პროგრამის პრეზენტაცია სპორტის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამართა, 12 აპრილს კი მინისტრმა მის შესახებ უფრო დეტალური ცნობები მოგვაწოდა.
უშუალოდ პროგრამა, რომელიც ესპანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით "მიხეილ მესხზე" წარიმართება, 7 მაისს დაიწყება, 240 სასწავლო საათისგან შედგება და 12 კვირის განმავლობაში გასტანს. პროგრამა შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან.
პროგრამაში მონაწილეობის უფლებას C კატეგორიის ლიცენზიის ის მფლობელები მიიღებენ, რომლებიც თეორიულ ტესტირებაში საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნული პროგრამა მისი მონაწილეთათვის კარგი საფუძველი უნდა გახდეს სფფ-ის მიერ ორგანიზებული B ლიცენზიის კურსებზე მონაწილეობისთვის.
სპორტის სამინისტრო და სფფ შემდგომში მკაცრად გააკონტროლებენ C ლიცენზიის მფლობელ მწვრთნელთა საქმიანობას. გეგმის მიხედვით, ამ კატეგორიის ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს მომავალი წლიდან უნდა აეკრძალოთ 12 წელზე უფროს ბავშვებთან მუშაობა, როგორც ამას უეფას მოთხოვნები ითვალისწინებს.
დღეისთვის C ლიცენზიას დაახლოებით 700 ქართველი მწვრთნელი ფლობს და მათგან მხოლოდ 65 პროცენტია დასაქმებული. სფფ-ისა და სპორტის სამინისტროს მიზანია, მათ შორის ყველაზე კვალიფიციური კადრების შერჩევა და შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მსმენელთა პრაქტიკით უზრუნველყოფაც.
მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებენ საფეხბურთო სკოლებსაც. მაისში მათ დეტალურად შეამოწმებენ და ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვადას მიმდინარე წლის ბოლომდე მისცემენ. ის სკოლები, რომლებიც ამ პერიოდისთვის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, დაიხურებიან და მათ აღსაზრდელებს სხვა სკოლები გადაინაწილებენ.
ქართულ-ესპანური ერთობლივი პროგრამა საპილოტეა და შემდგომში იგი უფრო ფართო მასშტაბებით წარიმართება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს და ის მსმენელები, რომლებიც ტესტირებას წარმატებით გაივლიან და კურსებზე მოხვდებიან, სწავლების გადასახადისგან თავისუფალნი იქნებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"