დავით ჩაგელიშვილის რჩევა - რას უნდა უფრთხოდეს ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან"

AutoSharing Option
ევროპის ლიგაზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "აქტობე" ყაზახეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.

აქტიუბინსკელები, როგორც დაარსების დღიდან, რუსული ფეხბურთის ხიბლიდან ვერ ამოვიდნენ. იმ დროს, როდესაც მსგავსი შეძლებული კლუბები ევროპაში ემზადებიან და ძლიერ სპარინგებს მართავენ, სოლიდური ბიუჯეტის მქონე "აქტობე" მოსკოვში ემზადებოდა.

ასე იყო რუსთავის "ოლიმპთან" შეხვედრამდე და ასეა დღესაც. არც არის გასაკვირი - "აქტობეს" კვლავაც რუსი სპეციალისტი ვლადიმერ მუხანოვი ავარჯიშებს.

ყაზახებმა ივნისის დასაწყისში ორკვირიანი შეკრება ჩაატარეს და ადრინდელივით ძვირადღირებული რუსი და უკრაინელი ფეხბურთელების ნაცვლად, მცირე მასშტაბის ტრანსფერები განახორციელეს. ეს კი გუნდში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

ყაზახებმა მოსკოვში სამი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს: პირველში რუსეთის მოყვარულთა ლიგის გუნდ "სტალიცასთან" 0:1 დამარცხდნენ. მეორე სპარინგში "აქტობემ" რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნების მსურველი მოსკოვის "ტორპედო" 1:0 დაამარცხა.

მუხანოვის გაწვრთნილებს უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ გუნდის კაპიტანმა, 33 წლის სამატ სმაკოვმა - რომელმაც ორი წლის წინ "ოლიმპის" დამარცხებაში წვლილი გოლით შეიტანა - პენალტი ვერ გამოიყენა. ერთადერთი გოლი კი ვეტერანმა მურატ ტლეშევმა გაიტანა, რომელიც საქართველოს მესამედ ესტუმრება. მესამე მატჩში ყაზახებმა კრასნოიარსკის "ენისეისაც" 1:0 მოუგეს - გოლი ზემლიანუხინმა გაიტანა..

შეკრების შემდეგ "აქტობემ" ყაზახეთის ჩემპიონატში ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მოიგო: კასკელენსკის "სუნკარს" 2:1 მოუგო, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ყარაღანდის "შახტიორს" - 1:0. ყაზახეთის თასზე კი ტარაზის "ლაშინი" ორივეჯერ დაამარცხა - 5:0 და 2:0. ჩემპიონატის მომდევნო ტურში 1 ივლისს აქტიუბისნკელები ტალდიკორგანში "ჟეტისუს" ესტუმრებიან.

"აქტობეს" ვებგვერდის ცნობით, ეს გამარჯვებები ახალწვეულების კაპაძის, ჰეინრიხისა და ზემლიანუხინის დამსახურებაა, გუნდის ლიდერები, კენჟისარიევი და მარატ ხაირულინი კი ტრავმირებულები არიან. ვისაც ამ გუნდის "ოლიმპთან" შეხვედრა ახსოვს, არ დაავიწყდებოდა, რომ ყაზახებში სწორედ ეს ორი მოთამაშე გამოირჩეოდა.

აქვე ერთ სტატისტიკური მონაცემიც: ყაზახეთის 15 ბომბარდირს შორის ამ გუნდის ერთი მოთამაშეც არ არის. აქედან ჩანს, რომ "აქტობეს" ხეირიანი თავდამსხმელის პრობლემა აქვს.

"არ მოგატყუოთ იმან, რომ "აქტობე" ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა. გამორჩეული თავდამსხმელი მართლაც არ ჰყავთ, მაგრამ კარგად შეთამაშებული გუნდია და მისი დადებითი მხარე შეტევაა.

აბსოლუტურად განსხვავდება ყაზახური, ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევარი გუნდებისგან და პასებზეა აწყობილი.

"ტორპედოს" საყურადღებოდ ვიტყვი, რომ "აქტობეს" სტანდარტულების შესრულებისას სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან კარგად აქვთ დამუშავებული კუთხური, ჯარიმა, აუტიც კი.

"აქტობე" სამი თავდამსხმელით თამაშობს, ხშირად და კარგად იყენებს ფლანგის ფეხბურთელებს, რომლებიც ბურთს ხშირად ცენტრში აწვდიან.

ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა მათ ცენტრალურ მცველზე, კაპიტან სმაკოვზე - თავის ამპლუაშიც საიმედოა და ჯარიმებს პენალტებივით ურტყამს. იგივეს ვიტყვი ცენტრალურ ნახევარმცველ ხაირულინზეც, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" თამაშობდა.

პირველ წრეში 3 სერბი ჰყავდათ და გაუშვეს. ახალწვეულები ჰყავთ, მაგრამ მათ არ ვიცნობ. ისე, ყაზახეთის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია", - გვითხრა ყაზახური "ოკჟეტპესის" ქართველმა ლეგიონერმა დავით ჩაგელიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული