გორის "დილამ" ცხინვალის "სპარტაკს" ვერ მოუგო

AutoSharing Option
4 ივლისს ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ცენტრ "ბასაში" გორის "დილამ" საკონტროლო მატჩი უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ ცხინვალის "სპარტაკთან" ჩაატარა და მხოლოდ 2:2-ს დასჯერდა.

ჯერ იმას ვიტყვით, რომ პირველად მოირგეს "დილას" ფორმა შოთა გრიგალაშვილმა და გოგიტა გოგუამ. ვერ ითამაშეს ტრავმირებულმა დავით კვირკველიამ, რევაზ ბარაბაძემ და გიორგი ილურიძემ; გოჩა ხოჯავამ კი ოპერაცია გაიკეთა. ამათგან გუნდს ევროლიგაზე მხოლოდ კვირკველია დაეხმარება. მისი ტრავმა საშიში არ არის და მალე გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

მოვლენებს გავუსწრებთ და გეტყვით, რომ თამაშში უიღბლოდ ჩაერთო გორელთა თავდამსხმელი გიორგი კახელიშვილი, რომელიც მცველთან შეჯახებისას
მძიმედ დაშავდა და მოედნიდან გასაყვანი გახდა. 5 ივლისს შეუერთდება გუნდს 17-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია.

კარგი ამბავი კი ისაა, რომ 3 დღეა, ვარჯიში განაახლა გიორგი ონიანმა, რომელსაც ავსტრიულ შეკრებაზე ბოსნიელმა თავდამსხმელმა ცხვირი გაუტეხა.

შეხვედრა "დილას" ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა: პირველი გოლი მათე ვაწაძემ გაიტანა, რომელიც საჯარიმოში მოცელეს და პენალტი თავად გამოიყენა - 1:0.

მის შემდეგ გორელებს შეტევების გამწვავება უჭირდათ - ხოჯავას არყოფნა გუნდს აშკარად ეტყობოდა. "სპარტაკმა" კი კონტრშეტევებზე ორჯერ ისარგებლა "დილას" დაცვისა და მეკარის უხეში შეცდომებით - ორჯერვე თავი თემურ შონიამ გამოიჩინა და ცხინვალელები დააწინაურა.

ამის შემდეგ დავით გელაშვილსა და ისევ შონიას კიდევ შეეძლოთ გატანა, მეკარე მარინ სკენდერს რომ არ ეყოჩაღა. აქტიური იყო გოგიტა გოგუა, მაგრამ საიმედოდ გამოიყურებოდა "სპარტაკის" მეკარე გიორგი ნადირაძე.

მეორე ტაიმში "დილა" აშკარა უპირატესობას ფლობდა და შეტევები გაამწვავა. ანგარიშის გათანაბრება შეეძლო სანდრო გურულს, მაგრამ ეს მხოლოდ ირაკლი მოდებაძემ მოახერხა, რომელმაც კახა ალადაშვილის მშვენიერი ფლანგური ჩაწოდება თავური დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

"დილა": სკენდერი - შაშიაშვილი, სალუქვაძე, თომაშვილი, ნ. ჯიშკარიანი - გვალია, არზიანი - ბეჭვაია, შ. გრიგალაშვილი, გოგუა - ვაწაძე

შეცვლაზე შემოვიდნენ: ალადაშვილი, ინწკირველი, გ. ონიანი, კაშია, კაციტაძე, ახალკაცი, მამუჩიშვილი, ს. გურული, კახელიშვილი, გორელიშვილი, მოდებაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შოთა გრიგალაშვილი და გოგიტა გოგუა გორის "დილაში" ითამაშებენ
ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული