რა თანხებს მიიღებენ წლევანდელ ევროტურნირებში მონაწილე ქართული კლუბები

AutoSharing Option
ევროთასებზე მონაწილეობისთვის უეფა კლუბებს ანაზღაურებას ლამის ყოველწლიურად უზრდის.

თუ ადრე კლუბებს მხოლოდ ტრანსპორტირების თანხებს უნაზღაურებდა, მიშელ პლატინის უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ღარიბი ქვეყნების კლუბებისთვის ლამის საარსებო წყარო გახდა.

ამჟამად შემოსავლები ასე ნაწილდება:

ჩ.ლ. - ე.ლ.
საპრიზო ფონდი - 754 მლნ - 200 მლნ
საკვალიფიკაციო ეტაპის რაუნდი - 130.000 - 90.000
ჯგუფურ
ეტაპზე გასვლა - 3.8 მლნ - 640.000
ჯგუფური ეტაპის მატჩი - 550.000 - 60.000
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის - 3.3 მლნ, 6 მატჩი - 300.000, 6 მატჩი
ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის - 800.000 - 120.000
ჯგუფურ ეტაპზე ფრესთვის - 400.000 - 60.000
ჯგუფური ეტაპიდან გასვლისთვის - 3 მლნ - 1,2 მლნ
1/16-ფინალში გასვლისთვის - 200.000
1/8-ფინალში გასვლისთვის - 300.000
1/4-ფინალში გასვლისთვის - 3.3 მლნ - 400.000
1/2-ფინალში გასვლისთვის - 4 მლნ - 700.000
ფინალში გასვლისთვის - 5.2 მლნ - 2 მლნ.
გამარჯვებისთვის - 9 მლნ - 3 მლნ

* - შენიშვნა: ჩლ - ჩემპიონთა ლიგა; ელ - ევროპის ლიგა. თანხები მოცემულია ევროში

ჩემპიონთა და ევროპის ლიგის საპრიზო ფონდებს შორის დიდი განსხვავების შესამცირებლად და ამ უკანასკნელის პრესტიჟის გასაზრდელად, უეფამ "სოლიდარობის ფონდიდან" ადრეულად გავარდნილი კლუბებისა და ევროლიგის მონაწილეთა დახმარება გაზარდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კლუბი 7.1 მილიონ ევროს მიიღებს - 3.8 მილიონს ჯგუფში გასვლისთვის, 3.3 მილიონს ჯგუფის ექვსივე მატჩში მონაწილეობისთვის, ერთი მოგება კი დამატებით 800 ათასია.

ახლა იმაზე, წლევანდელი ევროთასებიდან ქართულმა კლუბებმა რა თანხები მიიღეს.

"ზესტაფონი"
ჩემპიონთა ლიგის ერთ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის დაწესებული თანხის გარდა (130 ათასი ევრო), უეფა ქვეყნის ჩემპიონს დამატებით 200 ათას ევროს ურიცხავს.

ანუ ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბაქოს "ნეფთჩისთან" გამოვარდნილი "ზესტაფონის" ბიუჯეტი 330 ათასი ევროთი შეივსება (თანხა ტურნირის შემდეგ დაირიცხება).

იმერული კლუბის წლიური ბიუჯეტი 4 მილიონ დოლარს არ აღემატება და ეს შემოსავალი არ გაამდიდრებს, მაგრამ არც აწყენს.

რუსთავის "მეტალურგი"
ალბანურ "ტეუტასთან" და პლზენის "ვიქტორიასთან" ევროპის ლიგის ორ ეტაპზე მონაწილეობისათვის რუსთაველები 180 ათას ევროს მიიღებენ.

მართალია, კლუბმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩი მოიგო, მაგრამ ამისთვის დამატებით პრემიალურ თანხას ვერ მიიღებს - ჩემპიონთა და ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში მოგებასა და ფრეზე უეფა თანხებს არ გასცემს.

ქუთაისის "ტორპედო"
"ტორპედო" პირველივე ეტაპზე ყაზახურმა "აქტობემ" გამოაგდო და იმერული კლუბი ყველაზე ცოტას დასჯერდა - ქუთაისელთა ბიუჯეტი მხოლოდ 90 ათასი ევროთი გამდიდრდა.

გორის "დილა"
საქართველოს თასის მფლობელმა ტიტულების სია გაიმდიდრა, მაგრამ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გამოტოვებისთვის ფინანსურად დაზარალდა და 90 ათასი ევრო მოაკლდა. მეორე ეტაპზე დანიურ "ორჰუსთან" მოგებით კი, მინიმუმ, 180 ათასი ევროთი გამდიდრდა.

თუმცა, იმედია, გორელები ფამაგუსტას "ანორთოსისის" ბარიერს გადალახავენ, კიდევ უფრო შორს გააღწევენ და სპორტული და ფინანსური წარმატებით ერთდროულად გაიხარებენ.

სატელევიზიო შემოსავლები
კლუბების ბიუჯეტი სატელევიზიო კონტრაქტებითაც მდიდრდება, მაგრამ ჩვენი კლუბებისთვის, ფაქტობრივად, შემოსავლის ეს წყარო დახურულია, რადგან ევროთასებს იმ ეტაპზე ეთიშებიან, სადაც ბევრს არავინ იხდის.

ასე რომ, ევროტურნირებიდან მიღებული შემოსავლებითაც ქართულ კლუბებში "ზესტაფონი" ლიდერობს.

ორი წლის წინ ევროპის კლუბების ასოციაციას ქართულმა კლუბებმა ევროთასების საწყისი ეტაპიდან გამოვარდნილი კლუბებისთვის უეფას სოლიდარობის ფონდიდან შემოსავლების 4,4 პროცენტის ნაცვლად, 10 პროცენტის გადახდის ინიციატივით მიმართეს.

წინადადება 14 ქვეყნის წარმომადგენლებმა გაიზიარეს და თუკი მისი გატანა უახლოეს წლებში მოხერხდება, ჩვენნაირი ქვეყნის ჩემპიონი მინიმუმ 750 ათას ევროს მიიღებს: 450.000-ს ჩემპიონობისთვის, ლიგის ერთი ეტაპზე მონაწილეობისთვის კი - 300.000-ს, ევროპის ლიგის ერთი ეტაპის მონაწილე გუნდი კი - 200.000 ევროს.

რეალობიდან გამომდინარე, ეს ქართული კლუბებისთვის სერიოზული დახმარება იქნება. თუმცა კლუბების ასოციაცია წინადადების განხილვას არ ჩქარობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული