ლანჩხუთის სტადიონი გაიხსნა, მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება

AutoSharing Option
ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი კახაბერ ებრალიძე ესწრებოდნენ.

ამ დროისთვის "ევგრაფი შევარდნაძეზე" მთლიანად დასრულებულია მინდვრის საფარის გამოცვლის სამუშაოები, სრულად შეიცვალა სადრენაჟე სისტემა, დაიგო ბერძნული წარმოების ბალახი, რომელიც საბერძნეთიდან გაყინულ მდგომარეობაში ჩამოიტანეს. პარალელურად, დაიდგა ახალი, თანამედროვე კარები.

რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მისი სრულად დასრულება 2013 წელს მოხდება. ამას იუწყება ტაბლოზე გაკრული ბანერი.

როგორც იცით, მთლიანად დაინგრა დასავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნები, რომლებიც ავარიულ
მდგომარეობაში იყო. აღმოსავლეთ ტრიბუნაზე აიღეს ხის დასაჯდომები, ტრიბუნა შეიღება და მასზე დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამების სამაგრი კონსტრუქცია. თავად სკამების მონტაჟი კი წლის ბოლომდე დასრულდება.

დასავლეთ ტრიბუნაზე დამონტაჟდება 4800 ინდივიდუალური სკამი, საბოლოოდ კი არენა 9-10 ათას ქომაგს დაიტევს. ეს მას შემდეგ, რაც დასავლეთ ტრიბუნა აიგება, სადაც დამონტაჟდება მედია და პრეს-ლოჟები; ასევე, მოეწყობა გუნდების გასახდელები.

ამჟამად დასავლეთ მხარეს განლაგებულია ფიფას, უეფას, სფფ-ის და მისი სპონსორების სარეკლამო ბანერები.

შაბათსვე "გურიამ" განახლებულ არენაზე პირველი მატჩი ითამაშა და ამბროლაურის "რაჭას" 3:1 მოუგო. ლანჩხუთური კლუბი მეორე წელია, უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. გასულ წელს ცოტა დააკლდა, ამჟამად კი "გურია" პირველი ლიგის ა ზონას ლიდერობს.

სტადიონზე მინდვრის საფარის გამოცვლის ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის, ხოლო სტადიონის კეთილმოწყობა გურიის განვითარების ფონდიდან ხორციელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მალე ლანჩხუთის სტადიონს ვეღარ ვიცნობთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული