ლაშა დვალისთვის ბრძოლაში რუსულ "ზენიტს" ინგლისური "რედინგი" ეცილება

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ოთხეულში რომ მოხვდა, ამის შემდეგ გუნდის წამყვანი მოთამაშეების მიმართ ინტერესი უზომოდ გაიზარდა. ევროპელი სკაუტები და სპეციალისტები გააქტიურდნენ და ნიჭიერი ბავშვების გადაბირებას ცდილობენ.

მაგალითად, ნიკა ჭანტურია და დავით ჯიქია "ფრაიბურგში" ვარჯიშობენ, ლაშა დვალის მიმართ კი განსაკუთრებით დიდი ინტერესია.

იყო ლაპარაკი, რომ ის ან კიევის "დინამოში" ითამაშებდა, ან სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში". აღსანიშნავია, რომ ლაშა უკვე იყო რუსეთის ყოფილ დედაქალაქში და გუნდთან ერთად ერთი კვირა ვარჯიშობდა. ახლა კი "სოვეტსკი სპორტმა" რუსეთის პრემიერლიგის სატრანსფერო ცხრილში დვალი "ზენიტის"
საკუთრებად გამოაცხადა. არადა, სანკტ-პეტერბურგის შემდეგ 17 წლის ქართველი კიევის "დინამოში" ვარჯიშობდა.

ფეხბურთელის მწვრთნელის, გუბაზ დოლიძის თქმით, ამჟამად დვალი საფეხბურთო კლუბ "იბერია 2010"-ს ეკუთვნის, რომელიც მის მიერ არის დაარსებული და თავადვეა პრეზიდენტი. ახლა ეს კლუბი "ჩიხურასთან" გაერთიანდა და დუბლების ჩემპიონატში საჩხერელთა სახელით იასპარეზებს, მაგრამ ასპროცენტიანი მტკიცებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ნიჭიერ ბავშვს საქართველოში თამაში არ მოუწევს.

როგორც დოლიძემ გვითხრა, ლაშა დვალის მიმართ ინტერესს უკვე 10-მდე გუნდი ავლენს. "დინამოსა" და "ზენიტის" წინადადება სერიოზულია, მოლაპარაკება მიმდინარეობს და რაც უნდა უცნაური იყოს, ტრანსფერს მხოლოდ ქართული მხარის თანხმობა აკლია.

საქმე ისაა, რომ დოლიძე ფეხბურთელის ევროპულ კლუბში გაშვების მომხრეა, რადგან მიაჩნია, რომ დვალი პროფესიონალად იქ უფრო ჩამოყალიბდება. გადამწყვეტი კი ის ფაქტორია, რომ ახლა დვალით ინგლისური "რედინგიც" დაინტერესდა, ინგლისში თამაში კი ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ დაანებო გუბაზ რუსულ და უკრაინულ გუნდებს ტალანტები, გაფუჭდებიან და კარიერას აირევენ. თუნდაც ჰოლანდია და ბელგია ჯობს ტრამპლინად და პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად
antokeli
16:30 30-07-2012
0
ანტოკელი მართალი ხართითქმის ყველა რუსეთში და უკრაინაში ვინც წავიდა ერთ დონეზე დარჩა ასე რომ ფეხბურთელისთვის მხოლოდ და მხოლოდ ევროპაა განსავითარებლად კარგი
beqa
19:29 30-07-2012
0

სიახლეები პოპულარული