02.08. თბილისი. მ. მესხი. 20:00. LIVE I არხზე
დილა(საქართველო) - ანორთოსისი(კვიპროსი)
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "დილასა" და "ანორთოსისს" შორის 2 აგვისტოს, "მიხეილ მესხზე" 20 საათზე დაიწყება და შეხვედრაზე დასასწრები ბილეთი 3 ლარი ეღირება.
თუმცა რეკონსტრუქციის გამო სტადიონზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და თამაშის ხილვა მხოლოდ 8 ათას მაყურებელს შეეძლება.
ქართულმა და კვიპროსულმა გუნდებმა მატჩის წინა დღეს ვაკის არენის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი ბალახის საფარი მოსინჯეს, ღია კი ვარჯიშის მხოლოდ საწყისი წუთები იყო.
"დილას"
თემურ შალამბერიძე: აქტიურად უნდა შევუტიოთ
- სხვადასხვა მიზეზის გამო "ანორთოსისთან" მატჩში გიორგი კახელიშვილი, ზურაბ არზიანი და გულვერდ თომაშვილი ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ მათ სრულფასოვანი შემცვლელები ჰყავთ და ყველანაირად ვეცდებით, თავი დადებითი კუთხით წარმოვაჩინოთ.
საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს და ვიმედოვნებთ, შემდეგი ეტაპის საგზური ჩვენ დაგვრჩება და არა ჩვენს მეტოქეს.
- "დილა"-"ორჰუსის" მატჩს "ანორთოსისიდან" მზვერავი დაესწრო. როგორ ფიქრობთ, იგი წინა და მოახლოებულ შეხვედრაშიც იგივე სურათს იხილავს?
- ჩვენი სტილი უცვლელია, თუმცა კონკრეტული მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე, სხვადასხვა ვარიანტსაც ვამუშავებთ.
"ორჰუსთან" თავიდან თამაში არ გაგვიხსნია, მაგრამ რაკი მეტოქემ გოლი გაგვიტანა, სტრატეგია შევცვალეთ და მატჩი საჩვენოდ შემოვატრიალეთ.
- მეტოქეს როგორ შეაფასებთ?
- ძლიერი და ტექნიკური გუნდია. "ანორთოსისის" ფეხბურთელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ლეგიონერები შეადგენენ. შანსები, ვფიქრობ, 50/50-ზეა.
- "ანორთოსისის" მწვრთნელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის თბილისში 1:2-იც ნორმალური შედეგი იქნება...
- არა მგონია, მეტოქეს აქ თუნდაც მინიმალური ანგარიშით წაგება უნდოდეს. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ანორთოსისს" გასვლით შეხვედრებში ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს.
- "ორჰუსთან" მატჩებში "დილას" ფეხბურთელებმა ბევრი გაუმართლებელი გაფრთხილება მიიღეს. ამ თემაზე თქვენს მოთამაშეებს თუ ესაუბრეთ?
- ვესაუბრე და დიდი იმედი მაქვს, ისინი უაზრო გაფრთხილებებს აღარ მიიღებენ.
- "ორჰუსთან" მატჩი 18 საათზე დაიწყო, ახლა კი 20 საათზე ითამაშებთ. ეს არჩევანი რით არის განპირობებული?
- დანიელებთან განმეორებით შეხვედრას ვთამაშობდით და წინაპირობა ისეთი იყო, რომ თამაშის გახსნა ხელს არ გვაძლევდა. ახლა კი პირველი მატჩია და აქტიურად უნდა შევუტიოთ. დიდი სიცხე კი ამაში ხელს ნამდვილად არ შეგვიწყობდა.
დილას შეტევა და გვიანი საღამო სჭირდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რონი ლევი: თბილისში გამარჯვებისთვის ვითამაშებთ!
გორის "დილა": "ანორთოსისთან" სიფრთხილე გვჭირდება
კვიპროსელები მათე ვაწაძეს უფრთხიან და ექსტრაკლასის თავდამსხმელს უწოდებენ
დილა-ორჰუსი 3:1 - გორის "დილამ" საქართველო ევროფიასკოსგან იხსნა [+VIDEO]
ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]