დიმიტრი ტატანაშვილი: "პლზენთან" წაგებას წინასწარ შეგუებულები ნამდვილად არ ვართ

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ "ტეუტეს" სტუმრად 3:0 მოუგო, უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა, თუმცა გოლის გატანა უჭირდა.

რუსთაველთა დამრიგებელმა კობა ჟორჟიკაშვილმა მოედანზე დიმიტრი ტატანაშვილს უხმო და თავდამსხმელმაც თავისი საქმე გააკეთა - 77-ე წუთზე გაუტანა გოლი მეტოქეს და მერე ყველაფერი შლიგინით წაუვიდა "მეტალურგს".

ტატანაშვილი 31 წლისაა და ადრეულ წლებში ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელადაც ითვლებოდა. კარიერის საუკეთესო პერიოდი თბილისის "ამერში" გაატარა. ერთხელ მისი გოლით დაამარცხა "ამერმა" თასის ფინალში "ზესტაფონი". ტატანაშვილი კლაუს ტოპმიოლერმაც მიიწვია ნაკრებში. ორ თამაშში ერთი გოლი გაიტანა. "ამერმა"
თავისი საუკეთესო ფორვარდი სამასი ათას ევროდ გაასხვისა "პლზენში"...

მოკლედ, ტატანაშვილს გამოცდილება არ აკლია სხვადასხვა დონეზე...

- "ამერში" საუკეთესო თავდამსხმელად ითვლებოდი, თუმცა მწვრთნელი ხშირად შეცვლაზე გათამაშებდა და ეს ეფექტურიც კი იყო - მოედანზე შედიოდი და გოლი გაგქონდა - რუსთავის "მეტალურგშიც" აქეთკენ მიდის საქმე?
- რატომღაც ისე ხდება, რომ შეცვლაზე მართლა კარგად შევდივარ, თუმცა წინა სეზონს თუ ავიღებთ, საქართველოს ჩემპიონატში 12 გატანილი გოლიდან 9 მაშინ შევაგდე, როცა სასტარტოში ვიყავი.

ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გოლს როგორ გავიტან. მთავარია, რომ გუნდს გამოვადგე. ფაქტია, მოკლე დროში გამომდის გოლის გატანა. "ტეუტესთანაც" ასე მოხდა. გოლამდეც ვფლობდით უპირატესობას, მაგრამ არ გვიმართლებდა.

- "ტეუტეს" ბარიერის გადალახვა პრობლემა არ უნდა იყოს, მომდევნო ეტაპზე კი შენს ყოფილ გუნდთან, "პლზენთან" მოგიწევთ შეხვედრა...
- "პლზენიდან" ორი წლის წინ წამოვედი და მას შემდეგ იქ ბევრი რამ შეიცვალა. გუნდი ჩეხეთის ჩემპიონი გახდა, თასიც მოიგო, შარშან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.

თქმა რად უნდა, რომ "ტეუტეზე" გაცილებით ძლიერი მოწინაღმდეგე გველის. "პლზენი" საშუალო ევროპული დონის გუნდია. ჩემს დროს "პლზენი" შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის შემდეგ გუნდმა ხუთი ფეხბურთელი გაყიდა. მიუხედავად ამისა, "პლზენი" საკმაოდ სტაბილური გუნდია.

- ჩეხეთში რატომ გაგიჭირდა ფეხის მოკიდება? თითქოს ყველა პირობა არსებობდა იმისთვის, რომ წარმატებული კარიერა გქონოდა...
- ადაპტაცია უცხო გარემოსთან, სხვა ხალხთან შეგუება გამიჭირდა. თავიდან ენის ბარიერიც ხელს მიშლიდა. "პლზენიდან" "კლადნოში" რომ გადავედი, უკეთესად ავთამაშდი, მეტი გოლიც გამქონდა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ადგილი ვერ შევინარჩუნეთ...

- ამბობენ, რომ ტატანაშვილი, ასე ვთქვათ, რეჟიმისტი არ იყო და ამან შეუშალა ხელიო...
- რეჟიმისტი რომ არ ვიყავი, ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. როცა ახალგაზრდა ხარ, ხანდახან თავს აძლევ იმის უფლებას, რომ ზედმეტად გაერთო.

ახლა უკვე გამოცდილი ფეხბურთელი მეთქმის და შეცდომებს აღარ გავიმეორებ. ბევრი რამ ისევ წინ მაქვს, ჯანს არ ვუჩივი.

- როგორც უნდა იყოს, დასანანია, როცა კარგი მონაცემების მქონე ფეხბურთელს დრო ეკარგება...
- ბევრი ნიუანსი იჩენს ხოლმე თავს. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე უფრო უცხო გარემოსთან ვერშეგუებამ შემიშალა ხელი.

- "ამერში" ორჯერ მოიგე საქართველოს თასი - ამ ეტაპზე რა არის შენი მოტივაცია?
- ჩემპიონობა ძალიან მინდოდა. გახდა კიდეც "მეტალურგი" საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ... ამაზე ლაპარაკი ახლა შორს წაგვიყვანს, ყველამ კარგად იცის, რატომ მოხდა ასე.

წინა სეზონის მერე "მეტალურგი" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა კი დატოვა, მაგრამ კარგი შევსებაც მივიღეთ. გუნდში სტაბილური ვითარებაა, თავის დროზეა ყველაფერი და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა რეალურად შეგვიძლია.

- წინა ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანე. მომავალ სეზონში რამდენი გოლით იქნები კმაყოფილი?
- 15-20 გოლს თუ გავიტან, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვიქნები.

- ევროპიდან საქართველოში დაბრუნებას რა სიძნელეები ახლავს?
- ესეც თავისებურად ძნელია, კარგიდან ცუდში გიწევს დაბრუნება. საერთოდ, ატმოსფეროს შეცვლა არ არის ადვილი. როცა საქართველოში ბრუნდები, მთავარი სირთულე არასათანადო სავარჯიშო და სათამაშო პირობებია.

- ისევ "პლზენს" დავუბრუნდეთ - ჩეხების დამარცხება რითი უნდა იყოს შესაძლებელი?
- ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები და თუნდაც ამის ხარჯზე შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა. "პლზენთან" წაგებას შეგუებულები ნამდვილად არ ვართ, დანარჩენი კი ვნახოთ, ეს ფეხბურთია...

კარგიდან ცუდში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კობა ჟორჟიკაშვილი: "პლზენი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ...
ტეუტა-მეტალურგი 0:3 - რუსთაველებმა საქმე უკვე მოამთავრეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ტატან პირადად შენ 2 გოლი უნდა გაუტანო ...რო მიხვდნენ რა ფეხბურთელი დაკარგეს ...
irakli
14:17 10-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული