გიორგი ფანცულაია - ქუთაისის "ტორპედოს" ამბიციური ახალწვეული

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ქუთაისის "ტორპედომ" გორის "დილას" გადახალისებული შემადგენლობით უმასპინძლა და 3:2 მოუგო.

სტუმართა კარში ერთი გოლი გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. ეს მისთვის უმაღლეს ლიგაში პირველი ბურთი იყო, თუმცა მანამდე თავი "ზესტაფონთან" მატჩითაც დაგვამახსოვრა - "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ იგი მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა და ფანცულაიამ საგოლე გადაცემა გააკეთა.

შედეგად, "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონს სძლია და ბრინჯაოს მედლებისა და ევროპის ლიგის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

18 წლის ფანცულაია "ტორპედოში" "ოლიმპის" საფეხბურთო აკადემიიდან მარტში გადავიდა და ახალ გარემოს მალევე გაუშინაურდა.

"ადაპტაცია
საერთოდ არ გამჭირვებია, ერთ კვირაში იქაურობას მთლიანად მივეჩვიე და გუნდში თავი კომფორტულად ვიგრძენი. "ტორპედოში" ყველაფერი მომწონს. აქ ყველა საშუალება მაქვს იმისთვის, რომ მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე"
, - გვითხრა ფანცულაიამ, რომელიც პოზიციით უკანდახეული თავდამსხმელია.

საკუთარ ძლიერ მხარედ ძლიერი დარტყმა მიაჩნია. სხვა კომპონენტებზე კი ფიქრობს, რომ ბევრი მუშაობა დასჭირდება.

"მთავარია, რომ მწვრთნელის ნდობას ვგრძნობ. უმაღლეს ლიგაში თამაშს ნელ-ნელა მივეჩვევი და იმედი მაქვს, მომავალი სეზონიდან "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში უფრო ხშირად მოვხვდები. საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს ამ დონეზე თამაშისას უფრო კარგად ვხედავ და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშედ ჩამოვყალიბდე", - ამბობს "ტორპედოს" თავდამსხმელი.

მისი უახლოესი ამოცანა კი ევროთასებზე წარმატებით თამაშია:

"ვფიქრობ, "ტორპედოს" შესწევს იმის ძალა, რომ ევროპის ლიგაზე რამდენიმე ეტაპი გადალახოს. ჩემთვის ევროთასებზე ასპარეზობა დიდი გამოცდილება იქნება და საერთაშორისო მატჩების დაწყებას მოუთმენლად ველოდები.

იმედი მაქვს, თამაშის საშუალება იქაც მომეცემა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ტორპედო" საქართველოში ყველაზე პერსპექტიული გუნდია და უახლოეს სეზონებს იქ სიამოვნებით გავატარებდი".

გიორგის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია. ამჟამად კი 18-წლამდელთა ნაკრების წევრია. იყო 19-წლამდელების კანდიდატიც.

"გული ძალიან არ დამწყვეტია, 19-წლამდელთა განაცხადში რომ ვერ მოვხვდი. ჩემი თაობა ხომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას შემოდგომიდან დაიწყებს და ვფიქრობ, იმ გუნდში მოვხვდები.

17-წლამდელების წარმატება ჩემთვის დიდი სტიმულია და ვეცდები, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მათი მიღწევის გამეორებისთვის ვიბრძოლო",
- ამბობს ფანცულაია.

ტორპედოს ამბიციური ახალწვეული (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული