თბილისის "დინამო": სოსო გრიშიკაშვილთან გაუგებრობა აუცილებლად ამოიწურება

AutoSharing Option
სოსო გრიშიკაშვილისა და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებამ აპოგეას მიაღწია. შეგახსენებთ, რომ მეკარის თქმით, კონტრაქტის დასრულებამდე მხრის სახსარზე ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ დაგვიანებით გაიკეთა, რადგან დაპირების მიუხედავად, "დინამომ" 6 000-ევროიანი ოპერაცია არ დამიფინანსაო.

ამას გარდა, გრიშიკაშვილი "დინამოს" ბრალს იმაშიც სდებდა, ბოლო თვენახევრის ხელფასსაც აღარ მიხდიდნენ, კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია კი შეხვედრაზე უარს ამბობდაო.

ცნობილია კლუბის პასუხიც: კონტრაქტის დასრულებისთვის "დინამომ" ფეხბურთელს საკონტრაქტო ვალდებულებებზე მეტი აუნაზღაურა, ოპერაცია კი იმიტომ არ დავუფინანსეთ, რომ კლუბთან შეთანხმებული არ ყოფილა, არც კლუბის ექიმს გაუკეთებია ოფიციალური მომართვა და ოპერაციასთან დაკავშირებით
ნებართვა არ გაგვიციაო.

მოკლედ, დიდი სკანდალი აგორდა - ერთი მხრივ, ხალხის საყვარელი კლუბი, მეორე მხრივ, ფეხბურთელი, რომლის წესიერებაშიც ეჭვი არასოდეს გაჩენილა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ისიც განაცხადა, რომ თუ მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, დავას ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტი გაარკვევსო.

"დინამომ" კიდევ ერთხელ სცადა ვითარების განმარტება - ამ მიზნით, კლუბის პიარ-მენეჯერმა ლაშა დვალიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

- სამწუხაროა, რომ სკანდალი რომან ფიფიას თბილისში არყოფნას დაემთხვა. "დინამოს" პრეზიდენტი უცხოეთიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდება და გარწმუნებთ, აუცილებლად მოეწყობა შეხვედრა და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც საჭიროდ ჩათვლის ორივე მხარე.

"დინამო" ის კლუბი არ არის, რომელიც პასუხისმგებლობას გაურბის და გადასახდელ თანხაზე უარს ამბობს.

- გრიშიკაშვილმა დაასახელა თანხა, რომელიც ოპერაციაში კლუბს უნდა გადაეხადა...
- ეს არის საკონტრაქტო საკითხი, რომელიც ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

- გრიშიკაშვილი ამბობს, რომ ბაზაზე არ შეუშვეს და ფიფიასთან დალაპარაკებაც ვერ მოახერხა...
- არა მგონია, "დინამოს" წევრებს პრეზიდენტთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეთ. იქ თუ სხვა ფაქტორი იყო, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

- იმედია, ეს მართლაც გაუგებრობა იყო და მალე ყველაფერი მოგვარდება, რადგან გრიშიკაშვილი არ არის უკადრებლის მკადრებელი პიროვნება...
- მეც იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა იყო და მოგვარდება, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ არც "დინამო" არის ის კლუბი, რომელიც უკადრებელს კადრულობს.

ვფიქრობ, ეს დავა ძალიან მალე ამოიწურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თვალსაზრისი: გულადის "დინამო" სარატოვი ჰგონია?
თბილისის "დინამოს" განცხადება სოსო გრიშიკაშვილთან დაკავშირებით
სკანდალი: თბილისის "დინამომ" სოსო გრიშიკაშვილი განგრენისთვის გაიმეტა
ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოსგან" ამას არ ველოდი...
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამო მოიქცა ძალიან უსინდისოდ, უპასუხისმგებლოდ და რაც მთავარია უკანონოდ და აგარ უნდა ხელის დაფარება. ლაშას არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ჩემი აზრით დინამო მკაცრად უნდა დაისაჯოს
irakli
17:21 12-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული