შეხვედრა წარსულთან: განრისხებული მესხი!

AutoSharing Option
ფეხბურთი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ქართველი კაცისათვის. ალბათ, ამის ყველაზე მკაფიო დასტურია მიხეილ მესხის თამაში.

ვინ მოთვლის, მესხით აღფრთოვანებულ გულშემატკივარს რამდენჯერ წამოუძახია, მიშკას ერთი ფინტი მირჩევნია მთელ თამაშსო!

საქართველოში ნამდვილად, და მგონი, მსოფლიოშიც, მესხი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც მარტო ქუჩაში კი არა, სტადიონზეც უკან დასდევდნენ თაყვანისმცემელნი.

სტადიონის რომელ მხარესაც საყვარელი მარცხენა გარემარბი თამაშობდა, იქით გარბოდა აღტყინებული გულშემატკივარიც: ვთქვათ, პირველ ტაიმში აღმოსავლეთის და სამხრეთის ტრიბუნების შესაყართან, მეორე ტაიმში კი იგივე ხალხი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა საპირისპირო მხარეს, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ტრიბუნების ზღვართან, ანდა პირიქით!

მესხი რომ ბურთით პირდაპირ მცველებზე ჯიქურ წავიდოდა და ფინტების კასკადით მიმოფანტავდა ყველას, სულ გვეგონა, მაშინ მიწისძვრა ხდებოდა და მოედანი ტორტმანებდა!

"ტატოს ფეხთა ქვეშ დედამიწა დატორტმანებდა", - ბრწყინვალედ თქვა მშვენიერმა პოეტმა ზაურ ბოლქვაძემ გენიოს ნიკოლოზ ბარათაშვილზე და ჩვენც, როცა მიშას თამაშს ვიხსენებთ, ზაურის მიბაძვით ვიმეორებთ გულში: მესხის ფეხთა ქვეშ მოედანი დატორტმანებდა!..

როცა მესხი მოედანზე აბობოქრდებოდა, მთელ გადაჭედილ სტადიონს რომ გადარევდა, მაშინ გაგიჟებული გულშემატკივარი სხვა სიტყვებს ვეღარ პოულობდა და თავდავიწყებით გაიძახოდა: - "შენი ჭირიმე, მიშკა, ღმერთი ხარ, ღმერთი!"

მესხის, მეტრეველის, ჩოხელის, კოტრიკაძის, იამანიძის, ბარქაიას, კალოევის, ხურცილავას, ზეინკლიშვილის, სიჭინავების, დათუნაშვილის, მელაშვილის, თბილისის "დინამოს" თაობას, უბერებელი ვეტერანის, დიდი ავთანდილ ღოღობერიძის მეთაურობით, საბჭოთა ბრაზილიელები უწოდეს რუსმა ჟურნალისტებმა, ხოლო მიხეილ მესხს მტკვრისპირელი გარინჩა შეარქვეს.

Sportall.Geმკითხველს შევახსენებ, ბრაზილიელ ჟურნალისტებს რომ ჰკითხეს, პელე უფრო დიდია თუ მარადონაო, უპასუხეს, ჯერ ის იკითხეთ, პელე უფრო დიდია თუ გარინჩაო...

მესხი ხომ #11 მაისურით თამაშობდა (ბავშვობიდან დაწყებული, ბოლო თამაშამდე, ყველგან მეთერთმეტე ნომერი იყო!) და ამის გამო მთელი საქართველოს ბიჭუნები თერთმეტნომრიანი მაისურებით დასდევდნენ ბურთს ეზოში, ქუჩაში, უბანში, სოფელსა თუ ქალაქში!

მესხის ფინტების კორიანტელით განიარაღებული, გაოგნებული არგენტინის ნაკრების მცველი ხუან სიმონე, თავის მშობლიურ სტადიონზე, ბუენოს აირესში, გამოეკიდა მანამდე უნახავ ფინტების მეფეს, ხელში აიტაცა და გულში ჩაიხუტა!

იგივე გაიმეორა ბრაზილიელმა სანტოსმა თბილისში, "ლოკომოტივის", ამჟამად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე!

ბრაზილიის ნაკრებმა 1965 წელს მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ნაკრებს რომ იოლად მოუგო 3:0, მესხი იყო ერთადერთი, რომლის შეტევები ვერაფრით შეაჩერეს სანტოსებმა და ბრაზილიის ნაკრების მთელმა დაცვამ, თუმცა მასპინძლებმა ვერც ერთხელ ვერ ისარგებლეს მესხის საგოლე პასებით.

თბილისში 1960 წელს ჩვენმა "დინამომ" 2:1 მოუგო მოსკოვის "სპარტაკს" და სსრკ-ის თასის ფინალში გავიდა.

მესხმა იმ თამაშში ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ის გოლიც და ყველა გოლი, რაც ოდესმე ვინმეს გაუტანია, მოგონილია იმასთან, რა სასწაულიც მესხმა იმ დღეს ჩაიდინა!

მიშკამ თავისი ფინტით მოატყუა მეტოქე (ყველა ხომ მისი ფინტი იყო, მაგრამ იმ ერთს ეძახდა ხალხი მესხის ფინტს, როცა ბურთს ერთი მხრიდან შემოუტარებდა მეურვეს და თვითონ მეორე მხრიდან შემოურბენდა, გაოგნებული მცველი კი სანამ შემობრუნდებოდა, მესხი მშვიდად განაგრძობდა შეტევას). სპარტაკელი თავისთავად ამოყირავდა, მიშკას თითიც კი არ დაუკარებია, როგორც ახლა იტყვიან, არც დაკონტაქტებია!

ამოყირავდა მოწინააღმდეგე, თავით მიწას დაასკდა, კისერი მოეღრიცა და ორივე ფეხი ტყუპად ჰაერში აპლაკა! გენიალური ფეხბურთელის შექმნილი ეს სულისშემძვრელი სურათი ბრწყინვალედ აღბეჭდა ფოტოზე გურამ თიკანაძემ: თავაწეული მესხი მეტოქის კარს გასცქერის, ბურთი წინ აქვს; წამიც, ზაურ კალოევი დაუძახებს: - მიხა (ასე ეძახდა ზაური!), გადმოკიდე!.. და მოხდება კიდევ ერთი სასწაული!.. ამოყირავებული სპარტაკელი კი მესხის გვერდით ცხვირ-პირით მიწას "ხნავს"!..

მესხი და მეტრეველი ფიფამ რომ მიიწვია მსოფლიოს ნაკრებში, მეტრეველი გაუშვა მოსკოვმა, მესხი - არა, ორი ქართველი მსოფლიოს ნაკრებში მეტისმეტიაო!.. ორი გენიალური ფეხბურთელიდან მეტრეველი იმიტომ ამჯობინეს რუსებმა, რომ სლავას თამაშის მანერა თვალშისაცემი არ იყო, მაშინ, როდესაც მესხი თავისი განუმეორებელი სტილით აჯადოებდა მტერ-მოყვარეს. შედეგიანობით კი სლავა უფრო შედეგიანი იყო მიშაზე.

იცოდნენ რუსებმა, გადარევდა მესხი მსოფლიოს და უყარე მერე შენ კაკალი!..

მესხის მოტყუებული მეტოქე ისე იბნეოდა, განძრევის თავი აღარ ჰქონდა და იდგა გაოგნებული! მეტრეველი კი ისე ელვისებურად მიჰქროდა მეტოქის კარისაკენ, თითქოს მიწას არ აკარებს ფეხსო და მცველები ბეჯითი ასისტენტებივით დასდევდნენ უკან...

თბილისის "დინამოს" რამდენჯერმე დააკარგვინეს ჩემპიონობა და თასი საბჭოთა მსაჯებმა. მხოლოდ 1964 წელს გატყდა ნავსი, ჩვენმა "დინამომ" გადამწყვეტ მატჩში 4:1 გაანადგურა მოსკოვის "ტორპედო" და პირველად გახდა სსრკ-ის ჩემპიონი! ქართველმა ერმა ეს დიდი გამარჯვება თბილისის სპორტის სასახლეში იზეიმა. მაშინ დიდებული კოტე მახარაძე, სხვა გულშიჩამწვდომ სიტყვებთან ერთად, ამ სიტყვითაც მოეფერა სლავას: "მეტრეველი ფეხბურთის მოცარტია!!!" იხუვლა ბედნიერმა ხალხმა და მაშინვე დაიქუხა ქართული მეტყველების მეფემ, ეროსი მანჯგალაძემ: "თუ მეტრეველი ფეხბურთის მოცარტია, მაშინ მესხი ფეხბურთის ბეთჰოვენია!!!" და სიხარულით გაგიჟდა ხალხი!..

ვითომ შემთხვევითია, ყველა, შინაურ-გარეულიანად, სულ მუსიკის გენიოსებს რომ ადარებს ჩვენს მართლაც გენიოს ფეხბურთელებს??

საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში გივი ჩოხელი (მარჯვენა მცველი), სლავა მეტრეველი (მარჯვენა გარემარბი) და მიხეილ მესხი (მარცხენა გარემარბი) ევროპის პირველი ჩემპიონები გახდნენ! ეს მოხდა 1960 წლის 10 ივლისს. ხუთი დღის შემდეგ თბილისის "დინამომ" 7:4 დაამარცხა ერევნის "არარატი" და იმ თამაშში ევროპის ჩემპიონმა მიხეილ მესხმა 4 გოლი გაიტანა.

კიდევ ხუთი დღის მერე ჩვენი "დინამო" სამარცხვინოდ, 1:5-ით დამარცხდა იმავე გუნდთან სტუმრად. წაგება და მოგება ძმები არიანო, ნათქვამია, მაგრამ წაგებას გააჩნია. როცა ვაჟკაცურ ბრძოლაში წაუგია "დინამოს", სააუგო არავის დაცდენია. ამჯერად კი ისე წააგეს ჩვენებმა, თითქოს სხვისი თამაშის საყურებლად არიან მოედანზე გამოსულნიო. მარტო ავთანდილ ღოღობერიძემ ითამაშა კეთილსინდისიერად და კიდეც გაიტანა გოლი ამ დიდოსტატმა. მაგრამ ერთი გოლი რას უშველიდა ამხელა სირცხვილს? გულშემატკივრის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა! განსაკუთრებით, მესხის თამაშს დაატყდა რისხვა!

- როგორ, ხუთი დღის წინ ოთხი გოლი გაუტანა "არარატს" და ახლა რა ეშმაკი ეტაკა!..
- არ მოინდომა, არა!.. ფეხებზე დაგვიკიდა გულშემატკივრები!..

ცალკე ზევით გადაირივნენ. დაიბარეს "დინამო" სადაც ჯერ არს და ყველას ტყავი გააძვრეს, მესხს კი - ორპირი. არადა, შემდეგი თამაში შინ როსტოვის არმიელთა ძლიერ გუნდთან ჰქონდათ. სწორედ როსტოველთა გუნდის ცენტრფორვარდი იყო ვიქტორ პონედელნიკი, მესხის პასით თავით რომ გაიტანა გოლი იუგოსლავიელთა კარში ევროპის თასის ფინალში და ამ გოლით საბჭოთა კავშირის ნაკრები ევროპის პირველი ჩემპიონი გახადა!

ამ საგოლე პასის შესახებ პონედელნიკმა თავის წიგნში დაწერა შემდგომ, - მესხმა ისეთი ნაღდი საგოლე ბურთი ჩამოაწოდა კართან, ის რომ არ შემეგდო, შეუძლებელი იყოო. და აი, ევროპაში ასეთი ტრიუმფიდან ორიოდე კვირის შემდეგ ფინალის გმირები თბილისში ხვდებიან ერთმანეთს, ამჯერად, როგორც მეტოქეები. პონედელნიკს რა უჭირს, მესხმა იკითხოს, სამარცხვინო წაგების მერე არ გინდა ძლიერ მეტოქესთან შინ თამაში?!

...მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე "დინამოს" ბაზაში ავედით ორი მეგობარი. გვინდოდა, გაგვემხნევებინა ბიჭები. შევაღეთ ბაზის ჭიშკარი და რას ვხედავთ, შესასვლელ გზაზე, მცხუნვარე მზეში დააბიჯებს მესხი. მივესალმეთ. პასუხად ისე შემოგვხედა, თითქოს პირველად გვხედავსო და უცებ ნერვიულად იყვირა, თქვენც? თქვენც იმათი გჯერათ?! მივხვდით, კაცი როგორ მოუშლიათ. მყისვე დავუყვავეთ, დაწყნარდი, მიშა, ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშალაო და აგერ, დღეს ხომ გაქვთ თამაში და...

- დღეს ხომ იქნებით სტადიონზე? - ისე გვკითხა, თითქოს არ იცოდა, სადაც ვიქნებოდით და განაგრძო: - ჰოდა, აბა ნახეთ, თამაშის დასაწყისში დიქტორი რომ მოთამაშეთა გვარების გამოცხადებას დაიწყებს, ხალხი რომ ატეხავს ჩვენს ლანძღვა-გინებას და მე ხომ სულ მიწაში ჩამდებენ. კარგად დაიხსომეთ, ხუთი წუთის შემდეგ იმ ხალხს სულ ხელისგულებს დავუხეთქავ ტაშისცემით!

- გვჯერა, მიშა, ჯერ არ გიქნია ეგრე თუ რა! - მაგრამ მესხი ჩვენ აღარ გვისმენდა, უცებ შებრუნდა და მტკიცე ნაბიჯით წავიდა. გაგვიკვირდა სიტყვაძუნწი მიშას ასეთი ტირადა, მაგრამ უცებ რომ დადუმდა და სახე გაუმკაცრდა, მივხვდით, გულს ჯავრი გადაეყარა და ისევ ის მრისხანე მესხი გახდა! შვებით ამოვისუნთქეთ. დარწმუნებული ვიყავით, იმ დღეს ხალხს უწინდებურად გადარევდა საყვარელი ფეხბურთელი!

რაკიღა მესხი გაგვშორდა, სხვა ფეხბურთელებს მივაშურეთ. ვიგრძენით, როგორ გვერიდებოდნენ, ეთაკილებოდათ სამარცხვინო წაგების ხსენება. ერთადერთი სერგო კოტრიკაძე გვესაუბრებოდა, თუმცა ისიც ძალიან განიცდიდა იმ წაგებას. სერგოს ენაწყლიანობის მიზეზი კი ის იყო, რომ იმ ავადსახსენებელ მატჩში მას არ უთამაშია, იმ დღეს "დინამოს" კარში სხვა მეკარე იდგა!

ამასობაში სტადიონზე წასვლის დრომაც მოატანა და ფეხბურთელებმა მიაშურეს ავტობუსს. ვიღაცამ დაგვიძახა, ბარემ თქვენც ჩვენთან ერთად წამოდითო და ასეც მოვიქეცით. დაიძრა ავტობუსი და მთელი გზა, დიღმის ბაზიდან დინამომდე, ისე ვიმგზავრეთ, კაციშვილს ხმა არ ამოუღია. მარტო მოტორის ხმა ისმოდა ავტობუსში.

სტადიონთან რომ მივედით, საგურამოსა და მაიაკოვსკის ქუჩების კუთხეში გაჩერდა ავტობუსი (ახლა იმ ქუჩებს სლავა მეტრეველისა და დავით ყიფიანის ქუჩები ეწოდება!). ფეხბურთელები წყნარად სხედან. გავიდა წუთი, ავტობუსი დგას. ჩვენ გაგვიკვირდა, ხმას რომ არავინ იღებდა. ვერ გავიგეთ, მეტისმეტი სიმშვიდის თუ მღელვარების გამო იყვნენ ფეხბურთელები დამუნჯებულები.

ბოლოს სულიკო თორაძე წამოხტა (ცენტრალური მცველი), კარი გააღო და მილიციელებს მკაცრად ჰკითხა:

- რა ხდება, რატომ არ გვიშვებთ?!
- არ შეიძლება, თამაშია! - უპასუხეს.
- მერე, "დინამოს" რომ არ უშვებთ, თქვენ ითამაშებთ მის მაგივრად?!

მილიციელები ეჭვის თვალით მიაშტერდნენ ავტობუსს. ამ დროს საიდანღაც გაჩნდა უფრო განათლებული მილიციელი და იყვირა:

- გაუშვით, თბილისის "დინამოა"!..

გაგვატარეს. ფეხბურთელები გასახდელისაკენ გაეშურნენ, ჩვენ - ტრიბუნებისაკენ. და აი, გუნდები გამოვიდნენ მოთელვაზე. ჯერ როსტოველები გამოჩნდნენ, რომლებიც ტაშით დააჯილდოვა მაყურებელმა; ჩვენების გამოჩენაზე კი ტრიბუნებზე სტვენა და "მაგარ-მაგარი" სიტყვები გაისმა.

დიქტორმა მოთამაშეთა გვარების გამოცხადება რომ დაიწყო, მაშინ ხომ ყურთასმენა აღარ იყო სტადიონზე. განსაკუთრებით, მესხის გვარზე გამოჭენდა ხალხი. არადა, მესხი მოთელვაზე არ გამოსულა. მხოლოდ მაშინ, როცა მსაჯმა გუნდები სათამაშოდ მოიხმო, მიშა თავდახრილი გამოვარდა გასახდელიდან. ამან სულ გადარია მაყურებელი!..

თამაში თბილისელებმა დაიწყეს. ბურთს მაშინვე დაეუფლა მესხი, ცენტრიდან მეტოქის კარამდე მოატყუა ყველა, თვითონ მეკარეც და გაიტანა პირველი გოლი! სულ მალე, ასევე ინდივიდუალური თამაშით, მეორე და მესამე გოლები გაიტანა (შეაგდო მეოთხეც, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა)! მესხის პასებით ზაურ კალოევმა და შოთა იამანიძემ ორ-ორი გოლი გაუტანეს სტუმრებს. "დინამომ" 7:2 მოიგო ის თამაში!

რა ხდებოდა იმ დროს ტრიბუნებზე? განსხვავებულად დაგვამახსოვრდა მეგობრებს. ოთარი ყვება, სანამ მესხმა მესამე გოლი არ გაიტანა, მაყურებელს ხმა არ ამოუღია და მხოლოდ მესამე გოლის შემდეგ იხუვლა სტადიონმაო. მე კი მახსოვს, პირველივე გოლზე გალხვა გულშემატკივრის გაქვავებული გული და სიხარულით ცას ეწია ხალხი!

თუმცა იმას რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა ახსოვს. მესხმა სიტყვა შეასრულა, სტადიონზე მოსული ათიათასობით გულგასიებული, მესხზე უზომოდ გაბრაზებული გულშემატკივარი უმალ მოინადირა და, მართლაც, ტაშის ცემით ხელისგულები დაახეთქინა აღტაცებულ ხალხს! ბედნიერია ის გულშემატკივარი, ვინც თავისი თვალით იხილა იმ დღეს განრისხებული მესხი!

ამ სასწაულის შესახებ ხშირად ვყვებოდით ხოლმე და ერთხელაც ხასანა (იგივე გიორგი ნადირაძე, ახოვანი კაცი, პროფესორი, ისტორიკოსი) გვეუბნება, ახლა მე მომისმინეთ, რა დამემართა იმ დღესო. გულგასიებული ვზივარ სტადიონზე და ერთი სული მაქვს, დაიწყოს დიქტორმა ფეხბურთელთა გვარების გამოცხადება, რომ საკადრისად "შევამკო" ყველა და განსაკუთრებით, მესხიო! გაისმა ეთერში ჩვენების გვარები, იღრიალა სტადიონმა, მეც მოვრთე ღრიალი და მესხის გვარზე ხომ სულ გადავირიეო!

დაიწყო თამაში და მიშა რომ სასწაულების ჩადენას შეუდგა, წამსკდა ცრემლი და ძლივსღა დავინახე როსტოველთა კარში შევარდნილი ბურთი. რამდენიმე წუთში მესხს მეორე გოლი გააქვს. იმასაც ლანდად ვხედავ, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის ამხელა კაცს და მრცხვენია, რომ დამინახავენ...

ვცდილობ, დავმალო აცრემლებული თვალები, მაგრამ როგორ? თვალებზე რომ ავიფარო ხელი, მესხს ვეღარ დავინახავ!.. მარჯვენა ხელი კი ავიფარე გვერდიდან, მაგრამ მარცხნივ რაღა ვქნა (ხასანა ცალხელა იყო)? არადა, მარცხნივ ზის ათიოდე წლის ბიჭუნა და ალალი, ბავშვურად გაკვირვებული თვალებით შემომჩერებია ამხელა ატირებულ ბიძიას. მის გვერდით მამამისი მჯდარა. მიუბრუნდა ეს ბიჭი მამამისს და მწარედ გავიფიქრე, ეტყვის ახლა ჩემზე და დამიწყებს ის კაცი ლაილაის. მართლაც, მომიბრუნდა კაცი, ხელი მხარზე მომითათუნა და ჩემზე უფრო თვალცრემლიანმა აკანკალებული ხმით მითხრა:

- ნუ ტირი, ძმა, ნუ ტირი... - და ისევ წასკდა ცრემლი. აქეთ მე გადავფიჩინდი და ცრემლის ღვარი დავაყენე სტადიონზე. ვეღარც მესხის მესამე გოლი ვნახე წესიერად და ვერც ზაურის და შოთას გოლები. შენ მოგეცა ჩემი ცოდვა, მიშკა, რას გამხეთქე ტირილით ამხელა კაცი, - იმ თამაშის გახსენებაზე სულ ამას ვამბობ გულში!..

აი, ასეთი სიხარული მიანიჭა იმ დღეს თბილისის "დინამომ" ქართველ ერს, მიხეილ მესხის სასწაულების წყალობით!

დიახ, ფეხბურთი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ქართველი კაცისათვის.

ზურაბ რატიანი
ოთარ ღვაბერიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
სტატია შესანიშნავია, ემოციებით დავიტვირთე.
ზეფეხბურთელი იყო მესხი, მაგრამ იცით რატომ? მისთვის ქართველობა საამაყო იყო, თამაში - სიამოვნება, მოგება კი ვალდებულება...
Davita
17:01 09-10-2012
0
მესხი---- საოცარი მოვლენა იყო ფეხბურითის საყაროში და კიდევ რამდენი ქართველი გენიალური ფეხბურთელია რომლებიც საკადრისად არ ა
sxva vano
12:35 09-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული