ოთარ გაბელია: ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ მისი განეიტრალება, თურმე, შეიძლება

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ უმაღლესლიგელი "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოთარ გაბელიას კანდიდატურა განიხილებოდა.

შეგახსენებთ, მომავალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ზუგდიდის "ბაიას" ადგილს "ზუგდიდი" დაიკავებს.

"ლელო" ოთარ გაბელიას შეეხმიანა და მას სამომავლო საქმიანობის შესახებ ესაუბრა; ასევე, ევროპის დასრულებული ჩემპიონატის თაობაზეც სთხოვა აზრის გამოთქმა.

ინტერვიუს დასაწყისში კი ჩვენმა რესპონდენტმა ერთი მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა:

- "ზუგდიდში" მუშაობას, ალბათ, მართლაც დავიწყებ, ოღონდ არა მთავარი მწვრთნელის, არამედ კონსულტანტის რანგში. ჩემთვის სტატუსსა და თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს; მთავარია, საქმე გავაკეთო და მიმაჩნია, რომ "ზუგდიდს"
კონსულტანტად უფრო გამოვადგები.

იმასაც გეტყვით, რომ ჩემი იქ მუშაობა ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის - კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დამისრულებია. თუმცა უკვე ზუგდიდში ვარ, გუნდის საწვრთნელ პროცესშიც ვმონაწილეობ და დიდი ალბათობით, აქვე დავრჩები.

- კონკრეტულად რა ფუნქციები დაგეკისრებათ "ზუგდიდში"?
- დაახლოებით იგივე როლი დამეკისრება, რაც მწვრთნელს; უბრალოდ, მთავარი მწვრთნელი სხვა ადამიანი იქნება, სავარაუდოდ, ელგუჯა ქომეთიანი.

მთავარ მწვრთნელობაზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ კონსულტანტის რანგში უფრო მეტს შევძლებ. "ზუგდიდშიც" ვიმუშავებ და ამას ჩემს ძველ თანამდებობასაც შევუთავსებ - მოგეხსენებათ, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების სელექციონერი ვარ და ამიერიდან ამ საქმეს კიდევ უფრო აქტიურად გავაკეთებ.

რეგიონებში დავესწრები დუბლშემადგენლობებისა და ჭაბუკთა ლიგის მატჩებს და ნაკრებების მწვრთნელებს საინტერესო ფეხბურთელების შესახებ ინფორმაციას სისტემატურად მივაწვდი.

- ზუგდიდის "ბაიაში" კონსულტანტისა და ფაქტობრივი მთავარი მწვრთნელის ფუნქციები ადრეც შეგისრულებიათ...
- დიახ, ამ თანამდებობაზე 2010 წელს ვიმუშავე და ზუგდიდური ფეხბურთის ნიუანსები კარგად შევისწავლე. ასე რომ, იქ დაბრუნებულს არაფერი გამიჭირდება. კარგად ვიცი, როგორ გარემოსა და სიტუაციაში მომიწევს მუშაობა და თუ კლუბის ხელმძღვანელობასთან საბოლოო შეთანხმებას მივაღწიე, ვფიქრობ, რომ წინ საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი პერიოდი მელის.

- რა იქნება "ზუგდიდის" მიზანი მომავალ სეზონში?
- რომ გითხრათ, ევროთასების საგზურის პრეტენზია გვექნება-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძოლებს.

როგორც იცით, "ზუგდიდმა" რამდენიმე საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი უკვე დაიმატა და, სავარაუდოდ, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

- ევროპის ჩემპიონატზე გადავინაცვლოთ, სადაც ფინალში უთანასწორო ბრძოლა ვიხილეთ. ელოდით მოვლენათა ასეთ განვითარებას?
- იტალიის ნაკრების ქომაგი ვარ და დიდი იმედი მქონდა, რომ ეს გუნდი ესპანეთს ფინალში ისეთივე წინააღმდეგობას გაუწევდა, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ფეხბურთი მხოლოდ ერთმა გუნდმა ითამაშა.

ფაქტია, რომ დღეს ესპანეთის ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ეს ყველას თვალნათლივ დაუმტკიცა. ესპანელებმა იტალიელებს ყველა ასპექტში აჯობეს - სამწვრთნელო დუელშიც, ბურთით და უბურთოდ მოძრაობაშიც, ფიზიკურ მომზადებაშიც და რაღა თქმა უნდა, საშემსრულებლო ოსტატობაშიც.

- ექნებოდა იტალიის ნაკრებს რაიმე შანსი, მის მწვრთნელს განსხვავებული ტაქტიკა-სტრატეგია რომ გამოეყენებინა?
- ფაქტია, რომ იტალიელებმა ვერ შეძლეს მკაცრი პრესინგის განხორციელება და დაცვაშიც უხეში შეცდომები დაუშვეს.

ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ პორტუგალიის ნაკრებმა გვიჩვენა, თუ როგორ შეიძლება მისი განეიტრალება.

მთლიანობაში, იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული თამაში და შედეგი აჩვენა და იმის პერსპექტივაც დაგვანახვა, რომ ორი წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეეძლება.

- ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დაასახელეს. ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?
- ჩემპიონი ესპანეთი გახდა და სრულიად ლოგიკურია, რომ საუკეთესო ფეხბურთელად ამ გუნდის უდავო ლიდერი აღიარეს.

ფინალში იტალიას რომ გაემარჯვა, საუკეთესოს წოდების ღირსი ანდრეა პირლო იქნებოდა, რომელმაც ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

- ამ ორის გარდა, ევროპის ჩემპიონატიდან კიდევ რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?
- უპირველესად, ჯანლუიჯი ბუფონს, რომელიც, ჩემი აზრით, ევრო 2012-ის საუკეთესო მეკარეა. ასევე, გამოვყოფდი ესპანეთის ნაკრების ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს, ეს გუნდი ხომ ყველა რგოლში კაშკაშა ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული.

მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა კრიშტიანუ რონალდომაც. ბევრი კრიტიკის მიუხედავად, მან დაგვიმტკიცა, რომ შეუძლია იყოს ნამდვილი ლიდერი და კაპიტანი.

ოთარ გაბელია: თანამდებობას რა მნიშვნელობა აქვს?!. (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოთარ გაბელიას ახალ ზუგდიდურ კლუბში მთავარ მწვრთნელობას სთავაზობენ
თავდაცვის სამინისტრო ზუგდიდის "ბაიას" დააფინანსებს?
ესპანეთი-იტალია 4:0 - ისტორია გადაწერილია, თბილისში შეხვედრამდე! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოთიკო აქ რო ჩამოვა ესპანეთი - მაშინ გაანეიტრალე-..........
chala
16:20 03-07-2012
0
chala უზრდელი ხარ და მეტი არაფერი.
მწყემსი
16:27 03-07-2012
0

სიახლეები პოპულარული