რევაზ თევდორაძე კარიერას ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის ყველაზე "ქართული" გუნდი, ბაქოს "ინტერი" ახალი სეზონისათვის მზადებას იწყებს და 2 ივნისს თურქეთში მიემგზავრება შეკრებაზე.

ქართველი სპეციალისტის, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ინტერი" ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე ითამაშებს და თურქეთის შემდეგ გუნდი შეკრების მეორე ეტაპს სლოვაკეთში გაივლის.

ამ ორივე შეკრებაზე გუნდთან ერთად იქნებიან ახალწვეულები, რომელთაგანაც, რაღა თქმა უნდა, 31 წლის გიორგი ადამია უნდა აღვნიშნოთ - აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი "ინტერს" რომ გააძლიერებს, ეს ფაქტი საკამათო არავისთვის უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ადამიას გარდა, "ინტერში" კიდევ ოთხი ჩვენებური
თამაშობს: 32 წლის გიორგი ლომაია (მეკარე), 32 წლის ვალერი აბრამიძე, 30 წლის ილია კანდელაკი (ორივე - მცველები) და 24 წლის ბაჩანა ცხადაძე (თავდამსხმელი).

და აი, 30 მაისს შევიტყვეთ, რომ "ინტერის" ქართული "დიასპორა" კიდევ გაიზარდა: სწორედ ამ აზერბაიჯანულ კლუბში გააგრძელებს კარიერას 24 წლის რევაზ თევდორაძე.

ეს უკანასკნელი ამპლუით მეკარეა და ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვისაც არ გახლავთ "უცნობი" მოთამაშე. "თბილისი", "დილა", "მერანი" (თბილისი), "გაგრა", ბათუმის "დინამო" - აი, ამ გუნდებში თამაშობდა თევდორაძე 2005-11 წლებში. ბოლო სეზონი კი "ჩიხურაში" გაატარა და მისი დიდი დამსახურებაც იყო, საჩხერულმა გუნდმა ჯერ პირველ ლიგაში რომ გაიმარჯვა, შემდეგ კი - პლეი აუტში.

სხვადასხვა დროს რევაზ თევდორაძე საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების ძირითადი მეკარე გახლდათ, 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც (2006 წელს).

რევაზ თევდორაძე ინტერში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული