ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან: რამაზ შენგელია საზოგადოებამ დაღუპა

AutoSharing Option
სერგო კუტივაძე ფეხბურთში მრავლისმნახველი კაცია, თბილისის "დინამოს" დიდების პერიოდში ნოდარ ახალკაცის თანაშემწე გახლდათ, ცოტა ხნით დამოუკიდებლადაც გაუწვრთნია "დინამო"...

კუტივაძე კარგი მოსაუბრეა, ბევრი საინტერესო ამბავი იცის, ბევრი საინტერესო ისტორიის მოწმეა, ბოლოს და ბოლოს, "დინამოში" ახალკაცის მისვლამდეც უმუშავია...

კუტივაძე ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს პროფკავშირების თავჯდომარედ, თუმცა მას სულ სხვა თემაზე ვესაუბრეთ...

ამ ცოტა ხნის წინათ იმ "დინამოს" ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი გარდაიცვალა - რამაზ შენგელია. ის ისეთი იყო, ყურდაღების ცენტრში ყოფნა რომ არ უყვარდა, არადა "დინამოსთვის" იმდენი გაუკეთებია, ბევრი
რომ ვერ შეედრება...

შენგელია მართლაც ლეგენდარული მეგოლე იყო და მხოლოდ სიტყვით ძნელია იმის აღწერა, თუ რა გაქანების თავდამსხმელი გახლდათ...
კუტივაძეს კი შენგელიაზე მოსაყოლი მართლაც აქვს...


* * *
ჯერ კიდევ მაშინ, როცა "დინამოში" იაკუშინთან ვმუშაობდი, ქუთაისის "ტორპედოდან" გვინდოდა ამ ფეხბურთელების გადმოყვანა: რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე და ზაურ სვანაძე. თუმცა იმ პერიოდში ეს ვერ მოხერხდა, ქუთაისელებს ეს მოთამაშეები არ ეთმობოდათ, ჩვენ გვჭირდებაო. მერე "დინამოს" მწვრთნელი უკვე ნოდარ ახალკაცი იყო და შენგელია, სულაქველიძე და ოთარ გაბელია გადმოვიყვანეთ "ტორპედოდან", სვანაძე კი მოგვიანებით მოვიდა "დინამოში".

შენგელია დუბლებში არ ყოფილა, პირდაპირ პირველ გუნდში მოვიდა, მას და თამაზ კოსტავას უკვე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ჰქონდათ ნათამაშევი.

რა უნდა ვთქვა შენგელიაზე? როცა ვუფიქრდები, უკვე აღარ ვიცი, რა ვთქვა, შენგელიას ფენომენი ცოტა არ იყოს, პარადოქსული გახლდათ და ამავე დროს საინტერესოც - ცხოვრებაში ის ძალიან მშვიდი იყო, მოედანზე კი უკვე ლომი.

ხომ ნიჭიერი იყო, მაგრამ მისი ჭირვეულობა და წუწუნი მე არ მახსოვს. ვარჯიში არ ვარგა, ეს რატომ არ არის ასე, მე ამის გაკეთ|ება არ მინდა - შენგელიასგან ასეთი რამე გამორიცხული იყო, რასაც მწვრთნელი დაავალებდა, ყველაფერს უსიტყვოდ ასრულებდა.

შენგელიასთვის არ გვითქვამს, კონკრეტულად ეს ხარვეზი გაქვს და უნდა გამოასწოროო, მან თვითონ იცოდა, რაზე უნდა ემუშავა ინდივიდუალურად. ვარჯიშის მერე მოედანზე რომ დარჩებოდა, ყველა პოზიციიდან დარტყმას ამუშავებდა, მეკარე კი ყვიროდა, შორიდანაც დამირტყოთო, მაგრამ რამაზი უარობდა, შორიდან დარტყმა ჩემი საქმე არ არის, რაც მჭირდება იმას ვაკეთებო. შენგელია ვარჯიშებზე სულ იმას ცდილობდა, ერთი შეხებით გადაეგზავნა ბურთი კარში.

რასაც გოლის გატანა ქვია, მაგ საქმეში ის პროფესიონალი იყო. არ მახსოვს, მეკარესთან პირისპირ გასულიყო და გოლი ვერ გაეტანოს. ბურთის შეგდების საოცარი აოლღო ჰქონდა.

მახსოვს, მოსკოვის "დინამოს" სტუმრად ვეთამაშებოდით და 0:1-ს ვაგებდით. დავით მუჯირმა მარცხენა ფანგიდან ჩააწოდა კარის გასწვრივ, მოსკოველთა საჯარიმოში ცხრა ფეხბურთელი იყო, ბურთი რვა მათგანს ასცდა, შენგელიას მიუვიდა და მასაც შანსი ხელიდან არ გაუშვია. რატომ მოხდა ყველაფერი ასე? იმიტომ, რომ შენგელიამ იცოდა, ბურთი საით წავიდოდა.

მისთვის სამაგალითო და მისაბაძი გერდ მიულერი იყო, რადგან ამ გერმანელს ნებისმიერი სიტუაციიდან შეეძლო გოლის გატანა. შენგელია ახლოს იყო მიულერთან. სადაც უკვე წერტილის დასმა იყო საჭირო, შენგელიაც იქ გაჩნდებოდა.

არაერთისგან მოისმენდით, შენგელიას პასებით დავით ყიფიანი ამარაგებდა და ეს დიდად განაპირობებდა მის გოლეადორობასო. თქმა რად უნდა იმას, რომ დათოს არაჩვეულებრივი პასი ჰქონდა, მაგრამ შენგელია არავისზე არ იყო დამოკიდებული. როცა ყიფიანი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, მას მაინც გაჰქონდა გოლები. აუცილებლად ყიფიანს უნდა შეესრულებინა გადაცემა შენგელიასთვის - ასე არ ყოფილა. რამაზი სულ იხსნებოდა და თავის მომენტს ელოდებოდა. შენგელია ორჯერ რომ დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად, ეს იმას ნიშნავდა, რომ იმ ქვეყანაში მაშინ მასზე ძლიერი ბომბარდირი არ იყო.

შენგელიას კარგად ეხერხებოდა წინა ძელთან გასვლა და იქიდან გოლის შექმნა. წინა ძელთან როცა გადის თავდამსხმელი ბურთის დასახვედრად, მეკარეს უკვე უძნელდება საკუთარი პოზიციის შენარჩუნება. წინა ძელთან ჩაწოდების დროს პოზიცია იცვლება და მეკარესაც საქმე უძნელდება. შენგელიაც კარგად იყენებდა ამ ყველაფერს. ამბობდა, რა ჩემი საქმეა ბურთის გათამაშება, მე სხვა რამე უნდა გავაკეთოო.

მიხეილ, მესხი, სლავა მეტრეველი... ასეთებიც კი რჩებოდნენ ვარჯიშის მერე მოედანზე და ინდივიდუალურად აგრძელებდნენ წვრთნას. ასე იყო "დინამოს" მომდევნო თაობებშიც. ნოდარ ახალკაცი მეტყოდა ხოლმე, გამოყარე ეგენი მოედნიდან, ამდენი ვარჯიშით მოკვდებიანო.

როცა გუნდთან ერთად ვარჯიშობ, საკუთარ თავზე ჯეროვნად ვერ მუშაობ, კვადრატი, ორი გოლი... მხოლოდ ამით შეუძლებელია ხარვეზების გამოსწორება და ამიტომ ცალკე ვარჯიშიც აუცილებელია. შენგელიას ვეუბნებოდით, ცაციათი დარტყმაც კარგად დაამუშავეო და ისიც დიღმის ბაზაზე სპეციალური კედელი რომ იყო, იმაზე მუშაობდა. ბევრმა სწორედ "დინამოს" ბაზაზე ისწავლა თამაში...

დიუსელდორფის ფინალი ყველას გვახსოვს და მე თუ მკითხავთ, ყველაზე მაგარი პასი ის იყო, შენგელიამ რომ შეასრულა ვლადიმერ გუცაევის მისამართით. წარმოიდგინეთ, დინამიკაში, დაახლოებით სამ მეტრში ზუსტი და რბილი გადაცემა კეთდება, რომლის შემდეგ მხოლოდ კარში დარტყმაა საჭირო, პატარა ცდომილება და უკვე ბურთის დამუშავება გახდებოდა საჭირო და საგოლე მომენტიც ვერ შეიქმნებოდა. განა შენგელიას ის საგოლე პასი დიდ ოსტატობას არ ნიშნავს?!

იშავიათად, რომ შენგელიას ტრავმა მიეღოს. ის ხომ სულ მოძრაობაში იყო და მცველები მასთან უხეშობას ვერ ასწრებდნენ. როცა მეტოქე ვარდნაში წამოვიდოდა, შენგელია ახტებოდა და ტრავმას ასეთნაირადაც აღწევდა თავს.

შენგელიას თამაში რომ გაარჩიოთ, დარწმუნდებით, დიდი ფეხბურთელი იყო, ვისთანაც ძალიან სასიამოვნო გახლდათ მუშაობა, რადგან მას არანაირი კაპრიზები არ ახასიათებდა.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დავურეკე, მითხრა, კარგდა ვარო... მართლაც გახარებული იყო, ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტად რომ დანიშნეს, მაგრამ ფაქტია, ფეხბურთელის კარიერის შემდეგ შენგელია ქართული ფეხბურთისთვის გამოუყენებელი დარჩა.

ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როც ხედავ, რომ არავის აღარ ჭირდები, დაუსაქმებელი ხარ და სახლში ზიხარ. პირფერობაში ნუ ჩამომართმევთ და, როცა ფედერაციის სათავეში ზვიად სიჭინავა მოვიდა, ბევრი ღვაწლმოსილი ადამიანი დაასაქმა, "დინამო" კი ამ მიმართულებით არაფერს არ აკეთებს, არ ეხმარება ვეტერანებს...

მიმაჩნია, რომ შენგელია ჩვენმა საზოგადოებამ დაღუპა. ადამიანის დაფასება და დახმარება ფულით არ იზომება. ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ის საჭიროა.

როგორ გგონიათ, შენგელია იმას მაინც ვერ ასწავლიდა ფეხბურთელს, როგორ უნდა გაიხსნას ბურთის მისაღებად? მაგრამ შენგელიას არავინ არ დაუძახა...

შენგელია და შოთა არველაძე - მათ მერე ქართულ ფეხბურთში მაღალი კლასის თავდამსხმელი არ გამოჩნდა. ახლანდელ ფეხბურთელებს ფეხბურთზე უფრო საკუთარი თავი უყვართ ფეხბურთში, ანუ მოტივაცია არ არის. რომ ლაპარაკობენ, სათანადო ინფრასტრუქტურა უნდა იყოსო, კი ბატონო, მაგას რა ჯობია, მაგრამ ახლაც კარგად მახსოვს, ლესელიძის ბაზაზე რკინის ლოგინზე რომ ეძინათ დიდ დინამოელებს და ერთი საერთო ტუალეტი და შხაპი რომ ჰქონდათ.

იმ პლეადას ფეხბურთის თამაში უნდოდა და ფულზე ლაპარაკი არცკი იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რამაზ შენგელია საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს
თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები: დავკარგეთ გულის ნაწილი
დონეცკი რამაზ შენგელიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ დაამწუხრა
ვალერი გაზაევი: რამაზ შენგელიასთან შეხვედრაზე ბევრჯერ მიფიქრია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჭეშმარიტად ქართველი გერდ მიულერი იყო რამაზ შენგელია. თანაც ერთი და იგივე ნიშნის წელიწადში ყოფილან დაბადებულები ორივე
9Giorgi
00:43 09-07-2012
0
მართლაც დიდი ფეხბურთელი იყო რამაზი. ძალიან დაგვწყიტა გული ქომაგებს, ვისაც მისი თამაში გვახსოვს.
57 gregory
01:06 09-07-2012
0

სიახლეები პოპულარული