თემურ შალამბერიძე: "ორჰუსი" ვნახე. იმედია, შემდეგ ეტაპზე გორის "დილა" გავა

AutoSharing Option
გორის "დილა" 19 ივლისს დანიაში "ორჰუსთან" გასამართი ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისთვის ემზადება.

პირველი შეკრება გუნდმა ავსტრიაში გაიარა, 9 ივლისამდე კი თბილისში ემზადებოდა. "დილას" პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძის თქმით, 11 ივლისს გორელები გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაემგზავრნენ, სადაც მეორე ერთკვირიანი შეკრება დაიგეგმა და "დილა" დანიაში სწორედ იქიდან გადაფრინდება.

გუნდის მწვრთნელებმა მზადებასთან დაკავშირებით "დილას" ვებგვერდზე კომენტარი გააკეთეს.

თემურ შალამბერიძე, "დილას" მთავარი მწვრთნელი:
"მომზადება გეგმის მიხედვით მიდის. მეორე შეკრებაზე უნდა წავსულიყავით, მაგრამ დროის სიმცირის გამო საამისოდ გერმანიის შეკრებას გამოვიყენებთ.

მოწინააღმდეგე გუნდის თამაშის ჩანაწერები
მოვიპოვეთ და "ორჰუსმა" საკმაოდ ნორმალური ევროპული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იმედია, კარგად გამოვალთ და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ".


თემურ ლორთქიფანიძე, "დილას" ფიზმომზადების მწვრთნელი:
"მომზადების ძირითადი ეტაპი გავიარეთ. ახლა მთავარი სისწრაფეზე მუშაობაა და ალბათ, ამ თამაშების შემდეგ სრულად მომზადების დრო გვექნება".

13 ივლისს გორელთა წარმომადგენლები დანიაში ჩაფრინდებიან და "ორჰუსი"-"ოლბორგის" მატჩს დაესწრებიან - დანიაში სეზონი სწორედ ამ ტურით იხსნება.

13 ივლისს "დილაც" ითამაშებს - ჰამბურგში გორელებმა საკონტროლო მატჩი მესამე ბუნდესლიგელ როტ ვაისის "ერფურტთან" დაგეგმეს.

ცხინვალის "სპარტაკთან" სპარინგში დაშავდა გიორგი კახელიშვილი, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და "დილას" პრესსამსახურის ცნობით, უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. გუნდში აღარ არიან მცველი დავით მეგრელიშვილი და ნახევარმცველი რომან გოგინაშვილი; შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ მიდიან გოჩა ხოჯავა, რევაზ ბარაბაძე და გიორგი ილურიძე. გიორგი მამუჩიშვილი "დილას" მოთამაშეა, მაგრამ საქართველოში დარჩება და შესაძლოა, ბოლნისის "სიონში" გაანათხოვრონ.

გულშემატკივარი მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს გორელთა ყველა ახალწვეულს. გამონაკლისი ვაკო კაციტაძეა, რომელიც გორის "დილაში" ბოლნისის "სიონში" გატარებული სეზონის შემდეგ ბევრისთვის მოულოდნელად მიიწვიეს. უნდა ითქვას, რომ 26 წლის საყრდენ ნახევარმცველს ვარჯიშებსა და საკონტროლო შეხვედრებში თავი არ შეურცხვენია.

"ნორჩ დინამოში" რეზო გაგუას გაზრდილი საყრდენი ნახევარმცველი უცხოეთში ადრეულ წლებში წავიდა და ქართველი გულშემატკივარი ამიტომ არ იცნობს: 2004-05 წლებში ლიტვის ჩემპიონატის უამღლესლიგელ "ვილნიუსში" გამოდიოდა. საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია: 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ გუნდებში საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა, მაგრამ კაციტაძე "სიონამდე" დაიკარგა:
2006 წელს უკრაინაში, პირველი ლიგის ჩერკასის "დნიპროში" თამაშობდა. მერე ტრავმა მიიღო, რვა თვე გაუცდა და 2008 წლიდან 2,5 წელიწადი კვიპროსის პირველი ლიგის არადიპუს "ერმისში" გაატარა. 2011 საქართველოში დაბრუნდა და "სიონში" ჩაირიცხა.

ორკვირიანი გასინჯვის შემდეგ კაციტაძეს გორის "დილამ" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გერმანიაში კი გორის "დილა" შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

მეკარეები: მარინ სკენდერი, ბექა შეყრილაძე.
მცველები: კახა ალადაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ონიანი, გიორგი შაშიაშვილი, ლექსო ინწკირველი, დავით კვირკველია, ნიკოლოზ ჯიშკარიანი.
ნახევარმცველები: რომან ახალკაცი, ლაშა გვალია, გოგიტა გოგუა, შოთა გრიგალაშვილი, გიგა ბეჭვაია, ვაკო კაციტაძე, გიორგი აბურჯანია, ზურაბ არზიანი, შოთა კაშია, სანდრო გურული.
თავდამსხმელები: მიხეილ გორელიშვილი, გიორგი კახელიშვილი, ირაკლი მოდებაძე, მათე ვაწაძე.

"დილა" გერმანიაში გაემგზავრა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გოჩა ხოჯავა გორის "დილაში" რჩება, მაგრამ 6 თვე ვერ დაეხმარება
გორის "დილამ" საკონტროლო მატჩში "ვიტ ჯორჯია" დაარბია
სანდრო გურული გორის "დილაში" კიდევ ნახევარ წელს ითამაშებს
გორის "დილამ" ცხინვალის "სპარტაკს" ვერ მოუგო
შოთა გრიგალაშვილი და გოგიტა გოგუა გორის "დილაში" ითამაშებენ
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები "დილას". მგონი საქართველოში შემადგენლობის მხრივ ერთ-ერთი ძლიერი გუნდია.
zako
11:02 11-07-2012
0
მიხარია რომ დილამ ასე გააძლიერა გუნდი,ჩAMOIYVANA ქარტVEლI ლეგიონერები ასე YვEლა გუნდმა უნდა გაკეტოს
0

სიახლეები პოპულარული