აზერბაიჯანის "ნეფთჩის" მეკარე: მინდა, ზესტაფონში კარი მშრალად შევინარჩუნო

AutoSharing Option
აზერბაიჯანის "ნეფთჩის" მეკარე რაუფ მეჰტიევი "აზერისპორტთან" ინტერვიუში "ზესტაფონთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ საპასუხო მატჩზე საუბრობს, რომელიც 21:00 სთ-ზე ზესტაფონში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა გუნდებს შორის ბაქოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

- მზად ხართ საპასუხო მატჩისთვის?
- პირველი შეხვედრის შემდეგ გუნდი კარგად მოემზადა. ზესტაფონში ყურადღებით უნდა ვიყოთ და არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ და იმ შედეგს მივაღწიოთ, რომელიც გვაწყობს.

- ბაქოში დიდი ანგარიშით მოგება არ იმოქმედებს თქვენზე საპასუხო შეხვედრაში?
- 3:0, რა თქმა უნდა, უპირატესობას გვაძლევს,
მაგრამ გვესმის, რომ არ უნდა მოვდუნდეთ. დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, თუმცა ამის მიღწევა იოლი არ იქნება.

- მეტოქეზე რას იტყვით?
- "ზესტაფონი" კარგი გუნდია. ბაქოში ამ კოლექტივმა ნორმალური თამაში აჩვენა. თქვენ თვითონაც ნახეთ, როგორ დაიწყეს მატჩი ზესტაფონელებმა. პირველი ტაიმის დასაწყისში ისინი სახიფათოდ მოქმედებდნენ და ერთ მომენტში გატანაც კი შეეძლოთ.

თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელით გამარჯვება. სიმართლე გითხრათ, მეტოქეს დაცვა იდეალური არ იყო. რაც მთავარია, გოლები გავიტანეთ.

- "ნეფთჩის" არაერთხელ მოსვლია მსგავსი რამ, როცა ევროთასების პირველ მატჩში შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი ცუდად მიდიოდა. მაგალითად, რუმინულ "ვასლუესთან" ან ავსტრიულ "რიდთან"...
- კი, იყო მსგავსი რამ, თუმცა არ ვაპირებთ, წარსულში მომხდარი სცენარი გავიმეოროთ. ამჟამად ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს და ის ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

- როგორ შეაფასებთ თქვენი გუნდის შანსებს მომავალ დაპირისპირებაში?
- რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ პირველი მატჩის შედეგს, უფრო მეტი შანსი "ნეფთჩის" აქვს, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, არ უნდა მოვდუნდეთ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სამ უპასუხო გოლს გავიტანდით.

ვფიქრობდი, რომ თუ გავიმარჯვებდით, მაშინ სადღაც 2:0-ს ან 3:1-ს. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ქართველები საკუთარ მოედანზე თავიანთი საუკეთესო თამაშის ჩვენებას შეეცდებიან და ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

- პლუს ამას, თუ ძირითადში გამოხვედით და გოლი არ გაუშვით, მაშინ შეძლებთ გაზარდოთ მატჩების რაოდენობა, რომელშიც კარი მშრალად შეინარჩუნეთ...
- ბუნებრივია, მინდა, კარი ისევ მშრალად შევინარჩუნო, მაგრამ ეს იმდენად არაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც გუნდის წარმატება.

ასევე იხილეთ:
ზესტაფონი VS ნეფთჩი - თავგანწირვა მოედანზე, ჯოჯოხეთი ტრიბუნებზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული