საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან ფანიაშვილის თქმით, უმაღლესი ლიგის მსაჯები სრულად აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ცდილობენ, თითოეულ მატჩს მაქსიმალური პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით მიუდგნენ, თუმცა ზოგჯერ შეცდომებს ისინიც უშვებენ.
ამის მიუხედავად, ფანიაშვილი ქართული სამსაჯო კორპუსის საერთო დონეს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. მისი შეფასებით, მსაჯთა შეცდომები პირველ
ჩვენს ჩემპიონატში ბოლო დროს წითელი ბარათები მომრავლდა, რასაც ფანიაშვილი დაძაბულობის დონის გაზრდით ხსნის. თუმცა მთლიანობაში სამსაჯო განყოფილების თავკაცი მიიჩნევს, რომ ჩვენი უმაღლესი ლიგა უხეშობით არ გამოირჩევა - ევროპულ ლიგათა უმრავლესობაში არბიტრები წითელ-ყვითელ ბარათებს უფრო ინტენსიურად არიგებენ.
სამსაჯო განყოფილება აპრილის ბოლოს მსაჯების მზადყოფნას მორიგ ტესტებზე შეამოწმებს. ცნობისთვის, ქართველი მსაჯები ნორმატივებს წელიწადში ოთხჯერ აბარებენ.
დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში რამდენიმე ახალ არბიტრს ვიხილავთ. პირველ ლიგაში არაერთი პერსპექტიული არბიტრია და მათ თავის გამოჩენის შანსი ამ სეზონშივე მიეცემათ, ბუნებრივია, ნაკლებად პრინციპულ მატჩებში. ვინც ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, მომავალი სეზონიდან უმაღლესი ლიგის შეხვედრების გაძღოლას სისტემატურად მიანდობენ.
საქართველოს ფიფას არბიტრი კვლავ ოთხი ჰყავს - გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა, ლევან კვარაცხელია და დავით ხარიტონაშვილი. წლის ბოლოს ფიფამ, შესაძლოა, ეს წოდება კიდევ ერთ ქართველ მსაჯს მიანიჭოს. საამისოდ ყველაზე რეალური კანდიდატი თორნიკე გვანცელაძეა.
რაც შეეხება ქართველი მსაჯების საერთაშორისო მიწვევებს, ზაფხულში, მომავალი ევროტურნირების საწყის ეტაპებზე, ხშირად ანდობენ მატჩების განსჯას. უახლოესი ვიზიტი კი 10 მაისს დავით ხარიტონაშვილის ბრიგადას ელის. ქართველი მსაჯები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს მოემსახურებიან, სადაც ერთმანეთს მაკედონია და ჩრდილოეთ ირლანდია დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება შიდაქართულ ამბებს, "ლელო" სამსაჯო რუბრიკას რეგულარულად განაგრძობს და სეზონის დასრულებამდე მომხდარ თითოეულ სადავო ეპიზოდს შეძლებისდაგვარად განიხილავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"