ზვიად სიჭინავა: ევრო 2020-ის მასპინძლობის შანსი რეალურია!

AutoSharing Option
1 ივნისს, ბათუმის სასტუმრო "რედისონის" საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა, ზვიად სიჭინავამ და როვნაგ აბდულაევმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელიც ამ ქვეყნების მიერ "ევრო-2020"-ის ფინალური ეტაპის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას ეხებოდა.

თავდაპირველად, სამუშაო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რომელზეც მედიის წარმომადგენლები მხოლოდ ორიოდ წუთით დაასწრეს, ისიც ფოტოსურათების გადასაღებად.

რაც ჩვენი იქ ყოფნის დროს სტუმარ-მასპინძლებმა აღნიშნეს, ის იყო, რომ მხარეები საბოლოდ შეთანხმდნენ და ჩამოყალიბდნენ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე პრეტენზია ერთობლივად გამოეთქვათ.

დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა მუშა შეხვედრა, რის შემდეგაც სფფ-ის პრეს-ატაშემ,
ოთო გიორგაძემ
უკვე საპრესკონფერენციო დარბაზში გვიხმო, სადაც ორი ქვეყნის ფედერაციათა პირველმა პირებმა საპრეზენტაციო სიტყვის შემდეგ ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ზვიად სიჭინავა:
- დიდად მოხარული ვარ, რომ შეხვედრა შედგა და ბოლო მოეღო ქართული და აზერბაიჯანული მედიასაშუალებებით გავრცელებულ იმ ინფორმაციებს, რომ თითქოს ჩვენს მიერ გაცხადებული სურვილი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით არის ბლეფი და ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ მოგონილი.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ორი ქვეყნის მიერ გაკეთებულია განცხადი, რომელიც მიზნად ისახავს გამარჯვებას.

როვნაგ აბდულაევი:
- მინდა გითხრათ, რომ დღეს შედგა მნიშვნელოვანი და მეტად პროდუქტიული შეხვედა ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს შორის. ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ ევრო-2020-ის მასპინძლობას და ეს არის სერიოზული განაცხადი.

ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ჩვენი ქვეყნების ხელისუფალთა მხარდაჭერით მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჯერ ევროპის უდიდესი საფეხბურთო ფორუმის მასპიძლობის უფლება მოვიპოვოთ, ხოლო შემდეგ ის ღირსეულად ჩავატაროთ.

- ბატონო ზვიად, თქვენ დახურულ კარს მიღმა ესაუბრეთ აზერბაიჯანელ კოლეგას. რაიმე კონკრეტულზე თუ ითქვა რამე და როგორია უახლოესი გეგმა?
- კონკრეტული ის არის, რომ არის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის. ჩვენი ფედერაციები ყველაფერს გააკეთებენ, საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. გვაქვს სახელმწიფო მხარდაჭერის დიდი გარანტიები, ამასთან სურვილი და საკმაოდ კარგი შანსები, რომ ევრო-2020 ვუმასპინძლოთ.

ასევე, რაც დახურულ შეხვედრაზე გადაწყდა, არის ის, რომ გენერალური მდივნების შეთანხმებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში უნდა ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი. გაირკვევა საკითხები, იმ განაცხადისთვის, რომლის წარდგენაც 30 ივნისამდე უნდა განხორციელდეს.

ჯგუფის შემადგენლობა ორივე ქვეყნის მედია-საშუალებებისთვის დროულად გახდება ცნობილი.

იგეგმება კიდევ ერთი შეხვედრა, ამჯერად აზერბაიჯანში, სადაც დასახელდება ქალაქები, რომელთაც ჩემპიონატის სამასპინძლოდ შევარჩევთ.

- იქნებ გვითხრათ კონკრეტულად, რომელი ქალაქები იქნება შერჩეული?
- ეს მუშა ჯგუფის დასადგენია და დღეს ნამდვილად არ არის ლაპარაკი იმაზე, თამაშები ვანში ჩატარდება, ხონში თუ სუმგაითში. მუშა ჯგუფმა უნდა მოიკვლიოს კონკრეტული ქალაქების მაცხოვრებელთა რაოდენობა, დაადგინოს ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვადასხვა კრიტერიუმის შეჯერებით შეირჩევა ქალაქები.

- რამდენად რეალურია ჩვენი განაცხადი იმ სიტუაციაში, როცა გერმანიამ და ჰოლანდიამ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს? ამას გარდა, სტამბულში გამართულ შეხვედრაზე უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ღიად დაუჭირა თურქეთს მხარი...
- შანსი ყოველთვის არის! რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დღეს გერმანიას შეუძლია ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატსაც, ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც და მსოფლიო პირველობასაც კი. უეფასა და პლატინის პოლიტიკა კი ის არის, რომ ჩვენისთანა ქვეყნები განვითარდეს.

ჩვენთან ხალხი უნდა დაუბრუნდეს სტადიონებს, აქ უნდა ჩატარდეს ლიგის ფინალები, მსოფლიო ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები, თორემ 50 000 კაცი გერმანიის სტადიონებზე ყოველ შაბათ-კვირას იკრიბება, ჩვენთან კი მხოლოდ ათასი, 2 ათასი კაცი მოდის (ქართული ფეხბურთის მესაჭე პასუხს 2 ენაზე იძლეოდა, რუსულ ვარიანტში მან ჩვენი ჩემპიონატის მატჩებში დასწრების მაჩვენებელი 3 ათასამდე "გაზარდა" - რედ).

ჩვენი სურვილია და ასევე უეფასიც, რომ ხალხს შევაყვაროთ ფეხბურთი და მივცეთ მიზანი. ასევე ადამიანებს საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი, მივცეთ იმედი.

სწორედ უეფას სურვილია ის, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ამაღლდეს ფეხბურთის პოპულარობა-განვითარება. ასე რომ, ეს არის საკმაოდ რეალური შანსი!

- სად გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ფინალი - აზერბაიჯანში თუ საქართველოში?
- ჩვენთვის ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. ჯერ მნიშვნელოვანია, მოვიპოვოთ მასპინძლობის უფლება. და რატომ მხოლოდ ფინალი? გახსნითი მატჩი სად გაიმართოს? გახსნა ფინალზე ნაკლებ მნიშვნელოვანია?

გასაგებია, ჟურნალისტებისთვის საინტერესოა ყველა დეტალი, თუ რა იქნება მომავალში, თუმცა დამერწმუნეთ, ამ ეტაპზე ორივე ქვეყნის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია გადავდგათ ნაბიჯები წინ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ათი დღე, თუ ვინ შევა სამუშაო ჯგუფში.

აუცილებლად უნდა იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც გათვლიან ყველაფერს - უნდა შეიქმნას თილისმა, შესაბამისი სლოგანი, დადგინდეს მანძილები ქალაქებს შორის და ა.შ.

- როგორც ცნობილია, საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიდან ერთობლივი განაცხადი გააკეთეს, შემდეგ მხოლოდ საქართველომ შეიტანა განაცხადი. ბოლო მომენტში ისევ ორივე ქვეყანა ერთობლივად აცხადებს პრეტენზიას. რამდენად შესაძლოა, ეს მომენტი ხელშემშლელი გამოდგეს?
- გარწმუნებთ, რომ ეს არანაირად არ იქნება ხელშემშლელი! ჩვენ მზად გვქონდა ორივე განაცხადი. უბრალოდ, ცოტა კომუნიკაციის (?! - რედ.) პრობლემა იყო, რაც ჩვენი შიდა ჩემპიონატის პრობლემებმა გამოიწვია. მთელი ფედერაცია გადართული იყო ეროვნული ჩემპიონატის პრობლემებზე - იგივე მსაჯობასთან, გუნდებთან დაკავშირებით.

ამიტომაც იყო მცირეოდენი გაურკვევლობა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უეფაში შეტანილია ორი ქვეყნის მიერ პირველობის ერთობლივად გამართვის განაცხადი და ამ კუთხით არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

საქართველო და აზერბაიჯანი "რედისონში" იწყებენ და ჯერ არ იციან, სად ამთავრებენ! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

იხილეთ ვიდეო: საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელების შეხვედრა ბათუმში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ პროექტის მთელი მომხიბვლელობა იმაშია რომ ეს იქნება პირველი პრეცედენტი მსოფლიოში როცა ორი განსხვავებული რელიგიის ქვეყანა ერთობლივად უმასპინძლებს ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს!!!
jimmy
13:15 02-06-2012
0
ამ პროექტის არსი ის არის რომ საბცოტა კავსირის სემდეგ დაკარგული პოზიციები აგვიდგინოტ.მაგრამ სანამ ისეტი ხელ სეტკობა არ იკნება როგორც ადრე გინდ დამოუკიდებელი იკავი გინდ გადმოკიდებული ლაი-ლაიტ და კორუპციიტ ვერაპერს მიაგტევტ.
maxo
18:14 02-06-2012
0

სიახლეები პოპულარული