კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?

AutoSharing Option
"დინამო", სულზე უტკბესო - თემა იმდენად ვნებიანია, გაგრძელება აუცილებლად ექნება. შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" დამფუძნებლები კლუბის დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებენ, ანუ იმ გუნდის, რომელსაც ახლა "დინამო თბილისი" ჰქვია და რომლის პრეზიდენტიც რომან ფიფია გახლავთ.

მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერა რომ დაიწყო, თბილისის "დინამო" კერძო სტრუქტურის ხელში აღმოჩნდა. "დინამო" საბჭოთა კავშირის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო, მერე კი კლუბის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახდა, შინაგან საქმეთა სამინსტროს კი კლუბის წილის 10 პროცენტი დარჩა.

90-იან წლებში რა ვითარებაც იყო ქვეყანაში, კარგად
მოგეხსენებათ. "დინამო" არსებობას აგრძელებდა, საქართველოში პირველობა არ დაუკარგავს, რამდენიმე სარფიანი ტრანსფერიც განახორციელა, ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებს ფეხბურთელებს აწვდიდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ იყო "დინამოში", მაგრამ კლუბი ცოცხლობდა და საქმე კეთდებოდა.

ჟორდანია 1998 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, "დინამოს" კი მისი მეგობრები უძღვებოდნენ.

კლუბი შპს "ბერმუხას" ეკუთვნოდა. პირველად სწორედ იმ პერიოდში მოექცა ფეხბურთი სახელმწიფოს მაღალჩინოსანთა ინტერესებში, რადგან აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მანიპულაციით ამ საქმიდან არცთუ ცოტა ფულის შოვნა შეიძლებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ კახა თარგამაძე იყო და დაიწყო ის, რაც სხვადასხვა ფორმით აქამდე გრძელდებოდა - ფეხბურთი ძვირიანი რამეა და ესეც ჩვენი უნდა იყოსო.

"დინამოს" მაშინ არ ულხინდა, შემოსავლები შემოაკლდა, მაგრამ ავად თუ კარგად, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდს ინახავდა, ოღონდაც იმ "დინამოს" სახელისუფლებო წრეებში ლობი არ ჰყავდა, რაც იმის საშუალებას იძლეოდა, რომ "დინამოს" მაშინდელი მფლობელისთვის დარტყმა მიეყენებინათ.

იმ პერიოდში აქტუალური გახდა კახა კალაძის ტრანსფერის თემა - კალაძე თბილისის "დინამოდან" გადავიდა კიევის "დინამოში", იქიდან კი "მილანში". ამბობდნენ, რომ კალაძის რეექსპორტში თბილისის "დინამოს" გარკვეული თანხა უნდა აეღო.

მკაფიო პასუხი ამ ყველაფერზე არ ჩანდა, იყო მხოლოდ ვერსიები. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, საქმეში კახა თარგამაძე ჩაერია, კიევის "დინამომაც" გადაუხადა რაღაც თანხა თბილისურ "დინამოს", ოღონდაც ეს ფული კლუბში მივიდა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერაც უცნობია...

რამდენად არის ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს, ალბათ, ახლაც ძალიან საინტერესოა. საქმეს კი ასეთი გაგრძელება მოჰყვა - საქართველოში დაბრუნდა რუსეთში გაოლიგარქებული ბადრი პატარკაციშვილი.

"დინამო" დროებით შინაგან საქმეთა სამინისტროსი გახდა. "ბერმუხა" არაფრის დათმობას არ აპირებდა, ამიტომაც აუცილებელი გახდა იურიდიული ნიუანსის მოგვარება და სწორედ ამას მოჰყვა ის, რომ გუნდს "დინამო თბილისი" დაერქვა.

მალე კი "დინამო თბილისის" მფლობელი ერთ-ერთი ოფშორული კომპანია გახდა, რეალურად კი "დინამო" პატარკაციშვილს შეაჩეჩეს.

როგორც ამბობენ, ამ ყველაფრის შემდეგ თბილისის "დინამოს" დამფუძნებლები შეხვდნენ პატარკაციშვილს.

ოლიგარქს უთქვამს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თქვენ კუთვნილ "დინამოს" დაგიბრუნებთო.

ოფიციალურად, ინტერვიუში ეს ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია თბილისის "დინამოს" არც ერთ დამფუძნებელს, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამის დროც მოვა.

ამ ჯენტლმენური შეთანხმებიდან გავიდა 2-3 წელი და საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, "ვარდების რევოლუცია" მოხდა.

ახალმა ხელისუფლებამ ფეხბურთზე ტოტალური კონტროლი განიზრახა, რაც შეასრულა კიდეც. ჟორდანიამ არ თქვა უარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე. ის რამდენჯერმე დააპატიმრეს, რის შემდეგ იძულებული გახდა საქართველოდან გადაბარგებულიყო.

ამას მოჰყვა ხელისუფლების და პატარკაციშვილის დაპირისპირება. პატარკაციშვილი ლონდონში გარდაიცვალა.

მის აქაურ ქონებას სხვები დაეპატრონნენ, მათ შორის, ტელეკომპანია "იმედსაც". ვის დარჩა "დინამო"? კლუბს მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე უძღვებოდა, ფორმალურად კი ვისი იყო კლუბი, აქაც ვერსიები ჩნდებოდა; სახელდებოდა ჯოზეფ კეიც...

"დინამო" ასე დიდხანს ვერ გააგრძელებდა ფუნქციონირებას, კლუბს სათანადო ინვესტიციები სჭირდებოდა, მაგრამ ვინ იყო ფულის გადამხდელი?! საქმეში ისევ ხელისუფლება ჩაერთო.

კულუარული ინფორმაციით, "დინამოს" საკითხის მოგვარება თბილისის მერს, გიგი უგულავას დაევალა. ამის პარალელურად, მერაბ ჟორდანიამ პატარკაციშვილის მეუღლესთან სცადა მოლაპარაკება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოლიგარქის ქვრივს ხისტი პოზიცია არ დაუკავებია, მაგრამ საქმე ხომ უკვე ვარდებით მოსულ ხელისუფლებას ჰქონდა აღებული.

უგულავა არ უნდა იყოს წინდაუხედავი ადამიანი. კონფიდენციალურმა წყარომ გვაცნობა, რომ ქალაქის მერი "დინამოს" უწინდელ დამფუძნებლებთანაც ცდილობდა შეთანხმების მიღწევას და ამავე დროს, სახელმწიფოს პოლიტიკის გატარებასაც "დინამოსთან" მიმართებაში.

შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქარხანა "აზოტი" ახალ მფლობელს გადაეცა, "დინამო თბილისსაც" ახალი პატრონი გამოუჩნდა - რომან ფიფია.

"დინამოს" ძველმა დამფუძნებლებმა თავიანთი ინტერესების დაცვა სპორტულ არბიტრაჟში განიზრახეს, თუმცა ამ იდეას გაგრძელება არ მოჰყვა, "დინამოს" საქმის გარჩევა ყველასთვის სარისკო იყო, რადგან ყველამ იცოდა, რომ განახლებული "დინამოც" სახელმწიფო პროექტი იყო.

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია შეჯანჯღარდა, სარბიელზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.

ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ასეთი იყო: თუ გავიმარჯვებთ, სამართლიანობა ძალიან მალე აღდგება.

თბილისის "დინამოს" დამფუძნებლებიც ალბათ ამით არიან შეგულიანებულები. რომ არა ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები, ისინი საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლას ვერ მოახერხებდნენ, მათი მცდელობა ფუჭი იქნებოდა.

ვინ არიან "დინამოს" დამფუძნებლები? მერაბ რატიანი, ნუკრი კაკილაშვილი, რომიკო შოთაძე... შესაძლოა, აქ სიზუსტემ მიმტყუნოს, მაგრამ უწინდელი "დინამო" ალბათ ამ ხალხისგან შორს არ დგას.

და კიდევ: ამ საგაზეთო წერილში ბევრი კულუარული ინფორმაციაა მოყვანილი და ყველაფერს რომ ხორცი შეესხას, "ლელოს" რომელიმე უახლოეს ნომერში თბილისის "დინამოს" ერთ-ერთ დამფუძნებელთან ინტერვიუს ვაპირებთ, რისი წინასწარი თანხმობაც უკვე მივიღეთ.

ფაქტია, "დინამოს" საქმეს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება. პატარკაციშვილი ცოცხალი რომ იყოს, ეს ძალიან გააადვილებდა მტყუან-მართალის დადგენას.

ზემოხსენებული ჯენტლმენური შეთანხმება, თუ ის მართლა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, იქნებ უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე იურიდიული ნიუანსები.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
წერილის ავტორს მოვლენები არ განვითარდება ჟორდანიას სასარგებლოთ
Rezi
16:20 25-10-2012
0
წერილის ავტორს ჟორდანიას სასარგებლოთ
მოვლენები არ განვითარდება
Rezi
16:13 25-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული