კიდევ ერთი შანსი საქართველოს - სუპერრევოლუციური იდეა ევრო 2020-ისთვის

AutoSharing Option
თბილისისთვის 2015 წლის სუპერთასის მასპინძლობის გარდა, კიევში გამართულ უეფას აღმასკომზე სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ჩანაფიქრი გაჟღერდა.

უეფა ჯერ ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებს მოელაპარაკება და ევრო 2020-ის მასპინძლობის მსურველთათვის განაცხადის წარდგენის გრაფიკს მხოლოდ დეკემბერში დაამტკიცებს.

საგანაცხადო დოსიეს შესადგენად და აუცილებელი სამუშაოების შესასრულებლად კანდიდატებს დრო 2013 წლის სექტემბრამდე მიეცათ. უეფა მათ შეისწავლის და 2014 წლის მაისში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის გარდა, ტურნირის მასპინძლობა ირლანდია-უელს-შოტლანდიასა და თურქეთს სურთ.

მაგრამ 2020 წელს ევროპის ჩემპიონატს, შესაძლოა, უმასპინძლოს არა ერთმა ან ორმა, არამედ რამდენიმე
ქვეყნის 12-13-მა ქალაქმა! 2020 წელს ევროპის ჩემპიონატს 60 წელი უსრულდება და სწორედ ამიტომ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ სუპერრევოლუციური იდეა წამოაყენა, რომლის მიზანიც ტურნირის ლამის მთელ კონტინენტზე ჩატარებაა!

პლატინის თქმით, 1-2 ქვეყნის დავალდებულება, რომ მინიმუმ 10 ახალი სტადიონი, ყველა ქალაქში თანამედროვე აეროპორტი და სასტუმროები ააშენონ, ძალიან ძნელია. გაცილებით ადვილი და იაფი იქნება რამდენიმე ქალაქში თითო ხუთვარსკვლავიანი სტადიონის მოწყობა და საერთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

რაც მთავარია, ეს იდეა აღმასკომის ბევრ წევრს მოეწონა და პროექტის შემდგომი განხილვის იდეაც ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

უეფას პრეზიდენტის ახალმა იდეამ ყველა ძალიან გააკვირვა, განსაკუთრებით, რუსეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი:

"აჯობებს, პლატინის იდეა ჯერ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გამოვცადოთ და ვნახოთ, გაამართლებს თუ არა. მთლიანობაში, ეს არის ფანტაზია, ძალიან არაადეკვატური ინიციატივაა, რომელსაც სკეპტიკურად ვუყურებ".

უეფას კიდევ ერთი გადაწყვეტილება კლუბებს შორის სოლიდარობის პრინციპით დაასაბუთეს, მაგრამ ევროპელ გრანდებს გაანაწყენებს: ჩემპიონთა და ევროპის ლიგის შემოსავლების გასათანაბრებლად, უფრო პრესტიჟული და სარფიანი პირველი ტურნირის მოგებიდან 40 მილიონი ევრო ევროპის ლიგის მონაწილეებს გადაეცემათ.

უეფას მარკეტინგის სამსახური კი 2012-2015 წლებში ჩემპიონთა ლიგაში მოგების 22 პროცენტით, ანუ 1,34 მილიარდი ევროთი გაზრდას იმედოვნებს, ევროპალიგაზე კი - 12 პროცენტით, ანუ 225 მილიონი ევროთი.

მაგრამ, შესაძლოა, სოლიდარობის პრინციპის ამოქმედება შემდეგ წლებში საჭირო აღარც გახდეს, რადგან უეფას პრეზიდენტის კიდევ ერთი ჩანაფიქრი 2015/16 წლების სეზონიდან ევროპისა და ჩემპიონთა ლიგების გაერთიანება, ჯგუფურ ეტაპზე 80 მონაწილის შეკრება და 20 ჯგუფში 4-4 გუნდად განაწილებაა.

ამაზე ახალი ანეკდოტი უკვე მოიგონეს: სხვა თუ არაფერი, ინგლისურ ალფავიტს მაინც ვისწავლით, რადგან ჯგუფები A-დან დაიწყება და T-თი დამთავრდებაო.

უეფა 2013/14 წლებიდან 19-წლამდელთა საკლუბო ტურნირის ჩატარებასაც გეგმავს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილე ასაკობრივი გუნდები ძირითადების ჯგუფებითა და კალენდრით ითამაშებენ. მაგრამ პლეი ოფის მატჩები ერთრაუნდიანი იქნება, ნახევარფინალებსა და ფინალებს კი ნეიტრალური სტადიონები უმასპინძლებს.

მსაჯობის საკითხებში უეფას ოფიცრის, პიერლუიჯი კოლინას თქმით, ევროპის, ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2012-ის მატჩებში ხუთი არბიტრის დასაქმების ექსპერიმენტმა გაამართლა, აღმასკომმა კი ამ იდეის შემდგომში გამოყენებაც მოიწონა.

თუ პროექტი 5 ივლისს ფიფას აღმასკომზე გაიზიარეს, ფაქტობრივად, მოედანზე... სამ გუნდს ვიხილავთ (მეტოქეებს და მსაჯებს) და ვეღარ გაიგებს კაცი, ფეხბურთი იქნება თუ მსაჯბურთი. ან ამდენი "შავფორმიანის" ხარჯი რა საჭიროა, როდესაც ვიდეოგამეორებით სადავო ეპიზოდზე ყველაზე ზუსტი პასუხის მიღებაა შესაძლებელი?

უეფამ ევროპის ჩემპიონატისა და ევროტურნირების გაერთიანების რევოლუციური პროექტი თუ განახორციელა, რომელიმე ქართულ ქალაქში ტურნირს ერთხელ მაინც ვუმასპინძლებთ. ასევე შესაძლებელი ჩანს, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლებაც რომ მივიღოთ.

და თუ პლატინისეულ ახალ ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ მოვხვდებით, უნდა დავიხუროთ ქუდი და ავკრძალოთ ფეხბურთი.

ისე, მადლობა პლატინის, "ხალხში" რომ გაგვრია...

კიდევ ერთი შანსი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროპის სუპერთასი და ვარსკვლავთცვენა თბილისში
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს იდეები ,თუ მართლა განხორციელდა ვფიქრობ წაადგება ეურო ფეხბურთს...
davit
16:44 02-07-2012
0
ამ საიტს რა ჭირს.3 დღეა სიახლე არ დადებულა მითუმეტეს ქართული სპორტის.
ეს ამბავი უკვე რამდენი ხანია ვიცით.რაიმე ახალი დადეთ.სამი დღეა შემოვდივარ და არანაირი ახალი ამბები.
beka
11:11 02-07-2012
0

სიახლეები პოპულარული