ზესტაფონი-ფაეტანო 5:0
1:0 გელაშვილი (20. პენ), 2:0 დვალი (22), 3:0 გელაშვილი (24. დვალის პასით), 4:0 დვალი (62. ძარიას პასით), 5:0 გორგიაშვილი (90)
ზესტაფონი: კვასხვაძე - ბენაშვილი, ონიანი (76. კობახიძე), ხიდეშელი, ელიავა - ძარია (63. ფიფია), დაუშვილი, ბაბუნაშვილი (52. გორგიაშვილი), გრიგალაშვილი - გელაშვილი, დვალი.
სათადარიგოები: მამალაძე, მაკარიანი, მიქაბერიძე, ლომია
ფაეტანო: დიმეტო - ვალენტინი, ბორონი, დელა ვალე, ბუჩი, პელეგრინო (41. ჯიარდი) - მ. რინალდი, ვიროლი, რიჩი (77. გ. რინალდი), რაგინი (87. მარიანი) - მორინი.
სათადარიგოები:
გაფრთხილება: ბაბუნაშვილი(3), გრიგალაშვილი(51), დაუშვილი (63), დელა ვალე (74), მორინი (82)
მსაჯი: ვლადო გლოდიოვიჩი (სერბეთი)
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ზესტაფონმა" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. რა უნდა მოხდეს ისეთი განმეორებით შეხვედრაში, რომ ფეროელებმა "ფაეტანოსთან" ხუთბურთიანი უპირატესობა გაანიავონ?! სანმარინოელები რისი მაქნისებიც არიან გუშინდელ შეხვედრაში გამოჩნდა. სერენო ურალდის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და მეკარე კვსახვაძის შეწუხება მხოლოდ ორჯერ მოახერხა, ისიც ქართველების უყურადღებობის გამო. კარის უსაფრთხოება კი როგორაც "დაიცვეს" ეს ანგარიშიდანაც კარგად სჩანს. ევროპის ლიგის მატჩისთვის ზესტაფონში დილიდანვე დიდი სამზადისი იყო. გუნდის ფანკლუბმა მთელი ქალაქი მოიარა და ხალხს სტადიონისკენ მოუწოდა. მათმა აქტიურობამ ნაყოფი გამოიღო-ზესტაფონის არენა ბოლომდე შივსო. აქა-იქ ვუვუზელათი "აღჭურვილ" გულშემატკივარსაც შეამჩნევდით. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ქალაქისა და იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სანმარინოელების ბედოვლათობის ამბავი რომ იცოდნენ, მატჩის დაწყებამდე ზესტაფონელი გულშემატკივრები იმაზე კამათობდნენ თუ რამდენ გოლს გაუტანდა "ზესტაფონი" "ფაეტანოს" და გააუმჯობესებდნენ თუ არა "ლისბერნთან" შარშანდელ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შესრულებულ რეკორდს (6:0). მართალია, ფეროელებმა რეკორდი ვერ გააუმჯობესეს, მაგრამ "ფაეტანოც" უშანსოდ დაამარცხეს.
სანმარინოელები მხოლოდ საწყის წუთებში გაუძალიანდნენ მეტოქეს, მაგრამ ჩანდა, რომ მათი ვეტერანი მეკარე ლუკა დიმეტო კარს მშრალად დიდხანს ვერ შინახავდა. დვალისა და ძარიას გამოუყენებელი მომენტების შემდეგ გელაშვილის წაქცევისთვის თერთმეთმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც თავად გელაშვილმა შეასრულა და "ფაეტანოს" რბევას სათავე დაუდო. გატანილმა გოლმა გეგუჩაძის შეგირდები მადაზე მოიყვანა და ზესსტაფონელებმა ორი წუთის ინტერვალში კიდევ ორი ბურთი გაიტანეს. 22-წუთზე დვალმა გამოიჩინა თავი, ორიოდე წუთში კი მისი გადაცემით გელაშვილმა დუბლი შეასრულა-3:0 ტაიმის ბოლომდე დვალსა და ძარიას ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ მეტად ხელსაყრელი მდგომარეობა ვერ გამოიყენეს. დაუშვილის აქტიურობის შემდეგ დვალმა გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
მეორე ტაიმი მოულოდნელად სტუმრების აქტიურობით დაიწყო და ფრანჩესკო ვიროლიმ ძელსაც გაარტყა ბურთი, თუმცა ეს იყო და ეს. ამის შემდეგ ურალდის ბიჭები ისევ საკუთარ საჯარიმოში გამოიკეტნენ და ზესტაფონელთა შეტევებს იგერიებდნენ. 62-წუთზე ძარიას აქტიურობის შემდეგ ბურთი მეკარის ბაქანთან ახლოს დვალს მიუვიდა და გელაშვილის მსგავსად მანაც დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგ ელაივასაც შეეძლო გატანა მან მთელი მარცხენა ფრთა გადასერა, საჯარიმოში შეიჭრა და დიმეტოს ახლო მახვილი კუთხიდან დაურტმა მაგრამ ოდნავ ააცილა. "ფაეტანოს" საცოდაობას შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე გორგიაშვილმა დაუსვა წერტილი, რომელმაც საჯარიმოს გარედან გამოზომილი, დაბალი დარტყმით სანმარინოელ კიპერს შანსი არ დაუტოვა-5:0
მატჩის შემდეგ
სერენო ურალდი: "მოხარული ვარ, რომ ზესტაფონში კარგი საფეხბურთო გარემო დაგვხვდა. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა და ღირსეულად გაიმარჯვა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდა იყო. უშანსოდ დავმარცხდით და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არა გვაქვს, თუმცა ვეცდებით, სან მარინოში უკეთ ვითამაშოთ და ჩვენს მეტოქეს მეტი წინააღმდეგობა გავუწიოთ"
გია გეგუჩაძე: "სასიხარულოა, რომ ევროტურნირებზე გამოსვლა წარმატებით დავიწყეთ. ანგარიშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ამ შედეგმა არ უნდა მოგვატყუოს და რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. სამუშაო კიდევ ბევრია, ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ. ვეცდებით სან მარინოშიც წარმატებით ვითამაშოთ და მომდევნო მეტოქეზე მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ.