"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.
რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.
ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III:
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ფეხბურთელებში კი ეიფორია გამძაფრდა. ვარჯიშების შესრულების დონითაც ვატყობდით, რა პოტენციალი გვქონდა ნაკრებს, მაგრამ ეს, თურმე, ბევრს არაფერს ნიშნავდა.
თბილისში გერმანელები რომ ჩამოვიდნენ, ეს უდიდეს მოვლენად შეირაცხა. სტადიონზე ასი ათასი კაცი მოვიდა, ხალხი კიბეებზეც იჯდა. ზოგს ეშინოდა, სტადიონი არ დაინგრესო.
თამაშის წინა დღეს, ტრადიციისამებრ, "დინამოს" დიღმის ბაზაზე ჩვენს დასალოცად მამაო მობრძანდა. დაგვლოცა და გამარჯვება გვისურვა. გვითხრა, არავისზე ნაკლებები არა ხართ და გერმანელებს ნუ შეუშინდებით. მათ თუ გოეთე და ბეკენბაუერი ჰყავდათ, ჩვენ მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე და რუსთაველი გვყავსო.
გოჩა გოგრიჭიანმა კი უადგილოდ წამოიძახა - გერმანელებს თუ ჰიტლერი ჰყავდათ, ჩვენ სტალინი გვყავდაო.
სიტუაცია ჩივაძემ განმუხტა და მამაოს მის მაგივრად შენდობა სთხოვა, მერე კი გოგრიჭიანს მიუბრუნდა და პირჯვარი გადასწერა...
იურგენ კლინსმანი, ანდრეას მიოლერი, მარიო ბასლერი, შტეფან რიტერი, თომას ჰესლერი, ანდრეას კეპკე, თომას ჰელმერი... გერმანიას დიდებული გუნდი ჰყავდა და 1996 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა. როცა ჰიმნი დაუკრეს, გოჩა ჯამარაულმა ჩურჩულით მითხრა, ისეთი გუნდია, 0:2-ს თუ წავაგებთ, თანახმა ვიქნებიო. ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა.
ბასლერის კუთხური და კლინსმანის თავური გოლი - ასე დაწინაურდნენ გერმანელები. ჩვენ ერთი პერიოდი თამაში დავიჭირეთ და ერთი-ორი სახიფათო მომენტიც გამოგვივიდა.
ერთ-ერთი ასეთი აფეთქებისას, გიოს პასით, ანდრეას კეპკესთან პირისპირ დავრჩი, მეკარეც კი მოვატყუე და ბურთი უნდა შემეგდო, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთის მოტრიალება ვეღარ შევძელი და ჩემი დარტყმული გარედან მოხვდა ბადეს.
წარმომიდგენია, რა მოხდებოდა სტადიონზე, ეს გოლი რომ გასულიყო... ალბათ, ძალა მოგვემატებოდა და, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა თამაში...
მეორე ტაიმში ისევ კლინსმანმა გაგვიტანა და ანგარიში ორამდე გაზარდა. ჩვენ კი ისევ გიოს პასით შეგვეძლო გოლის შეგდება. გოჩა გოგრიჭიანი კეპკესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გერმანელ მეკარეს ვერ აჯობა.
ეს დამარცხება ლოგიკური იყო, გერმანელებს სერიოზული გუნდი ჰყავდათ. მათი დამარცხება დიდ ნაკრებებსაც ყოველთვის უჭირთ.
უელსს კი, გიოს გატანილი გოლით, კარდიფშიც მოვუგეთ. საჯარიმოსთან მიახლოებულმა ნევილ სოუთჰოლს ბურთი თავზე გადაუგდო. ამ თამაშიდან ათი წლის შემდეგ, "რეინჯერსში" თამაშისას, ანდრეი კანჩელსკისმა მითხრა, როდესაც მე და მარკ ჰიუზი "მანჩესტერში" ერთად ვთამაშობდით, გაცოფებული ყვებოდა საქართველოსთან თამაშის შესახებო... ამ პატარა ბავშვებმა ბურთი თავზე დაგვახიესო!.. თავი ბრაზილიაში მეგონაო. ბრიტანელებსაც ვუთხარი - ადრე საქართველოს საბჭოთა ბრაზილიას ეძახდნენ-მეთქი.
ნიურნბერგში გერმანიასთან მატჩი საინტერესოდ დაიწყო... ქეცბაიას გოლით დავწინაურდით, რამაც გერმანელები ცოტა არ იყოს, დააბნია, მაგრამ ტაიმის ბოლოს სწრაფი მიოლერი კარგად გასცდა მურთაზ შელიას და ჩვენს მეკარე აკაკი დევაძეს ახლო კუთხეში გაუტანა გოლი. ამ გოლმა გერმანელები გამოაფხიზლა, ჩვენ კი - გაგვტეხა. მეორე ტაიმში ბუნდესნაკრებმა გვაჯობა და კიდევ სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა.
შესარჩევი ციკლის ბოლო ტურის წინ უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ გერმანია და ბულგარეთი გადიოდნენ ჯგუფიდან.
ასეთ დროს გვეწვია თბილისში ბულგარეთის ნაკრები. ეს გუნდი, ერთი წლის წინ, მუნდიალზე, მეოთხე ადგილზე გავიდა. ბულგარელებს მაშინ ვარსკვლავური პლეადა ჰყავდათ: - ხრისტო სტოიჩკოვი, ნასკო სირაკოვი, ემილ კოსტანდინოვი, ლუბოსლავ პენევი, კრასიმირ ბალაკოვი, იორდან ლეჩკოვი, ტრიფონ ივანოვი...
ისინი საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვიდნენ და თბილისშიც ცხვირაწეულები დადიოდნენ. ეს ჩივაძეს აღიზიანებდა - მაგათ არ იციან, სად ჩამოვიდნენ, მაგ ბრექებს ჭკუა უნდა ვასწავლოთო.
თამაშის წინა გარჩევაზე "ჩივამ" ბულგარეთის დადებით მხარეებზე ილაპარაკა, რამდენჯერმე აღნიშნა მათი "კოზირები", ერთი მომენტი კიდევ ჩაიხვია, მათი კოზირია ეს და მათი კოზირია ის. მოკლედ, ბევრჯერ რომ ახსენა სიტყვა კოზირი, არც ჩვენ ჩამოვრჩით და გოჩა ჯამარაულმა უთხრა:
"ნუ ნერვიულობ, გავრილოვიჩ, ჩვენ "ბესკოზირას" ვითამაშებთ და ნაღდად მოვუგებთ".
გასახდელში ყველა გახალისდა და მატჩისწინა ნერვიულობა თითქოს სადღაც გაქრა. მოკლედ, განწყობა ისეთი იყო, რომ ამ თამაშს ნამდვილად მოვიგებდით.
საშა ჩივაძემ თავდასხმაში მე და აჩი დაგვაყენა. გოჩა ჯამარაული არ იყო საუკეთესო კონდიციაში, რადგან ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, მაგრამ თამაშის მეორე წუთზე სასწაული პასი მომცა და ბორისლავ მიხაილოვთან პირისპირ დამტოვა.
მოვატყუე მეკარე და ანგარიში 1:0 გახდა. სტადიონი აგუგუნდა, ხალხი ასეთ დაწყებას არ ელოდა.
კარგად გახსნილი თამაში წავიდა და ბულგარელებს პირწმინდად ვაჯობეთ!.. მეორე ტაიმში, მარცხენა ფლანგზე, კახა გოგიჩაიშვილმა რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა და მისი გაჩერება ბულგარელებმა მხოლოდ უხეშობით შეძლეს, რასაც პენალტი მოჰყვა... გიომ თერთმეტმეტრიანი დაარტყა და... 2:0!
გოლის გატანა კიდევ შეეძლო. თავის ჩვეულ სტილში ორი მეტოქე მოატყუა, მიხაილოვს ბურთს თავზე უგდებდა, მაგრამ სიზუსტემ ოდნავ უმტყუნა. მატჩის ბოლოს კი ხრისტო სტოიჩკოვმა ერთი ბურთი გაქვითა.
ამ გამარჯვებას შეიძლება ბევრი არც ელოდა, მათ შორის, მსოფლიოსთვის უკვე კარგად ცნობილი ბულგარელები... ამ დამარცხებამ რომ გადარია, თამაშის შემდეგ მათ საქციელზეც აისახა. უმეტესობამ მინდორი ისე დატოვა, ხელიც კი არ ჩამოგვართვა...
სტოიჩკოვს მაისურის გაცვლა შევთავაზე, მაგრამ უხეშად მითხრა უარი. მესმის, ჩვენთან დამარცხებას არ ელოდა და გაგიჟებული იყო. გული ისე მომივიდა, რომ მას შემდეგ აღარავისთვის შემითავაზებია მაისურის გაცვლა. სტოიჩკოვმა კი გასახდელში ხელი მხოლოდ გიო ქინქლაძეს ჩამოართვა და თავისი მაისურიც მას აჩუქა.
ეს დიდი გამარჯვება იყო! ჩვენ ევროპის ერთ-ერთი გრანდი დავამარცხეთ და ყველას ვაჩვენეთ, რომ ჩვენთან ცხვირაწეული თამაში არავის წაადგებოდა!..
თხუთმეტი ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავეთ. ასეთი მაღალი შედეგი საქართველოს ნაკრებს მას შემდეგ აღარ ჰქონია!.. მე ყველა სანაკრებო მატჩი ვითამაშე და ოთხი გოლი გავიტანე.
მომდევნო შესარჩევში ჩვენი მეტოქეები: იტალია, ინგლისი, პოლონეთი და მოლდოვა იყვნენ. საშა ჩივაძემ პრესაში განაცხადა - ჩვენი მიზანი ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა და "საფრანგეთი 98"-ზე მოხვედრა იქნებაო. ეს გულშემატკივრების მოთხოვნაც იყო. ყველა ხედავდა, რომ საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავდა. ამიტომ ფინალურ ეტაპზე მოხვედრა სავსებით რეალური იყო.
გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"