19 ივლისს გორის "დილა" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ "ორჰუსს" დაუპირისპირდება.
გუნდი ზამთარში საკმაოდ გაძლიერდა, მაგრამ ზაფხულში კიდევ უფრო სოლიდური მოთამაშეები დაიმატა - გოგიტა გოგუა, შოთა გრიგალაშვილი, გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ონიანი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, გულვერდ თომაშვილი, ვაკო კაციტაძე და ლაშა გვალია, რომლებიც ნებისმერ გუნდს დაამშვენებდნენ.
სიმართლე ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გულვერდ თომაშვილის ტრანსფერი იყო: თბილისის "დინამოს" გაზრდილი ახალგაზრდა მცველის გორში გადასვლა დიდი სიურპრიზი იყო.
გულვერდ თომაშვილს ინტერვიუ დანიაში თამაშამდე ჩამოვართვით.
- კონტრაქტი დამიმთავრდა და გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ რაღაცაზე ვერ შევთანხმდით. ამასობაში კი "დილამ" კარგი კონტრაქტი შემომთავაზა.
დასამალი რა არის, "დინამოს" ფეხბურთელებს სხვა ქართულ კლუბში გადასვლა უძნელდებათ. გამონაკლისი მეც არ ვარ. კარიერა "დინამოში" დავიწყე და სხვაგან არც მითამაშია, მაგრამ გავიდა დრო და ვითარება შეიცვალა.
- ერთი წლის წინ წარმოიდგენდი, "დილაში რომ" მოხვდებოდი? ალბათ, არა...
- საერთოდ, პირობებს გააჩნია. მაშინ "დილა" უმაღლეს ლიგაში გადმოსული სიმპათიური გუნდი იყო, ახლა კი გამორჩეული პირობები აქვს და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ლიგაში საუკეთესო შემადგენლობა გვყავს.
ცხადია, ერთი წლისწინანდელ გუნდთან უდიდესი განსხვავებაა და აქ თამაში ყველასთვის სასურველია.
- კონტრაქტი როდემდე გააფორმე?
- კონტრაქტი ერთწლიანია.
- წლეულს რა მიზნები გაქვთ?
- ამბიციებიდან, პირობებიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე, ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ და მჯერა, შედეგსაც მივაღწევთ.
გადახედეთ, რა ბიჭები არიან, უმრავლესობას ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია. ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები არიან - ამ გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლის რეალური შანსიც ექნება.
- თუმცა ჯერ შეთამაშება გაკლიათ...
- ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ერთმანეთს საერთოდ ვერ ვუგებთ. პირიქით, მოსამზადებელ ეტაპზე გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ზაფხულის შეკრება ძალიან წაგვადგა. როდესაც შევთამაშდებით, საქართველოს ჩემპიონატში სერიოზულ ძალად გადავიქცევით.
- "ორჰუსთან" მატჩსა და შანსებზე რას იტყოდი?
- დანიელებს კარგი დონის ჩემპიონატი აქვთ და კლუბებიც საშუალო ევროპულ დონეს ინარჩუნებენ. ცხადია, ძალიან მძიმე მატჩები გველის, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი შემადგენლობით "ორჰუსთან" მოგება შეგვიძლია.
გულვერდ თომაშვილი: მოგებისთვის ვიბრძოლებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილას" განაცხადი ევროპის ლიგისთვის ცნობილია
"ორჰუსმა" უეფაში განაცხადი წარადგინა
გორის "დილა" გერმანიაში გაემგზავრა
დავით დევდარიანი დანიურ "ორჰუსს" დაუბრუნდა
თემურ შალამბერიძე: "ორჰუსი" ვნახე. იმედია, შემდეგ ეტაპზე გორის "დილა" გავა