ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი: გიკვირთ ესტონეთის? დისციპლინა ამარცხებს კლასს!

AutoSharing Option
ესტონელი ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი ისეთი ფორვარდია, ბევრი გოლი რომ არ გააქვს. ასე იყო აქამდე და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს ის თავს "დინამოში".

გოლის გატანა არ არის ერთადერთი მოვალეობა თავდამსხმელისთვის. ვოსკობოინიკოვს არაერთ ქვეყანაში უთამაშია - ბელგია, შვედეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი. ეს იმის დასტური უნდა იყოს, რომ ის გამოცდილი და სასარგებლო მოთამაშეა.

როცა მოსკოვის "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო, ერთ-ერთ სეზონში ცხრა გოლიც გაიტანა, რაც ურიგო მაჩვენებელი არ უნდა იყოს.

ვოსკობოინიკოვი ახმახი თავდამსხმელია, 188 სმ სიმაღლის. ასეთი ფორვარდი "დინამოს" მართლა არ ჰყოლია ბოლო პერიოდში. "დინამომდე" ვოსკობოინიკოვი რუსული
"ხიმკის" ფეხბურთელი იყო და მასთან საუბარიც აქედან დავიწყეთ...

- რუსეთიდან ლეგიონერი საქართველოში არ მოდის, თუმცა თქვენი სახით გამონაკლისთან გვაქვს საქმე - რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება?
- იყო იმის შესაძლებლობა, რომ კვლავ რუსეთში გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ თბილისის "დინამო" ხომ ცნობილი ბრენდია, რომელსაც ევროპაშიც იცნობენ და ყოფილ საბჭოეთშიც.

ბოლო წლებში "დინამო" წარმატებული არ იყო, მაგრამ ახლა სწორედ იმას უნდა ვეცადოთ, რომ გუნდს ძველი დიდება დავუბრუნოთ.

- საკუთარ თავზე შეგიძლიათ იმის თქმა, რომ კლასიკური ცხრა ნომერი ხართ?
- "ხიმკიში" რომ ვიყავი, მომენტი ისე შეტრიალდა, რომ არცთუ ცოტა ხნით მცველად მომიწია თამაში. ექსტრემალურ სიტუაციაში ფეხბურთელმა ეს უნდა შეძლოს. ისე კი, ყველაზე სასიამოვნო და კომფორტული პოზიცია ჩემთვის თავდამსხმელობაა.

- ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელიც ხართ და აუცილებლად უნდა გკითხოთ - როგორ მოახერხა ესტონეთმა, რომ წინა შესარჩევი ციკლის შემდეგ პლეი ოფში გავიდა? საქართველოს ნაკრებისთვის ეს ჯერაც მიუღწეველია. არადა, ფაქტია, რომ ქართულ ფეხბურთს ესტონურზე გაცილებით მდიდარი ტრადიციები აქვს...
- საქართველოში ჩამოსვლამდეც არაერთხელ მსმენია იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ოღონდ შედეგს ვერ აღწევსო.

იმედია, თქვენ იპოვით ამის მიზეზს.

რაც შეეხება ესტონეთის ნაკრების პლეი ოფში გასვლას, კარგი თაობა მოგვდის და ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ თაობებს შორის დიდი წყვეტა არ არის, სულ რაღაც 2-3 წელია სხვაობა. შეთამაშებული გუნდი გვყავს. პლეი ოფში გასვლას კი თავდადებისა და დისციპლინის ხარჯზე მივაღწიეთ. მოედანზე დისციპლინა ამარცხებს კლასს.

- რამდენი გოლი უნდა გაიტანოთ "დინამოსთვის", სეზონის შემდეგ რომ თქვათ, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარო?
- მთავარია, რომ გუნდს გამოვადგე, პირად შედეგზე მნიშვნელოვანი ეს არის. ისე კი, რაც მეტს გავიტან, უკეთესი იქნება.

- "დინამოში" ენობრივი ბარიერი ხომ არ გაბრკოლებთ? ჩვენი ახალგაზრდობისთვის რუსული არ არის მთავარი უცხო ენა...
- ფეხბურთი სულ უფრო ინტერნაციონალური ხდება. "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც ძალიან კარგად იციან საფეხბურთო ტერმინოლოგია. "დინამოში" ესპანელებიც თამაშობენ. მოკლედ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის.

- "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი მკაცრი ხომ არ გეჩვენებათ? არცთუ ცოტა ხანს მოგიწიათ "დინამოში" გასინჯვაზე ყოფნა, მწვრთნელს უცბად არ მიუღია გადაწყვეტილება...
- "დინამოს" მწვრთნელს უყვარს დისციპლინა და ამ ფაქტორს წინა პლანზე აყენებს - ვფიქრობ, ჩვენ ეს ყველაფერი დაგვეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" - მეტი, ვიდრე ფეხბურთი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული