თბილისის "ლოკომოტივი" - ბარსელონადან საგურამომდე

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ თბილისის "ლოკომოტივი" ბარსელონიდან დაბრუნდა, სადაც კოსტა-ბრავას საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.
ამ წარმომადგენლობითი ტურნირის პერიპეტიებსა და "ლოკომოტივის" სამომავლო გეგმებზე კლუბის პრეზიდენტს ლექსო თოფურიას ვესაუბრეთ.

- ამ ტურნირზე უკვე მესამედ მიგვიწვიეს. კოსტა-ბრავას წლევანდელ გათამაშებაში 1993 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს უნდა ეასპარეზათ, მაგრამ "ლოკომოტივის" ძირითად ბირთვს ორი წლით უმცროსები შეადგენდნენ.

მიუხედავად ასაკში სხვაობისა, "ლოკომოტივმა" ღირსეულად იასპარეზა: ჯგუფში, კატალონიური და ეკვადორის გუნდები დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ყატარულ "ესპაერსთან" დამარცხდა. სხვათა შორის, სწორედ ეს გუნდი გახდა კიდეც ამ ტურნირის გამარჯვებული.

- მსგავსი ტურნირები
ახალგაზრდა ფეხბურთელებს პროფესიულ ზრდაში რომ დაეხმარება, საკამათო არავისთვის უნდა იყოს.

- რა თქმა უნდა. უპირველესად, ძლიერ მეტოქეებთან პაექრობებში მიღებული გამოცდილება უნდა ვახსენოთ. ამას გარდა, ფინანსურ მხარესაც ნუ დავივიწყებთ: "ლოკომოტივის" ფეხბურთელებით ქართული და უცხოური კლუბები დაინტერესდნენ.

- ეს ინტერესი კოსტა-ბრავას ტურნირმა გაზარდა თუ ახლახან დასრულებულმა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურმა ეტაპმა? (რედ. მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში "ლოკომოტივის" 7 ფეხბურთელი თამაშობდა)
- ბარსელონაშიც უამრავი სკაუტი იყო ჩამოსული, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებულმა თამაშმა ეს ინტერესი ბევრად უფრო გაზარდა.

- ანუ, მალე საინტერესო ტრანსფერებსაც უნდა ველოდოთ?
- არ დავმალავ: ერთობ სერიოზული წინადადებებით მოგვმართეს, მაგრამ არ ვჩქარობთ. ეს ბიჭები ჯერ არასრულწლოვნები არიან, ამიტომაც ნებისმიერ შემოთავაზებას მათ მშობლებთან ერთად განვიხილავთ.

- 16-17 წლის ბიჭებს სოლიდური შემოთავაზებები რომ ექნებათ, როგორ აპირებთ ამ ბირთვის შენარჩუნებას?
- "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ და თითოეული მათგანის პირობებსაც გავაუმჯობესებთ. რაც მთავარია, ისინი ჯერჯერობით ჩვენთან დარჩებიან, ფიზიკურად მოძლიერდებიან და მერე თავად გადაწყვეტენ: საქართველოში დარჩნენ თუ კარიერა უცხოეთში გააგრძელონ.

- თქვენი სიტყვებიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო სეზონში "ლოკომოტივის" მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იქნება.
- გუნდის ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ "ლოკომოტივს" რეალურად შესწევს ამ მიზნის მიღწევა. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ახალი სეზონიდან "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გელა სანაია იქნება - ახალგაზრდა და პერსპექტიული სპეციალისტი, სულ ახლახანს "პრო-ლიცენზია" რომ აიღო.

მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენს გუნდთან ერთად იქნება ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელი გილ ორიოლ ანსანა, რომელსაც "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდებთანაც უმუშავია, კანადაშიც და ყატარშიც.

- "ლოკომოტივი" საშინაო მატჩებს სად ჩაატარებს?
- ალბათ, არავის დასჭირდება იმის შეხსენება, რომ "ლოკომოტივი" საშინაო შეხვედრებს მუდამ "მიხეილ მესხზე" ატარებდა. ახლაც ამის დიდი სურვილი გვაქვს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. "ლოკომოტივის" ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მართლაც დაიმსახურეს, რომ დიდ და კომფორტულ სტადიონზე ითმაშონ.

- უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდისგან განსხვავებით, "ლოკომოტივს" საკუთარი ბაზა გააჩნია...
- საგურამოში, ჩვენს ბაზაზე ორი ბუნებრივ საფარიანი და ერთიც ხელოვნური მოედანი გვაქვს, პლუს ადმინისტრაციული კორპუსი, სატრენაჟორო, მსაჯებისა და სამედიცინო ოთახები. ახლა ვიწყებთ მეორე და მესამე სართულების გარემონტებას, სადაც კვების ბლოკი და ფეხბურთლებისათვის მოსასვენებელი ოთახები განთავსდება.

- რაიმე ახალი პროექტის წამოწყებას ხომ არ გეგმავთ?
- ამჟამად, მხოლოდ და მხოლოდ, "ლოკომოტივზე" და იმ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ვართ ორიენტირებული, გუნდისა და, საერთოდ, კლუბის ნორმალური ფუნქციონირებისათვის რომ არის აუცილებელი.

სიახლე კი ის არის, რომ საგურამოსა და მის მიმდებარე სოფლებში სელექცია ჩავატარეთ და 40 შერჩეული ბავშვი ჩვენთან ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული