რუსების პოზიცია: საეჭვოა, აფხაზებს ფიფასთან გარიგებაში დავეხმაროთ

AutoSharing Option
ცნობილია, რომ 22 მაისს ბუდაპეშტში ფიფას აღმასკომმა კოსოვოს ნაკრებს საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ჩაატარების უფლება დართო.

მოსალოდნელი მოხდა, ბალკანელთა აღიარებას სხვა სეპარატისტული რეგიონების რეაქცია მოჰყვა - ახლა იგივე უფლებას სეპარატისტული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ითხოვს.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯემალ გუბაზმა იმედი გამოთქვა, რომ უფლების მოპოვების რეალური შანსი გააჩნიათ.

თუმცა საგულისხმოდ მოგვეჩვენა რუსეთის საფეხბურთო კავშირის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კომაროვის პოზიცია:

"მეეჭვება, აფხაზებს ამ საკითხის მოგვარებაში დავეხმაროთ. ჩვენ არ ვიცით, კოსოვოელებმა რეალურად რა ნაბიჯები გადადგეს, ფიფასგან ეს უფლება
რომ მიეღოთ.

შესაძლოა, მათი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ფიფას შტაბბინაში იმყოფებოდნენ და რაღაცნაირად მოელაპარაკნენ.

ვფიქრობ, აფხაზებმაც იგივე უნდა გააკეთონ".


"აშკარაა, კოსოვომ ეს უფლება მხოლოდ სურვილის გამო არ მოიპოვა. ეს არასაკმარისი იქნებოდა. მაგალითად, დიდი ხანია, დამოუკიდებელი სტატუსის მოპოვება სურს გიბრალტარსაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ მხარს ფიფაში უდიდესი გავლენის მქონე ინგლისი უჭერს, ესპანელთა კატეგორიული წინააღმდეგობის გამო დღემდე არაფერი გამოდის.

როგორც ჩანს, კოსოვომ რომელიღაც ავტორიტეტული ნაციონალური ფედერაციის მხარდაჭერა მოიპოვა. თეორიულად, ამხანაგური მატჩების ჩატარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრებებსაც შეუძლიათ, თუ ფიფა იტყვის, რომ მათთან თამაშის გამო არავის დასჯის",
- განუცხადა რუსულ გამოცემა "იზვესტიას" უეფას პრეს-ოფიცერმა სერგეი ბორისოვმა.

"იზვესტიასთან" პოზიცია დააფიქსირა თბილისისა და კიევის "დინამოს" ყოფილმა მცველმა, საბჭოთა კავშირის, დსთ-ისა და რუსეთის ნაკრებების ყოფილმა წევრმა ახრიკ ცვეიბამაც, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ამ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი ინიციატორია:

"გასულ წელს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ ძიაპშპამ ფიფაში განაცხადი უკვე შეიტანა. ამჟამად საკითხზე ახალი პრეზიდენტი ჯემალ გუბაზი მუშაობს და განაცხადი მომზადებულია.

მიმაჩნია, რომ კოსოვოსავით ჩვენც ყველაფერი გამოგვივა. ფიფაში განაცხადის შესატანად საკმარისია რესპუბლიკისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტების გადაწყვეტილებები. ერთიც და მეორეც, უეჭველია, რომ რესპუბლიკაში სპორტის განვითარებით დაინტერესებულები არიან".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა კი ფიფას მოუწოდებს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კოსოვოს რანგში არ გაიყვანოს და მატჩების ჩატარების უფლება არ დართოს.

საინტერესოა წერილის ის ნაწილი, სადაც სიჭინავა მზადყოფნას გამოთქვამს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედი ნებისმიერი საფეხბურთო სუბიექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში წევრის სტატუსით გააწევრიანოს, რაც მათ ფიფას და უეფას ერთიან სამართლებრივ სივრცეში შესვლას განაპირობებს.

ეს სურვილი სეპარატისტებისგან არასოდეს წამოვა. ამ კუთხით თავად ფეხბურთის ფედერაციამ უნდა იმუშაოს. საჭიროა ინტეგრაცია, გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება, აფხაზებისთვის საქართველო ტრამპლინად რომ იქცეს. ასეა მოლდოვაში, სადაც სეპარატისტული დნესტრისპირეთის გუნდი, ტირასპოლის "შერიფი" მოლდოვას ჩემპიონატიდან გასვლაზე არც ფიქრობს და ევროთასებზე მისი სახელით გამოდის.

აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან და ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ომმა, სხვათა საქმეში ცუდად ჩარევამ და ჩვენივე დაუკვირვებლობამ ერთმანეთი გადაგვკიდა. მათ რეალური ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ.

ბევრი ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ გამოსავალი არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი ქართული კლუბი აფხაზეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ასეთი მაგალითები ჩვენ ერთმანეთს კვლავ დაგვაახლოვებს.

რუსების პოზიცია: საეჭვოა, აფხაზებს დავეხმაროთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
საქართველომ ფიფას შეახსენა - აფხაზეთი კოსოვო არაა!

"აფხაზეთის ნაკრები" ფიფასგან ამხანაგური მატჩების ნებართვას ითხოვს

ფიფამ კოსოვო აღიარა. რა იქნება აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემთხვევაში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული