარეობა საგანგაშო არ ყოფილა, ბაბუნაშვილმა ესპანურ შეკრებაზე ხერხემალი დაიზიანა და ძალიან გაუმართლა, რომ მისი კარიერა და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დადგა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი დაზიანების კვალობაზე გამოცდილი ნახევარმცველი მოედანზე სარეკორდოდ მოკლე ვადაში დაუბრუნდება.

აბაიომი
ოვონიკოკოს
სარეაბილიტაციო პროცესი კი ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. "ზესტაფონის" ნიგერიელი ახალწვეული უკვე საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და თამაშიც სულ მალე შეეძლება. მოედანს მალე დაუბრუნდებიან გიორგი ხიდეშელი და თორნიკე აფციაურიც.

ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ "ზესტაფონის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა როსტომ გეწაძემ. ეს პერსპექტიული ნახევარმცველი რუსთავის "მეტალურგის" გამოცდილი წევრის, რევაზ გეწაძის ძმაა და რომ არა მძიმე ტრავმა, დღეს, შესაძლოა, უკვე ყოფილიყო "ზესტაფონისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი.

ჯაბა დვალმა და შოთა გრიგალაშვილმა თამაში უკვე განაახლეს, მიკროტრავმა მოიშუშა თემურ ღონღაძემ და დღეისთვის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ზესტაფონს" ტრავმირებული ფეხბურთელები აღარ ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეროელთა ისედაც გრძელი სათადარიგოთა სკამი კიდევ უფრო დაგრძელდება და კონკურენციაც ერთიორად გამძაფრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული