ერთი კვირის ათასი წვრილმანი: დიდი ამბავი "დავით აბაშიძეზე"

AutoSharing Option
აგერ ბატონო გამონათებაც - გორის "დილამ" სტუმრად დანიური "ორჰუსი" წააქცია და ვინძლო ერთდართი ქართული გუნდი გახდება, ევროსარბიელზე თამაშს რომ გააგრძელებს.

"დილა" ახლა სხვა ქართულ გუნდებზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს. ვერ გეტყვით, რამდენად ყაირათიანად აკეთებს ამას, მაგრამ ფულის ხარჯვა ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუფასდება.

ფულზე რომან აბრამოვიჩი და "ჩელსი" თუ გახსენდებათ, ვფიქრობ, არ უნდა მოგერიდოთ ამ მაგალითის მოშველიება ქართული რეალობისთვისაც. აბრამოვიჩის "ჩელსიმ" ბევრი ისეთი ტარნსფერი განახორციელა, ბევრის კრიტიკა რომ დაიმსახურა - რაში ყრის ეს კაცი ფულს? ვინ არის მისი მრჩეველი? რა
უნდა იხეიროს ფულის ასეთი ფლანგვით? იყო კითხვები და იყო "ჩელსის" წარუმატებელი ტრანსფერები, მაგრამ ფულმა თავისი მაინც გაიტანა, "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თითქოს არ ეკუთვნოდა მიუნხენის "ბაიერნთან" ფინალში გამარჯვება, მაგრამ თითქოს ღმერთმა დაუფასა იმ ხალხს ფულის ხარჯვა, "ჩელსისთვის" არაფერზე უკან რომ არ იხევდნენ.

"დილას" ისტორია ცოტა სხვანაირია, მაგრამ არსით თუ დავამსგავსებთ "ჩელსის", ცოტას გავიცინებთ და ცოტათი დავფიქრდებით კიდეც.

ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია, გიორგი შაშიაშვილი და გოგიტა გოგუა - მათ არც თუ მწირი სანაკრებო გამოცდილება აქვთ, გუნდში ასეთი ოთხი ფეხბურთელი რომ გყავს, "ორჰუსიც" უნდა დაამარცხო და იქნებ მასზე ცოტა ძლიერი გუნდიც.

გახსოვთ როგორი გოლი გაუტანა შაშიაშვილმა იტალიას? ბურთი ცაციაზე რომ გადაიტანა ოსტატურად და უზუსტესად რომ შეასრულა დარტყმა... გახსოვთ რამდენჯერ გამოადგა ნაკრებს გოგუა? რამდენჯერ ითამაშა გულიანად და ეფექტურად...

გახსოვთ სალუქვაძიმ მესის "ბარსელონასთან" რომ ითამაშა? გახსოვთ კვირკველია რა მაგარ ფორმაში იყო 2004 წელს, "დინამო" რომ გავიდა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე? გახსოვთ შოტლანდიასთან კვირკველიამ რა საგოლე პასი გადააწოდა დავით სირაძეს?

მასეა, ყველაფერი აქედან, გამოცდილებიდან მოდის, მაღალ დონეზე რომ გაქვს ნათამაშევი, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს აუღებ ალღოს.

ამ ოთხეულის გარდა, "დილას" კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, თუნდაც მათე ვაწაძე, რომელმაც იცის, რა არის გოლი...

საპასუხო მატჩი "დილას" თბილისში, "მიხელ მესხზე" აქვს, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და ბევრი ქომაგი ვერ დაესწრება შეხვედრას. ფეხბურთი კი პირველ რიგში გულშემატკივრებისთვისაა...

"დილას" კარგი ტემპი აქვს აღებული. ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და საქართველოს ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი კანიდიდატიც იქნება. "დილამ" უკევ მოახერხა და ქართულ ფეხბურთში სულ სხვა სიმაღლეზე აინაცვლა.

მოდი ახლა და იძახე, "დილაში" ფული უყაირათოდ ხომ არ იხარჯებაო.

რუსთავის "მეტალურგმა" კი ძალიან ჩვეულებრივად წააგო, ისე, რომ საკრიტიკოდ კალამი ვერ დაგემორჩილება. ერთი ეგაა, "მეტალურგს" გია კვარაცხელია და გიორგი თექთურმანიძე რომ ჰყოლოდა, იქნებ უფრო მეტი წინააღმდეგობა გაეწია პლზენის "ვიქტორიასთვის".

რა თქმა უნდა, ვერავინ გაკიცხავს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას იმის გამო, რომ მათ კიდევ ერთი ევროეტაპისთვის აღარ დაუთმეს "მეტალურგს" კვარაცხელია და თექთურმანიძე. "დინამოს" თავისი გეგმები აქვს, წინა სეზონის ჩაფლავება რომ აღარ გაიმეოროს, ამისთვის მუშაობს, ოღონდაც 21 წლის თექთურმანიძეს "პლზენთანაც" რომ ეთამაშა, გამოცდილებასაც გაიმდიდრებდა და ვინძლო სატრანსფეროდ უფრო საინტერესო ფეხბურთელიც გამხდარიყო.

"პლზენმა" სომეხი ედგარ მალაქიანი შარშან "პიუნიკთან" მატჩში მოიწონა და ამის მერე აიყვანა, ჩვენი თექთურმანიძე კი ამ ფეხმალ სომეხზე ნაკლები ნამდვილად არ არის.

და პაველ ხორვატი, "პლზენის" 37 წლის კაპიტანი, რომელმაც რუსთაველებს პატარა გაკვეთილი ჩაუტარა იმაზე, თუ რა არის ფეხბურთი. ხშირად ასეთი გაკვეთილი გაცილებით უფრო საინტერესო და დამაფიქრებელია, ვიდრე მწვრთნელის მიერ ჩატარებული თეორიული მეცადინეობა თეთრ დაფასთან.

"დინამოზე" კი ისიც უნდა ითქვას, რომ სოსო გრიშიკაშვილთან დავა წარმატებით მოაგვარა. წარმატებაში კომპრომისს ვგულისხმობ. როცა ადამიანს აქვს კომპრომისის უნარი, მასთან ურთიერთობა საინტერესო და სასიამოვნოა.

კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დაპირისპირების გაგრძელებას გრიშიკაშვილთან შეხვედრა და მოლაპარაკება ამჯობინა, ვფიქრობ, ამით ის იმ პრეზიდენტებზე თუ სხვა დიდმოხელეებზე მაღლა დადგა, ფეხბურთელებთან უთანხმოების დროს თავისას რქებით რომ აწვებოდნენ.

"ზესტაფონის" მარცხი "ნეფთჩისთან" კი ხინჯად გვრჩება. არადა, ვერ მოახდინა "ნეფთჩიმ" ის შთაბეჭდილება, რაც მაგალითად, "პლზენმა". ამიტომაც, უნდა ვიყოთ სასწაულის მოლოდინში.

"ზესტაფონს" შინ თამაში ემარჯვება, თუ ერთი გოლი გაუტანა მეტოქეს, თამაშს აძლიერებს და დაუნდობელი ხდება. ასეთი რამ არაერთხელ მოუხდენია "ზესტაფონს" და ვინ იცის, იქნებ ეს აზერბაიჯანის ჩემპიონთანაც გამოუვიდეს. არ არის "ნეფთჩი" ყველა პარამეტრით წინ "ზესტაფონზე", მასაც აქვს ღრიჭოები და სუსტი ადგილები.

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ კი ყველა იმ ადამიანს ოფიციალურად მოუბოდიშა, "ზესტაფონის" უსუსური ასპარეზობით რომ დარჩა გულნატკენი და პირობა დადო, გუნდი მომდევნო ეტაპზე გავაო.

ეს ძალიან თამამი განცხადებაა და ალბათ იმაზეც არის გათვილილი, რომ ზესტაფონში სტადიონი გაივსოს. სავსე ტრიბუნები ახლა ძალიან სჭირდება "ზესტაფონს", აზერბაიჯანის ჩემპიონისთვის პასუხის გაცემა ღირსების საქმე უნდა გახდეს.

"დავით აბაშიძეზე" 24 ივლისს დიდი ამბავი იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]
მეტალურგი-პლზენი 1:3 - ძლიერმა სუსტს აჯობა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილას გაუმარჯოს. დილას ვინც პატრონობს იმათ გაუმარჯოს. მე საერთოდ საზღვარ გარეთ ვცხოვრობ არ ვარ გორიდან ან ამ გუნდის პატრონთა ნათესავი მე მახარებს რომ ქართული გუნდი იმარჯვებს დაე ყველა ქართულმა გუნდმა გაიმარჯვოს.
kaxa
15:51 22-07-2012
0
ორშაბათს საღამოს 9 საათზე იწყება მაზუთიჭამიების ვარჯიში. მოგეხსენებათ რომ ბაქოში ჩვენ ფეხბურთელებს მატჩის წინა დღეს დაახლოებით 200 კაცი აგინებდა ტრიბუნებიდან.. ასე რომ ვისაც ენა გექავებათ გეპატიჟებით ზესტაფონში
ZESTA
21:07 22-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული