"ლელო" "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტს გურამ რუხაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ლაპარაკი იყო, თუმცა დოკუმენტურად ჯერ ურთიერთობა გაწყვეტილი არაა.
ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის ბოლო მატჩში, სადაც "ვეტერინარები" საკუთარ "მცხეთა პარკზე" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" ხვდებოდნენ, 33-ე წუთზე უხეში თამაშის გამო ძაძამია მოედნიდან გააძევეს. ის პრინციპული შეხვედრა თბილისელებმა მინიმალური სხვაობით წააგეს და
ისე, არ არის გამორიცხული, რომ ძაძამიას გუნდიდან გაშვების არაოფიციალური მიზეზი, შესაძლოა მეკარის ხასიათიც ყოფილიყო.
23 წლის მეკარე "ვიტ ჯორჯიაში " 2010 წლის ივნისში გამოჩნდა და იმის მერე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ.
ძაძამიამ გუნდის დატოვების შესახებ ცნობა დაადასტურა და კომენტარიც გააკეთა.
- თანამშრომლობის შეწყვეტა ვისი ინიციატივა იყო?
- წასვლაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ მოვლენები კლუბის პოზიციამ დააჩქარა.
- ანუ გითხრეს, რომ "ვიტ ჯორჯია" უნდა დაგეტოვებინა?
- ასე პირდაპირ არ მითხრეს, მაგრამ რომ გეტყვიან, ბავშვები უნდა გავზარდოთო, იმას ნიშნავს, რომ გუნდში შენი ადგილი აღარ არის. არადა, ჯერ 23 წლის ვარ.
როგორც ჩანს, ასე სურდა კლუბს და რადგან ასეა, ჩემთვისაც ასე სჯობდა, "ვიტ ჯორჯიადან" უნდა წამოვსულიყავი და წამოვედი კიდეც.
- გათავისუფლების ფურცელი უკვე მიიღე?
- ჯერ არა, მაგრამ სულ მალე მივიღებ. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიკეტა და სეზონის ბოლომდე ვერსად გადავალ.
- ასეთ პირობებში შეძლებ ფორმის შენარჩუნებას?
- ინდივიდუალურად ვივარჯიშებ და ვფიქრობ, უგუნდობით ძალიან არ დავზარალდები. მომზადებაში "ვიტ ჯორჯიას" მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძეც დამეხმარება.
- როგორც ჩანს, მომხდარი გულთან დიდად არ მიგიტანია.
- ამით ცხოვრება არ მთავრდება, ახალგაზრდა, ამბიციური კაცი ვარ, ოჯახი მყავს და უფრო მაღალ დონეზე თამაშის პრეტენზიაც მაქვს. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა და საკუთარ თავზე მუშაობას ძველებურად განვაგრძობ.
შეიძლება, ჩემს ადგილზე სხვა ფეხბურთელისთვის ეს დიდი დარტყმა ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის სტიმულია.
დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონს ძლიერ კლუბში დავიწყებ.
- ამ ამბავზე გავლენა "ზესტაფონთან" მატჩში შენმა გაძევებამ ხომ არ იქონია?
- არ ვიცი. იმ ეპიზოდში სხვა გამოსავალი არ მქონდა, მოწინააღმდეგე უნდა შემეჩერებინა, ჩემს კარში გოლს ვერ გავატანინებდი.
- "ვიტ ჯორჯიასთან" რაიმე სახის ფინანსური დავა ხომ არ გექნება?
- არა, ყველაფერზე შევთანხმდით. ამ თვის ხელფასს ავიღებ და კლუბთან სხვა პრეტენზია არ მექნება.
- მთლიანობაში, "ვიტ ჯორჯიადან" დადებითი ემოციები უფრო მიგყვება თუ უარყოფითი?
- ძირითადად დადებითი. "ვიტ ჯორჯიასი" მადლობელი ვარ, რადგან ფეხბურთელად აქ ჩამოვყალიბდი და სანაკრებო შეკრებაზეც აქედან გამომიძახეს. ძალიან მეგობრული გუნდია და იქ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.
მადლობის მეტი არაფერი მეთქმის გურამ რუხაძისა და იმ მწვრთნელების მიმართ, რომლებთან ერთადაც "ვიტ ჯორჯიაში" მიმუშავია. განსაკუთრებით მადლიერი კი ზურაბ ბერიძის მიმართ ვარ განწყობილი. ისიც მეკარე იყო და ჩემი ყველაზე კარგად ესმოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"