წინადადება საინტერესოა, ოღონდაც პირდაპირი ტელეეთერი არ არის ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ ან რაღაცაზე თანხმდებიან. ტელეეთერის მთავარი დანიშნულება შოუს გაკეთებაა.
შოუ სანახაობას ნიშნავს და მართლაც საინტერესო სანახაობა უნდა იყოს ქართული კლუბების მესვეურთა დისკუსია. ეს არის საშუალება, რომ ღიად ითქვას სათქმელი. თუ მანამდე რომელიმე კლუბის მესვეურს ამის სურვილი ჰქონდა, ალბათ, მიზანსაც მიაღწევდა. ყოველ შემთხვევაში, მედიასაშუალებებს, მგონი, არცერთი კლუბის პრეზიდენტი არ შეუზღუდავს.
ახლა კი გამოწვევა ფეხბურთის ფედერაციიდან მოდის - რამე გაქვს სათქმელი?
ფედერაციის ინიციატივა გასაგებია, რადგან ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ჩემპიონის საკითხი, თასის ფინალი... კლუბებთან საუბარი მანამდეც რომ იყო აუცილებელი, ამას, მგონი, ახლა ყველა ხვდება.
საფეხბურთო ოჯახი, კარგია ის თუ ცუდი, არსებობს და არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რაც ოჯახის იქით არ უნდა გავიდეს.
ბევრი რამ სწორედ კლუბების ბრალია. მათ თვითონ ჩააყენეს საკუთარი თავი წამგებიან პოზიციაში. აღმასკომში რატომ არ არიან კლუბების წარმომადგენლები? იმიტომ, რომ კლუბები ყველაფერზე თავს აქნევდნენ და მერე მათ აღარ გაუწიეს ანგარიში. კლუბებს პროფლიგა აღარ აქვთ და არც სხვა ალტერნატიული გაერთიანება. ეს ყველაფერი ლოგიკურია, მაგრამ სინამდვილე კიდევ სხვა არის - შიში, რომლის დაძლევაც ძალიან ძნელია.
უმაღლესი ლიგის შვიდი კლუბი კერძოა. არის კიდევ ხუთი საბიუჯეტო კლუბი. ბალანსი სახეზეა, მაგრამ რადგან ჩვენთან ესა თუ ის კერძო კლუბი ერთი შეძლებული ადამიანის საკუთრება გახლავთ, ყველაფერზე პასუხისმგებელიც ის არის, მათ შორის, მწვავე განცხადებებზეც.
ვფიქრობ, დემოკრატიის ხარისხი საქართველოში იმისთვის საკმარისი ნამდვილად არის, რომ საფეხბურთო პრობლემებზე ყველას შეეძლოს ღიად საუბარი და თუ ასე არ არის, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე.
არა მგონია, დისიდენტობა იყოს საჭირო იმისთვის, რომ კლუბის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში ღიად ისაუბროს ფეხბურთზე და კონკრეტულად იმაზე, რაც ახლახან ჩამთავრებულ სეზონში მოხდა. ყველაფერი ნებაზეა დამოკიდებული.
კლუბების მთავარი შეცდომა თუ ნაკლი კი, ალბათ, ის არის, რომ მათ სოლიდარობა არ სურთ. ყველას მარტო უნდა რაღაც გზების მოძებნა. ეს კი მოძველებული ვარიანტია. ამას მხოლოდ სკანდალები მოჰყვება, მერე კი ხელმოცარვა ევროტურნირებზე.
სხვა რა გითხრათ? ეს ოდენ ჩემი აზრია, თუმცა მასში ისეთიც ურევია, საკამათო რომ არ უნდა იყოს: სოლიდარობაზე დიდი ძალა არსებობს?..
მოხსენით გუდას პირი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"