ფიფამ კოსოვო აღიარა. რა იქნება აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემთხვევაში?

AutoSharing Option
22 მაისს ფიფამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე უმნიშვნელოვანესი პრესრელიზი გაავრცელა:

"22 მაისს ბუდაპეშტში მიმდინარე სხდომაზე ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა, ორგანიზაციის დებულების 79-ე მუხლის თანახმად, მის წევრ ქვეყნებს ნება დართო, რომ კოსოვოს ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრები ჩაატარონ".

ფიფას დებულების 79-ე მუხლში ვკითხულობთ:

"ფიფას წერილობითი თანხმობის გარეშე კონფედერაციის ასოცირებული წევრების ფეხბურთელებსა და გუნდებს ეკრძალებათ თამაში და კონტაქტი იმ ფეხბურთელებსა და გუნდებთან, რომლებიც არ არიან კონფედერაციის წევრები".

კოსოვომ სერბეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, მაგრამ ადრე ფიფა კოსოვოს აღიარებას ერიდებოდა, რადგან ის გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის წევრი არ არის. ასევე იქცეოდა უეფაც.

ფიფას გუშინდელი გადაწყვეტილება ხომ არ არის სიგნალი აფხაზი და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისთვის? ამ კითხვით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, მურად ანჯაფარიძეს მივმართეთ.

"არა მგონია, რომ კოსოვოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მსგავსი ვითარება იყოს. ჩვენს შემთხვევაში, სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა მხოლოდ ორიოდე გაუგებარმა სახელმწიფომ და რუსეთმა აღიარეს, კოსოვო კი - 50-ზე მეტმა ქვეყანამ.

ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები კოსოვოსთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ. ალბათ, ეს გაითვალისწინა ფიფამ და ამიტომაც დართო ბალკანელებს ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება.

როგორც ვიცი, კოსოვოს ნაკრებმა ადრე შვეიცარიულ კლუბთანაც ითამაშა.

მესმის, ჩვენს
შემთხვევაშიც გარკვეული საფრთხე არსებობს, მაგრამ არა მგონია, რომ ფიფამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს იგივე უფლება დართოს, რადგან მათ საერთაშორისო ორგანიზაციები არც ცნობენ და არც თანამშრომლობენ.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის პერიოდში ამ საკითხზე რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს, კოლოსკოვს ველაპარაკეთ და სწორედ მან გვითხრა, წარმოუდგენელია, რომ ისინი ფიფაში მიიღონო",
- ამბობს ანჯაფარიძე.

ფიფამ კოსოვოს ნება დართო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული