ზვიად სიჭინავა: საქართველოს ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება

AutoSharing Option
დაძაბული პოლიტიკური ბატალიების მიუხედავად, ქართული საფეხბურთო ოჯახი ჩვეული რეჟიმით ცხოვრებას განაგრძობს.

ჩვეულ საქმიან განწყობაზეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც, რომელიც "ლელოს" რუბრიკის მორიგი სტუმარია და ჩვენს გაზეთთან აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობს.

- 1 ოქტომბერს სამი წელი სრულდება, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. მოკლედ რას გვეტყოდით განვლილ პერიოდზე?
- უშუალოდ საფეხბურთო საკითხებზე არასდროს ვსაუბრობ, რადგან პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. მე შემიძლია გესაუბროთ მხოლოდ ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და პრობლემებზე.

უპირველესად, რასაც ხაზგასმით აღვნიშნავ, ის არის, რომ ჩემი პრეზიდენტობის
პერიოდში თერთმეტი სტადიონისა და ტექნიკურ ცენტრ "ბასას" რეაბილიტაცია განხორციელდა.

სტადიონებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თბილისში ("მიხეილ მესხი"), გორში, ფოთში, ქობულეთში, ლანჩხუთში, სამტრედიაში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, განმუხურსა და თელავში. ლანჩხუთის სტადიონი ახლა გაიხსნება, სამტრედიისა კი ძალიან ახლო მომავალში.

- როგორ აფასებთ ქართულ სტადიონებზე ხელოვნური საფარის დაგების ტენდენციას?
- პირდაპირ გეტყვით, რომ მე ამის წინააღმდეგი ვარ. ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ რაიონებში არ აქვთ ალტერნატიული მოედნები ბავშვთა ჯგუფებისთვის და ამიტომ უფროსებიც, დუბლებიცა და ბავშვებიც ამ ერთ ხელოვნურ მოედანზე ვარჯიშობენ და თამაშობენ. ბალახის საფარზე კი კვირაში მაქსიმუმ ორი მატჩის გამართვაა შესაძლებელი.

სწორედ ეს არის ხელოვნური მოედნის უპირატესობა, თორემ, რა თქმა უნდა, მისი დაგება კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. თანაც, ბუნებრივი და ხელოვნური საფარის ღირებულება ერთმანეთისგან მხოლოდ მცირედით განსხვავდება.

ოპტიმალურია გარემო, სადაც ქალაქის მთავარ სტადიონზე ბუნებრივი საფარია, მიმდებარე ტეროტორიაზე კი ბავშვებისთვის ხელოვნური მოედანია განთავსებული.

ზოგან ხელოვნურ საფარს გარემო პირობები მოითხოვს. ასე მაგალითად, ქობულეთის სტადიონზე ბალახის დაგებას ვგეგმავდით, მაგრამ ეს არენა ზღვასთან ძალიან ახლოს მდებარეობს და მარილი ბუნებრივ საფარს დააზიანებდა.

- ამჟამად თუ მუშაობს ფიფას პროგრამა "გოლი", რომელიც ჩვენნაირ ქვეყნებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ეხმარება?
- სამწუხაროდ, პროექტი ჯერაც არ განახლებულა, რადგან ფიფასა და უეფას ხელმძღვანელობას შორის სერიოზული დაპირისპირებაა და ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს წყალი აქვს შემდგარი.

- ბოლო სეზონებში დიდი პრობლემა შეგვიქმნა დიდთოვლობამ, რამაც ეროვნული ჩემპიონატის არაერთი ტური ჩაშალა...
- ამ პრობლემის გადაჭრაზეც ვიზრუნეთ და "მიხეილ მესხისა" და "ბასასთვის" სპეციალური გადასაფარებლები და სპეცტექნიკა შევიძინეთ.

ხელოვნურ მოედანს ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, თუმცა კლუბების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურობას ვერ ვხედავ.

მოგეხსენებათ, ხელოვნური საფარის თოვლისგან გაწმენდა არ შეიძლება, რადგან თოვლს კაუჩუკი მოჰყვება.

ცალკე საკითხია მოედნის მოვლა ჩვეულებრივ ამინდში და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ, ჩვენი კლუბები არც ამ მიმართულებით მუშაობენ. არადა, მათ ჩვენს სპეცტექნიკას ვთავაზობთ, გამოხმაურება კი ჯერ ძალიან მცირეა.

- ვემზადებით ევროპის 2015 წლის სუპერთასის მასპინძლობისთვის, რისთვისაც "მიხეილ მესხის" რეკონსტრუქცია გრძელდება.
- ამაზე საუბარი ძალიან ვრცლად შემიძლია, მოკლედ კი იმას გეტყვით, რომ ყველაფერი კეთდება ამ სტადიონის ევროპულ სტანდარტებამდე მისაყვანად. კეთდება სამი ვიპ-ზონა, ავტოსადგომები, ახალი შესასვლელები და ასე შემდეგ.

უახლოეს პერიოდში ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი და საშეჯიბრო განყოფილება სტადიონის შენობაში გადავა სამუშაოდ.

თანამედროვედ მოეწყობა "მიხეილ მესხის" გარე მოედანი, სადაც 5-ათას ადგილიანი ტრიბუნა აშენდება და იქ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების გამართვაც იქნება შესაძლებელი.

დეკემბერში უეფას სპეციალური კომისია გვეწვევა, რომელიც აქამდე გაწეულ სამუშაოებს შეაფასებს და ჩვენთან ერთად რეკონსტრუქციის სამომავლო დეტალებზე იმსჯელებს.

- დიდი პრობლემაა მსაჯობა. რა კეთდება მსაჯობის დონის ასამაღლებლად?
- მოხარული ვარ, რომ მოდის მსაჯთა ახალი თაობა. საკმაოდ ნიჭიერი და რაც მთავარია, წესიერი ბიჭები არიან და მათ ხელშესაწყობად ყველაფერს გავაკეთებთ.

აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და ხაზგასმით განვაცხადებ, რომ საქართველოს ჩემპიონატში მსაჯთა დანიშვნა მხოლოდ სამსაჯო განყოფილების პრეროგატივაა და კლუბებს ვურჩევ, ნუ აპელირებენ ამა თუ იმ მსაჯის კვალიფიკაციითა თუ წარმომავლობით. სამსაჯო განყოფილება იმ მსაჯებს, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს ცუდად ართმევენ, სათანადოდ სჯის.

გამოვეხმაურები "ჩიხურა"-"სიონის" მატჩის წინ მომხდარ ფაქტს, სადაც მთავარმა მსაჯმა ტრავმის მომიზეზებით უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე და შეხვედრას სათადარიგო მსაჯი გაუძღვა. ამ უკანასკნელმა ცუდად იმსაჯა და ერთი თვე დაისვენებს, ისევე როგორც მისი ტრავმირებული კოლეგა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. რა კონკრეტული მოთხოვნა წაუყენეთ მას?
- თემურმა ნაკრები უნდა გააახალგაზრდავოს. გვესმის, რომ ეს ხანმოკლე პროცესი არ არის და ასეთ მძიმე ჯგუფში ჩვენს ნაკრებს მეორე ადგილის დაკავებას ვერ მოვთხოვთ. თუმცა ჩვენმა გუნდმა თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს. იმაში კი უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება.

ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივრის აზრია, რომ საქართველოს ნაკრებში ხელშეუხებელი ფეხბურთელები არ უნდა არსებობდნენ. ასევე გულშემატკივრის პოზიციიდან გეტყვით, რომ ეროვნულ გუნდში დღესაც არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც საქმეს მთელი გულით არ ეკიდებიან.

უნდა შეწყდეს ულტიმატუმის ენით საუბარი ნაკრების მწვრთნელთან. ქეცბაია რომ გულღრძო ადამიანი იყოს, ლევან ყენიას ნაკრების კარს სამუდამოდ მიუხურავდა, ამის სანაცვლოდ კი პირადი კონტაქტებით მას ლვოვის "კარპატიში" გადასვლაში დაეხმარა.

მწირი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყურადღება არც ასაკობრივ ნაკრებებს მოვაკლოთ.

ბუნებრივია, კიდევ დიდხანს ვერ მივუახლოვდებით, მაგალითად, გერმანიას, რომლის 17-წლამდელთა ნაკრებსაც სლოვენიაში, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შვიდი პედაგოგი და ათი მასწავლებელი ახლდა, აღარაფერს ვამბობ თბილისში ჩამოსულ ესპანელებზე, რომლებმაც მხოლოდ ამ ვიზიტში მილიონი ევრო დახარჯეს.

გერმანელები ვახსენე და გაოგნებულები დავრჩით იმით, რომ ამ ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა სლოვენიაში ნაკრებს ავტობუსი თვითმფრინავით გაუგზავნა.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩვენს ჩემპიონატში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალი ამოწურულია?
- სულაც არა. უეფა საეჭვო მატჩებს სისტემატურად სწავლობს და ჩვენც სისტემატურად ვაწვდით მათთვის საინტერესო თამაშების ვიდეოჩანაწერს. უბრალოდ, ამის მოკვლევა დროში გაწელილი პროცესია და სიახლეები ყოველთვიურად არ არის.

- რატომ ვერ მოახერხა ფედერაციამ "სოკარის" გარდა სხვა მსხვილი სპონსორის მოზიდვა?
- ფაქტია, რომ ქართულ კომპანიებს ფეხბურთი დიდად არ აინტერესებთ, "სოკარის" მიმართ კი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანულმა კომპანიამ ამდენი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის და ჩვენი კომპანიები ასე პასიურობენ. ერთ მსხვილ ქართველ ბიზნესმენს საქართველო-ესპანეთის მატჩზე ბანერის შეძენა შევთავაზე, მან კი ჯერ გაიკვირვა, ესპანეთი აქ როგორ ჩამოდისო, მერე კი თქვა, ამ თამაშს წავაგებთ და არ მინდა, ჩემი კომპანია მარცხთან ასოცირდებოდესო.

ძალიან მწყდება გული, რომ საქართველოში ბევრმა არ იცის ფეხბურთის ფასი. არადა, მარადიული არავინ ვართ და მათ შორის არც ფედერაციის ხელმძღვანელობა. ქვეყანაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, ფეხბურთი კი მუდამ იარსებებს.

- რა მიგაჩნიათ თქვენი საფეხბურთო მოღვაწეობის მთავარ მიღწევად და შეცდომად?
- უშეცდომო არავინ ვართ, ეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. შეცდომები დავუშვი ხელოვნური მოედნებისთვის უპირატესობის მინიჭებისას, ნაწილობრივ ფედერაციის თანამშრომლებისა თუ ნაკრების მწვრთნელთა დანიშვნისას და ასე შემდეგ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა კი ჩემი ცხოვრების უდიდესი მიღწევაა და ასეთ მნიშვნელოვან როლს ცხოვრებაში სხვაგან ვერ შევასრულებ.

რაც მთავარია, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რასაც ძალიან კარგად ვაცნობიერებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
babangida, კარგით რა გეყოთ ციხის თემით სპეკულირება. შენც კარგად იცი, რომ ის ფაქტი ყველა ადამიანმა დაგმო, მათ შორის მჯერა მაგ კაცმაც. არ გინდათ რა კაი ბიჭობანას თამაში.
არა უსიმპატიურო ბაბანგიდა
10:38 01-10-2012
0
მადლობა ძმაო. რისი გამომსვლელია, თვითონაა სადისტი და ცინიკოსი :)
babangida
12:36 30-09-2012
0

სიახლეები პოპულარული