გაორებული შთაბეჭდილება

AutoSharing Option
ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
01.07. თბილისი. ეროვნული. 3 000 მაყურებელი
დინამო (საქართველო)-ფლორა (ესტონეთი)    2:1
0:1 დუპიკოვი (10. კონსას პასით), 1:1 კახელიშვილი (22), 2:1 ხმალაძე (64-პენ)
დინამო: ლორია - თომაშვილი, კაკუბავა, ჩადუნელი, ხმალაძე - ედნილსონი, კოშკაძე - ჯუისი (85. ლეკვთაძე), თექთურმანიძე (77. ფირცხალავა), კახელიშვილი - ვაწაძე (85. მეტრეველი).
სათადარიგოები: შეყრილაძე, მამუჩაშვილი, სიხარულიძე, გ. გველესიანი
ფლორა: პედოკი - კამსი, პალატუ, ალასი, იურგენსონი, -  დუპიკოვი (74. ალიკუ), კაზიმირი, მინკენენი, ლუტსი (86. მაშიჩევი) - მოშნიკოვი (83. პოსტი) კონსა.
სათადარიგოები: პალმი, ვეისი, იახიმოვიჩი, ბეგლარიშვილი
გაფრთხილება:
ვაწაძე (24), თომაშვილი (25), ხმალაძე (30), კონსა (59), ალასი (63), მინკენენი (82), ჯუისი (82), ფირცხალავა (90)
არბიტრი: ე. ჰაკმონი (ისრაელი)

ისე როგორც ახლა, ერთი წლის წინაც ევროტურნირებზე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მეტოქე ბალტიისპირეთის წარმომადგენელი იყო. ოღონდ, უნდა ვაღიაროთ, რომ შარშანდელი "მეტალურგსის" და წლევანდელი "ფლორას" შედარება, უბრალოდ, უხერხულიც არის: ლატვიური გუნდი ესტონურს ყველაფრით აღემატებოდა. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ შარშანდელი და წლევანდელი "დინამოს"... შედარებაც არ შეიძლება! ჰო, ფაქტობრივად განახლებულ-გაახალგაზრდავებული გუნდით დაიწყო ახალი სეზონი "დინამომ" და ამის გამოც იყო, რომ არაფრით გამორჩეულ მოწინააღმდეგესთან მატჩის წინ ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შანსებს, ზოგი, ცოტა ფრთხილად აფასებდა. არადა, კიდევ ვიმეორებთ, "დინამოს" მეტოქე მართლაც რიგითი, საშუალოზე დაბალი კლასის გუნდი იყო და ეს, გუშინდელმა შეხვედრამაც დაადასტურა.

თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ "დინამოს" თამაშმაც... გაორებული შთაბეჭდილება დატოვა. რა თქმა უნდა, ევროტურნირებზე ნებისმიერი ქართული გუნდის წარმატებული ასპარეზობა გვიხარია, მაგრამ "ფლორას" ნაცვლად გუშინ მეტ-ნაკლებად "ნორმალური" მეტოქე რომ გვყოლოდა, ალბათ... ფრეც სანატრელი გაგვიხდებოდა! ყოველ შემთხვევაში, ამდენ შეცდომებს სხვები არ გვაპატიებდნენ; თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ კახა კაჭარავას ფაქტობრივად, ახალ გუნდში რგოლებს შორის "ურთიერთგაგებაც" მალე დამყარდება, ცალკეული მოთამაშეებიც ბევრად უფრო კონცენტრირებულნი იასპარეზებენ და მოტივაციის საკითხიც პრობლემატურ-აქტუალური აღარ იქნება.
ახლა კი, უშუალოდ, გუშინდელ შეხვედრაზე, ზემოთ როგორც აღვნიშნეთ, გაორებული შთაბეჭდილება რომ დატოვა. აქვე, იმაზეც "შევთანხმდეთ", რომ "დინამოს" სატრანსფერო "აქტიურობაზე" სხვა დროს ვისაუბროთ; ისე როგორც იმაზე, თუ რა პერსპეტივა გააჩნია ჩვენს ყველაზე ტიტულოვან გუნდს არა მხოლოდ წლევანდელ ევროტურნირებზე, არამედ საქართველოს ჩემპიონატშიც...

...მატჩის პირველი წუთი არ იყო დასრულებული, ვალერი მინკანენმა მარცხენა ფლანგიდან რომ შემოგვიტია - გიორგი ლორიამ ამ ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა. ასეთ დაწყებას მართლაც არავინ მოელოდა. თუმცა ორ წუთში უკვე მასპინძლებს შეექმნათ რეალური მომენტი: საჯარიმო ედნილსონმა შეასრულა და მეტოქის კართან ზურგით მდგომმა ალექსანდრე კოშკაძემ ბურთს თავი შეაგება, ოღონდ, "დინამოს" ახალი კაპიტნის დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. რამდენიმე წამიც არ იყო გასული ამ ეპიზოდიდან, "ფლორამ" უაღრესად სახიფათო კონტრშეტევა რომ წამოიწყო: სიიმ ლუტსმა მარცხენა ფლანგიდან "დინამოს" საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და ლორიას წინ მდგომმა სერგეი მოშნიკოვმა როგორ მოახერხა ბურთის კარს აცილება, ძნელი სათქმელია.
მოკლედ, ამ ეპიზოდში აშკარად გადავრჩით, სამაგიეროდ "ფლორას" მორიგი შეტევა უკვე გოლით დასრულდა: სტუმრებმა ისევ მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და ოლივერ კონსას ზუსტი გადაცემის შემდეგ ალო დუპიკოვს მხოლოდ ბურთის კარში გადაგზავნაღა "ესაჭიროებოდა"...

გაშვებული გოლის შემდეგ "დინამომ" ერთადერთი რაც მოახერხა, ალექსანდრე კოშკაძის მიერ შესრულებული ჯარიმა იყო, "ფლორას" მეკარე სტანისლავ პედოკის იოლი ნადავლი რომ გახდა. ამას კვლავაც ესტონელთა შეტევები მოჰყვა და ზედიზედ ორჯერ გადავრჩით; განსაკუთრებით იმ ეპიზოდში, როცა გოლის ავტორი ალო დუპიკოვი ამჯერად უკვე მარჯვენა ფლანგიდან ემუქრებოდა "დინამოს" კარს. და აი, იმ დროს, სტუმრებმა რომ "გაილაღეს", გიორგი კახელიშვილმა უაღრესად საჭირო გოლი გაიტანა!
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "დინამოს" მარცხენა გარემარბმა ყველაფერი ეფექტურად შეასრულა: ერთი მოძრაობით მეურვე კოხტად ჩამოიცილა და საშუალო მანძილიდან მოჭრილი დარტყმით ბურთი სტანისლავ პედოკისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში გაგზავნა! "დინამოს" ფეხბურთელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ზეიმობდა, სერგეი მოშნიკოვისა და ოლივერ კონსას უმარტივესი კომბინაცია კინაღამ მეორე გოლით რომ დასრულდა.

პირველი ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ალო დუპიკოვის თავური დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა. რაც შეეხება "დინამოს", ნამდვილად ვერ ვიტყვით,  ტაიმის ბოლომდე დარჩენილი დრო შეტევებში გაატარა; თუმცაღა, დონალდ ჯუისმა, ალექსანდრე კოშკაძემ და მათე ვაწაძემ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები მაინც შექმნეს სტუმართა კართან.
...მეორე ტაიმის დასაწყისიც პირველის ანალოგიური გამოდგა: სერგეი მოშნიკოვი კვლავაც უმეთვალყურეოდ აღმოჩნდა ჩვენი კარის სიახლოვეს, მაგრამ "ფლორას" ფორვარდის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. აი ეს იყო და ეს: ამის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში "დინამოს" უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა და ერთი-ორ ეპიზოდში მართლაც არ გაგვიმართლა, თორემ ანგარიში აშკარად სხვა იქნებოდა; ჯერ გიორგი კახელიშვილმა იაქტიურა, რომლის მწვავე ჩაწოდების შემდეგ პედოკს ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ დამატებაზე არავინ იყო; ამას ედნილსონის საჯარიმო მოჰყვა - ბურთი მეტოქის კარის ხარიხას მოხვდა! შემდეგ კი ვნახეთ გიორგი თექთურმანიძის ჩინებული სოლო-რეიდი, ერთადერთი... გოლიღა რომ აკლდა, - სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნახევარმცველის საბოლოო დარტყმას "ფლორას" მცველები გადაეღობნენ.

შემდეგ ისევ კახელიშვილი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ ამჯერად არაზუსტად დაარტყა. თუმცა, "დინამოს" მარცხენა გარემარბს აქტიურ თამაშს მაინც "დაუფასდა": კომბინაცია მათე ვაწაძემ წამოიწყო, გიორგი თექთურმანიძემ გააგრძელა და კახელიშვილის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ბურთი სტუმართა კაპიტნის ტეეტ ალასს ხელზე მოხვდა! საბედნიეროდ, შეხვედრის არბიტრი ელი ჰაკმონი იქვე იმყოფებოდა და პენალტიც უყოყმანოდ დანიშნა: თერთმეტმეტრიანი ლევან ხმალაძემ უნაკლოდ შეასრულა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ "დინამომ" მეტოქის კარს მხოლოდ ერთხელ შეუტია: ალექსანდრე კოშკაძემ ჯარიმა სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ პედოკმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სამაგიეროდ, "ფლორა" გააქტიურდა და მართლაც ძნელი სათქმელია, თუ როგორ ვერ ისარგებლდა ოლივერ კონსამ ჩვენი დაცვის უხეში შეცდომით. ყოველ შემთხვევაში, "ფლორას" ფორვარდმა მართლაც ფანტასტიკური შანსი გაუშვა ხელიდან; არანაკლებ სახიფათო იყო ვალერი მინკენენის შორეული დარტყმაც, გიორგი ლორიამ რომ კუთხურზე მოიგერია.

...მატჩის ბოლო წუთები სტუმრების შეტევებით წარიმართა. "ფლორას" მთავარმა მწვრთნელმა მარტინ რეიმმა მოედანზე ორმეტრიანი (!) ფორვარდი სანდერ პოსტიც შემოიყვანა, მაგრამ სტუმართა ფეხბურთელების საშემსრულებლო ოსტატობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. ჰო, შევძელით და ერთბურთიანი უპირატესობა შევინარჩუნეთ; მაგრამ, მატჩის დამთავრებისთანავე, ბევრს გაუჩნდა კითხვა: განმეორებითი მატჩისთვის ეს ერთბურთიანი უპირატესობა საკმარისი იქნება?..



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული